ნუკრი (მაიკო) ტაბიძე, ასაკი 27, თბილისი

ბავშვობის ჰორორ სთორი

„ზუსტად ვიცი, როცა ამას ქალი მკითხველი წაიკითხავს, ბევრს საკუთარი ისტორიაც გაახსენდება, რადგან იმ კულტურაში სადაც ვართ, ეს ამბები არა ერთერული შემთხვევა, არამედ გავრცელებული და წახალისებული პრაქტიკაა. სექსუალურ შევიწროებაზე მინდა ვისაუბრო.
პირველად 11 წლის ვიყავი, ეს რომ შემემთხვა. თბილისში, მოქმედი პოლიკლინიკის ზედა სართულზე ვცხოვრობდით დევნილები. ჩვენთვის ცალკე, ე.წ. შავი შესასვლელი გააკეთეს უკანა მხრიდან. სწორედ იქ, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად მხვდებოდა ერთი ახალგაზრდა შუახნის კაცი, რომელიც ჩემს დასანახად მასტურბირებდა. ბავშვი ვიყავი და იმას ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ამიტომ შეშინებული, მხოლოდ გაქცევით ვშველოდი თავს.

ცოტა მოგვიანებით, უკვე თინეიჯერობის ასაკში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ, ყოველ დილით მიწევდა სკოლაში წასვლა მიწისქვეშა გადასასვლელის გავლით. ეს მიწისქვეშა გადასასვლელი იყო გოგოების ბრძოლის ველი. დღე არ გავიდოდა, ვინმე რომ არ დაგხვედროდა, აგკიდებოდა, ხელი არ მოკიდებინა, რამე ეროტიული შინაარსის რეპლიკა არ ეთქვა. ჰოდა, სანამ ძალა მყოფნიდა, სუნთქვაშეკრული გავირბენდი ამ მონაკვეთს და ვცდილობდი თვალი დამეხუჭა ყველაფერზე. მერე ვცდილობდი აღარ მესარგებლა მიწისქვეშათი და ზემოდან გადავსულიყავი. ერთხელ პატრულმა გამაჩერა და ჯარიმის გამოწერას აპირებდა. არ მივეცი პირადობის მოწმობა, ვუთხარი, წამომყოლოდა მიწისქვეშაში და თავისი თვალით ენახა, რატომ არ ვსარგებლოდი ამ გზით. არ წამომყვა. არც ჯარიმა დაუწერია. უბრალოდ ძალიან შერცხვა. მაშინ და არ ვიცი ალბათ არც ახლა, ბევრმა სამართალდამცველმა არ იცის რა ქვია ქუჩაში ქალების ამგვარ დევნას. ეს არის სექსუალური შევიწროება ქუჩაში. ამ თემაზე რომ დავიწყე ლაპარაკი სხვებთან, კაცებისგან ზუსტად მსგავსი რეაქციები წამოვიდა „კი მაგრამ ჩვენ როგორ ვერ ვამჩნევთ თუ ასე ხშირად ხდება?“ თუმცა დროთა განმავლობაში თვითონაც დაიწყეს დაკვირვება მათაც, ვისაც ეს „არ ეხება,“ „გონია, რომ არასდროს შეემთხვევა“ ან „არ გონია ყურადღების ღირსი“. სახელიც კი არ ვიცოდი ისე ძალადობის ამ ფორმას ჩემი მეთოდებით გამოვუცხადე ბრძოლა რაც უპირველესად ლაპარაკში გამოიხატებოდა.

ჩემი ბრძოლა – არ დავთმოთ ქუჩა ღამით

ამ ბრძოლაში ერთი შემთხვევა დამეხმარა. იმავე მიწისქვეშა გადასასვლელში ერთ დილით შემხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გარბოდა. გვირაბის მეორე მხარეს 25 წლამდე გოგო იდგა და მელოდებოდა, როდის მივუახლოვდებოდი. აღმოჩნდა, რომ ამ გოგოს იმ კაცმა გვაერდით ჩავლისას მკერდზე აარტყა ხელი. გოგოსაც სწრაფი რეაქცია ქონდა, შეუტრიალტდა და ხმამაღლა დაუწყო ჩხუბი. თან როცა დამინახა, დამელოდა, რომ მეც არ აღმოვჩენილიყავი მსგავს სიტუაციაში და ერთად გაგვევლო დარჩენილი მანძილი. ამის მერე ვისწავლე, როგორ უნდა დავპირისპირებოდი ასეთ ძალადობას გაქცევის გარდა. დამალვით და იგნორით კი არა, მხილებით და სხვა გოგოების გაფრთხილებით და გვერდში დგომით. იმიტომ, რომ როცა გხედავენ ქალს გეშინია, გრცხვენია, ჩუმად ხარ, უფრო მეტი ლეგიტიმაცია ეძლევა მოძალადეს კიდევ ბევრჯერ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. თან მერე აღმოვაჩინე, რომ ამაში ახალი არაფერია: დედაჩემი მიყვებოდა 90-იანებში თვითონაც რომ უწევდა სამსახურიდან საღამოს დაბრუნებულს იმავე გვირაბის გავლა, სხვა ქალებს ელოდებოდა, ერთმანეთის გარეშე არ გადიოდნენ გვირაბს, არც მეგობრები იყვნენ, არც მეზობლები, არც რამე იცდნენ ერთმანეთის შესახებ იმის გარდა რომ ბნელი და საშიში გვირაბი ქონდათ ზამთარში საღამოს 7 საათზე ერთად გასავლელი.

ამ ეტაპზე ჩემთვის სექსუალური შევიწროება ქუჩაში შედარებით ადვილად გასამკლავებელი სიტუაციაა. პირიქით, ხშირად ღამით დავდივარ ქუჩაში და ჩემი მხრიდან ეს ერთგვარი პროტექსტია, ქალად მონიშნული ადამიანის პროტესტი, რომ დიახ, არ მეშინია მოძალადის, დიახ, მე ვამხელ მას, არ გავიქცევი და არ დავთმობ ღამე ქუჩას.
არასოდეს მიფიქრია, რომ ის კატეგორია კაცების, რომლებიც მოზარდებს სექსუალურად ავიწროებენ, „ავადმყოფები“ არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება და კულტურა ამ მასობრივი პრობლემის ინდივიდუალიზებას აკეთებს, ერთეულ შემთხვევებს მიაწერს და ზოგადად ფსიქიკური პაციენტების სტიგმატიზირებას ახდენს. როგორ შეიძლება ეს ერთეული, გადახრების მქონე პაციენტების შემთხვევა იყოს, როცა მეც და ჩემს მეგობრებს გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა დაოჯახებული კაცი, მეოჯახის სტატუსით, 15 წლის გოგოს დაუჯდება და ფეხზე ეფერება, ან ტრაკზე ან მკერდზე მოუსვამს ხელს. საქმე იმაშია, ვის როგორ გაუვა. ზოგადად პედოფილიის ტირაჟირება ყოველდღიურად ხდება პატრიარქატულ კულტურაში, თუნდაც ნაადრევი ქორწინების დაშვებით, ასევე იმ კულტურული ნორმით, რომელიც გკარნახობს, რომ ქალი ასაკით პატარა უნდა იყოს, კაცი კი დიდი. პედოფილია წახალისებულია არა მარტო საქართველოში, პრაქტიკულად ყველგან. ამერიკაში მაგალითად იმართება ბავშვების სილამაზის კონკურსები, 13-14 წლის მოდელები ყავთ. იმის თქმა მინდა, რომ პატრიარქატულ კულტურაში ქალის სექსუალურ ობიექტად მონიშვნა ადრეული ასაკიდან იწყება და ამას კაცების დიდი ნაწილი ყოველთვის იყენებს და გამოიყენებს თავისი სურვილებისა და ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. და საზოგადოებისგან აქვთ ამის ლეგიტიმაცია.

ჩემი იმედგაცრუება

ის ფაქტი, რომ ქალის სექსუალური შევიწროება ლეგიტიმურია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა 2 წლის წინ, ფოტოკამპანიაში „ამხილე მოძალადე“ ჩავერთვე. ამას წინ უძღოდა შემთხვევა, რომელიც ტაქსიში გადამხდა. ჩემზე ასაკით ბევრად უფროს დაოჯახებულ მძღოლს მივყავდი სამსახურეობრივი მივლინებით ახალციხეში. გზაში პოლიტიკაზე ვსაუბრობდით და „ციხის კადრები“ გავიხსენეთ. ამაზე ძალიან აგრესიული გახდა. ისედაც მთელი გზა ზედმეტად ფამილარული იყო, მაგრამ ის რაც მითხრა, უკვე მოლოდინს გადააჭარბა. კაცის გაუპატიურება არის შეურაცხმყოფელი, თორემ ქალები უნდა გააუპატიურო, აბა რა უნდა ქნაო. თანაც ეს ქალებს ძალიან მოსწონთო. პოტენციური მოძალადე კაცის წინაში აღმოვჩნდი ტრასაზე და რომ ეძალადა, ფიზიკურად ვერც კი მოვერეოდი. ჰოდა ეს ისტორია დავწერე პოსტერზე და ფოტო გადავიღე. უცებ გავრცელდა სოციალურ ქსელში. არ შემპარვია ეჭვი, რომ მხარდაჭერა არ მექნებოდა საზოგადოებისგან, რადგან ძალიან თვალსაჩინო ამბავი იყო.

თუმცა საპირისპირო მოხდა. დაიწყეს ჩემი დამუნათება და ლანძღვა იმის გამო, რომ თურმე მე ვახდენ ტასისტების სტიგმატიზირებას და დისკრიმინაციას. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ეს ტალღა იმ ადამიანების მიერ აგორდა, ვისგანაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას ველოდი, ვისაც აქვს პრეტენზიები ადამიანების უფლებების დაცვაზე, აქვთ გარკვეული (ან მეგონა რომ ქონდათ) ღირებულებათა სისტემა და ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ საზოგადოებაში აფრქვიონ თავისი აზრები. ირაკლი ვაჭარაძე, გური სულთანიშვილი იყვნენ პირველები, ვინც ამ ისტორიაში ჩემზე ძალადობის რისკი კი არ დაინახეს, არამედ დამადანაშაულეს, რომ ვამხილე მოძალადე, რომლის სახელიც კი არ მიხსენებია და საჯაროდ ითხოვდნენ ჩემგან ბოდიშის მოხდას. ყველაზე რთული გასაძლები ის იყო, რომ 3 დღის განმავლობაში ჩემი ფოტოს ქვეშ იწერებოდა მუქარის შემცველი გამოხმაურებები: ზოგი სადარბაზოში დახვედრით და მოკვლით მემუქრებოდა, ზოგი ჯგუფურ გაუპატიურებას გეგმავდა, ზოგიც წერდა, რომ მე რა გასაუპატიურებელი ვარ, იმიტომ რომ უშნო ვარ. ძალიან სარისკო სიტუაციაში აღმოვჩნდი, იმიტომ რომ ჩემი ფოტო გავრცელდა და ადვილად იდენტიფიცირებადი ვიყავი და თავისუფლად შეეძლო გარკვეულ ჯგუფებს, ეს მუქარები სიცხადეში მოეყვანათ. იმ პერიოდში ჩემმა 10 წლის მოსწავლემ მითხრა, შენი სურათი ვნახე ფეისბუქზე და რას ნიშნავს გაუპატიურებაო. ძალიან განვიცადე ეს ამბავი. და გული დამწყდა, რომ იმ ადამიანებს, ვისგანაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას ველოდი, პროგრესულად მიმაჩნდა, ერთი მხარდამჭერი სიტყვაც კი არ დაუძრავთ ამ მუქარების წინააღმდეგ. ეს იყო კაცების ძალიან კარგად აპრობირებული ტაქტიკა, რომელსაც ხშირად და ეფექტურად იყენებენ – როგორც კი ხმას ამოიღებ მსხვერპლს ადანაშაულებენ და რეალურ დამნაშავეს ახალისებენ.

სექსუალური შევიწროება არის ქალზე ეკონომომიკური ძალადობა

სექსუალური შევიწროება ქუჩაში ქალზე ძალადობის მხოლოდ ერთი ნაწილია. გაცილებით რთულადაა საქმე, როცა მსგავს სიტუაციაში ქალი სამსახურში აღმოჩნდება. ჩვენ გვაქვს უკვე გახმაურებული ისტორია, შალვა რამიშვილის მონაწილეობით, როგორ დაკარგა სამსახური თათია სამხარაძემ, სწორედ იმის გამო, რომ ის გარკვეულ სექსუალურ შეთავაზებებს არ დათანხმდა უფროსისგან. სამსახურებრივ სიტუაციაში, კიდევ უფრო რთული სამტკიცებელია სექსუალური შევიწროება ქალისთვის და ამის საჯაროდ მხილება დიდ გამბედაობას მოითხოვს. განსაკუთრებით თუ ძალაუფრებრივ სქემაში, დაბალ რგოლს წარმოადგენ, ძალიან ადვილი შესაძლებელია, უბრალოდ სამსახური დაკარგო. შენი უარი, შენი არა, გახდეს საბაბი დამქირავებლისთვის, რომ სხვა მიზეზებით გაგიშვას სამსახურიდან და სწორედ იმიტომ, რომ არც კანონი გვაქვს, არც ღირებულებები, არც განათლება და საერთოდ არც კი ვიცით, რა ქმედებებს დავარქმევთ სექსუალურ შევიწროებას, კაცი ყოველთვის მოგებულ პოზიციაშია, ქალი კი გარდა იმისა, რომ იქით ადანაშაულებს კულტურა, შემოსავლის წყაროსაც კარგავს. ამიტომ მიმაჩნია, რომ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას ეკონომიკური ძალადობის სიბრტყეზე უნდა განიხილებოდეს და არა უბრალოდ კულტურის მოწყვეტილ პრობლემად.
გამოსავალი არა შედეგებთან, არამედ მიზეზებთან ბრძოლაშია
ძალიან კარგია, რომ ქალებმა ამ ბოლო დროს ხმამაღლა დაიწყეს საუბარი საკუთარ გამოცდილებაზე. სხვადასხვა ისტორიებით, სექსუალური შევიწროება აბსტრაქტული განზომილებიდან თვალსაჩინო მაგალითებში გადადის და საზოგადოება სახელდებას უკეთებს პრობლემას, რაც მანამდე კულტურულ და ეკონომიკურ ნორმად იყო მიჩნეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოძალადის სახელით მხილებაც, რაც მის დარცხვენას და შესაბამისად, მისი მხრიდან მსგავსი ქმედებების შემიცირების ალბათობას გამოიწვევს. ამით შევებრძოლებით მხოლოდ შედეგებს.

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ იპოვნოს გამოსავალი, როგორ უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს. გარდა საყოველთაო მობილიზებისა და ქალების ჯანყისა, აუცილებელია ამ საკითხების განათლების ფორმალურ სისტემეში ინტეგრირება. პატრიარქატულ კულუტრაში პატაობიდანვე აჩვევენ ბიჭს იყოს ასერტული, მომთხოვნი, მომპოვებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ასწავლიან, რომ კარს თუ დაუკეტავენ, ფანჯრიდან უნდა გადავიდეს. გოგოს კი აჩვევენ იყოს მომთენი, მორჩილი, ამტანი. კაცის და ქალის ასეთ სახე-ხატებს განათლების სისტემაში არსებულ სახელმძღვანელობშიც ბევრს შეხვდებით. და თუ შევძლებთ, სწორი ღირებულებების შეტანას განათლების და აღზრდის ფორმალურ თუ არაფორმალურ სისტემაში, აღზრდაში, მჯერა, რომ ასეთი განსხეულება – მომპოვებელ კაცად და მორჩილ ქალად, ნელ-ნელა მოირღვევა და ქალზე ნებისმიერი ფორმის ძალადობის მიზეზებთან ბრძოლაც უფრო წარმატებული იქნება ვიდრე მხოლოდ ინდივიდუალური მოძალადის დასჯა.“

ავტორი: მაია ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები