ნინო ზოზიაშვილი, 17 წლის, თბილისი/ცხინვალი

„მამას ბიჭი შვილი არ ჰყავს და ალბათ, ამიტომ 6 წლის ასაკში მე დამსვა პირველად კარტინგზე. ზუსტად იმ მომენტიდან ვარ შეყვარებული ამ სპორტზე. მამაც ამბობს, რომ მაშინვე შეამჩნია ჩემში პოტენციალი. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ავტოსპორტში, დაბადებიდან ვარ ჩართული, რადგან მამა 35 წელია ამ სპორტით არის გატაცებული და მე ჯერ კიდევ თვეების ვიყავი, როცა დედა დროშასავით დამატარებდა რბოლებზე. მაგრამ, მერე იყო 2008 წლის ომი და დიდი სტრესი. მე ცხინვალიდან ვარ და ომის შუაგულში აღმოვჩნდით რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ორი წლის წინ კი სასწავლებლად საფრანგეთის სკოლაში წავედი და ამ პრობლემების/გარემოებების გამო ისე გამოვიდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მქონდა აქტიური შეხება ავტოსპორტთან.

საქართველოში სულ რამდენიმე თვეა დავბრუნდი და მაშინვე აქტიურად ჩავერთე. ჩემი დებიუტი აღმართის დაძლევის შეჯიბრზე შედგა სიღნაღში. მანამდე კი მქონდა წარმოდგენილი სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე მანქანაში ჩავჯექი, რომელიც უკვე სტარტთან იდგა და დაძვრამდე წამებს ითვლიდნენ, სულ სხვა შეგრძნება დამეუფლა. იქ მივხვდი, რომ ავტოსპორტი ნამდვილად ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს.

ჯერჯერობით მე შტურმანი ვარ, ანუ ეკიპაჟის მეორე წევრი. შტურმანი პილოტისთვის იგივეა, რაც თვალები ადამიანისთვის, რომელიც სტენოგრამის საშუალებით კარნახობს სად როგორი გზა ან მოსახვევია და მრბოლელის მოძრაობას აკონტროლებს. ამიტომ, 80% მაინც არის ჩემზე დამოკიდებული. გადამწყვეტია, რომ ჩემგან მიწოდებული ინფორმაცია სწორ დროს და თან ზუსტი იყოს, ანუ წინასწარ ვხედავ გზას მძღოლის თვალებით. ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მამას შტურმანი ვარ და მას ვკარნახობ გასავლელი გზის სირთულეებს. ხშირად ხუმრობენ ჩვენს ოჯახურ წყვილზე და შეჯიბრის შემდგ დაჯილდოვებაზეც „ზოზიაშვილების ოჯახად“ გვაცხადებენ ხოლმე. თუმცა, მამა-შვილობა შიგნით მანქანაში არასოდეს იგრძნობა. იქ ვართ შტურმანი და პილოტი. სანამ საჭესთან მე გადავჯდები, ასე ვემზადები და ვსწავლობ. დიდი გეგმები მავქს ამ მიმართულები და მამაც მხარს მიჭერს, რომ მომავალი წლიდან უკვე მარცხნივ, ანუ საჭესთან გადავჯდე. მაგრამ, მანამდე მინდა, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვიყო საკუთარ თავში.

არ დაგიმალავთ, არსებული გაცვეთილი სტერეოტიპის გამო – „რა უნდა გოგოს ავტოსპორტში“ – მოლოდინი მქონდა, რომ მეტი დისკომფორტი შემექმნებოდა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ისე მოხდა, რომ დადებითი გამოხმაურებებიც ბევრი იყო. ჩემი რბოლის ფოტოები სხვადასხვა გვერდებზე როდესაც გავრცელდა, ცხადია უკვირდათ, მაგრამ აღფრთოვანებასაც გამოხატავდნენ. არაერთი სკეპტიკური შეტყობინებაც მივიღე, სადაც მწერდნენ ასეთი ნაზი და ლამაზი გოგო, რბოლებში რატომ მონაწილეობ, ან მომავალი დედა ხარ და რა გინდა ამ სპორტშიო. ჰო, ამას მწერენ 17 წლის გოგოს. მინდა ვთქვა, რომ მე ჯერ კიდევ დიდხანს ამას არ ვაპირებ, მაგრამ არც დედობას უშლის ეს სპორტი ხელს და არც მამობას.

მახსოვს ერთ-ერთ გვერდზე ჩემი ფოტო დადეს, სადაც შუშა ჩამსხვრეულ მანქანასთან ვდგავარ და იქ წერდნენ „ხო, ეტყობა რომ გოგო იყო საჭესთანო“. სინამდვილეში კი, მამაჩემს დაავიწყდა „კაპოტის“ ჩაკეტვა და ამან ჩაგვიმსხვრია შუშა და მე საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი. მსგავსი კომენტარები კი ვერ გამაჩერებს, მაგრამ უსამართლობის განცდას მიჩენს. ჩემთვის არსებობს ცუდი მძღოლი კაციც და ცუდი მძღოლი ქალიც. მანქანის მართვა არის გარკვეული უნარი და სქესთან კავშირში არ არის. ლეგენდარული მრბოლელი ქალები არსებობენ, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან კაცებს. მაგალითად, ავიღოთ ფრანგი მიშელ მუტონი, რომელიც ჩემთვის მისაბაძია და უძლიერესი მრბოლელია. ჩემს შემთხვევაში, სქესთან ერთად მოქმედებს ასაკი და ჩემი ფემინური გარეგნობაც, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულებები მოდის ქალებისგანაც და არამხოლოდ, კაცებისგან.

რაც შეეხება ამ სფეროს შიგნით მიმღებლობას, იქ ძალიან ოჯახური სიტუაციაა, რადგან ყველა ყველას იცნობს. ამიტომ, უარყოფითი დამოკიდებულებები ჩემი სქესის გამო არ მიგრძვნია. პირიქით, მამას ხშირად ეუბნებიან ნახევრად ხუმრობით, შენ თავი დაანებე და ახლა ეს გადასვი მარცხნივო.

ქალებისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მთავარია ჩვენ რა გვინდა და არა კაცები რას ფიქრობენ იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან მინდა, რომ შევხვდე გოგოებს, რომლებსაც აინტერესებთ ეს სპორტი და მომავალში ერთად ჩამოვაყალიბოთ რამე ახალი. თუკი ვინმე დაინტერესდება, მომწეროს. ძალიან გამიხარდება მათი გაცნობა.

გასულ კვირას საქართველის აღმართის დაძლევის თასი იყო ცხვარიჭამიაში, სადაც მე და მამამ პირველი ადგილი ავიღეთ. ამის წინა შეხვედრაზე სიღნაღში კი მეორე ადგილი. მამა აქამდე, ძირითადად, მესამე ადგილს იღებდა, ზოგჯერ კი პოდიუმზე საერთოდ ვერ ადიოდა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ შტურმანობასთან ერთად გამოვიდა, რომ მისი თილისმაც ვარ. წინ კავკასიის თასი გველის, რომელიც თიანეთის ახალ ტრასაზე გაიმართება და ახლა ამისთვის ვემზადებით.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები