ოლგა ენდელაძე, 46 წლის, მარნეული

“პროფესიული საქმიანობა
—————————————–
წლებია ვხელმძღვანელობ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას, რომელიც ძალიან დიდი და ძლიერი ორგანიზაცია არ არის დღეს, მაგრამ ადგლობრივ დონეზე სხვადასხვა საკითხებზე მუშაობის საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ხშირად შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში წასვლა. მგონია, რომ დღეს უფრო ეფექტური ზეგავლენა შემიძლია მოვახდინო ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე იმ ადგილიდან, სადაც ვარ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიაში ყოფნით შევძლებდი. თან ვხედავ, რომ არც პოლიტიკურ პარტიებში და არც ინსტიტუციებში არ არის მართვის ეფექტური სისტემემები. პოლიტიკურ პარტიაში შესვლით ხდები სისტემის ნაწილი, მაგრამ ვვერანაირ გავლენას ვერ ახდენ, თუ არ ხარ ამ სისტემის სათავეში.

ქორწინება
——————————————-
ჩვენ ხომ იმ აზროვნებით გვზრდიდნენ ბავშვობიდან, რომ საბჭოთა კავშირი ერთი ქვეყანაა. ამიტომ, 21 წლის ასაკში უკრაინიდან აქ რომ მოვდიოდი, ვერ წარმომედგინა, რომ საქართველო არის სულ სხვა მენტალიტეტის, ტრადიციების და კულტურის ქვეყანა. ეს, ალბათ, ერთი-ორი წლის შემდეგ გავიაზრე. ხოლო ის რეალობა, რომ მე სულ სხვა კულტურის მატარებელი ვარ, კიდევ უფრო გვიან მოვიდა. უკვე 25 წელია მარნეულში ვცხოვრობ და ახლაც ვგრძნობ, რომ მე ისევ „სხვა“ ვარ. იგივე განცდა მაქვს უკრაინაში ყოფნისასაც. იქაც უცხოდ ვგრძნობ უკვე თავს და ერთი სული მაქვს ხოლმე დავბრუნდე, რადგან აქ არის ჩემი სახლი.

მე, ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვიყავი იმ გოგოებიდან, რომელიც უკრაინაში და რუსეთში სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასულ ქართველ მამაკაცებზე ქორწინდებოდნენ. 90-იანი წლებში, დანგრეულ ქვეყანაში ჩამოვედი საცხოვრებლად, სადაც არ იყო შუქი, გაზი, პური და თან ქუჩებში ისროდნენ. მახსოვს, მეორე ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, აქ მშობიარობის შემეშინდა და უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე. მთელს აეროპორტში მარტო ასაფრენი ბილიკი იყო განათებული გენერატორით. უკრაინაში ჩასულს შუქი, სითბო და სიწყნარე დამხვდა. მაშინ გავიფიქრე „ვაიმე, სად ვარ და რას ვაკეთებ იმ ქვეყანაში?“. ამაზე პასუხი არ მქონდა და საქართველოში დავბრუნდი.

ქორწინების პირველ წლებში რატომღაც ამ მიდგომით ვცხოვრობდი, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს, მხოლოდ ოჯახზე იზრუნოს, ქმარს თვალებში უყუროს და მისი თვალებით იყუროს. ეს მეგონა კავკასიური კულტურა და ვცდილობდი მოვრგებოდი. მაგრამ, ენა როდესაც ვისწავლე, მივხვდი, რომ ეს არის „ტრადიციად“ მონათლული გაუნათლებლობა და სინამდვილეში, ქალის ჩაგვრას არაფერი აქვს საერთო ქართულ კულტურასთან. თან მეც გავიზარდე, როგორც ქალი და მივხვდი, რომ ეს გაუგებარი „ტრადიციები“ კაცების პიროვნულ განვითარებას აჩერებს ჩემს ირგვლივ მაშინ, როცა მე დროს არ ვკარგავ და ვიფართოებ ჩემს შესაძლებლობებს. ბოლოს და ბოლოს 6 შვილი მყავს და ფული სადმე ხომ უნდა ვიშოვო?! თან იმ ასაკში ვარ, როცა თვითრეალიზაციის მოთხოვნილებაც მაქვს. ერთ-ერთი ფსიქოლოგიური კვლევის დასკვნა წავიკითხე და ჩამრჩა, რომ 40 წლის ასაკამდე ქალი თუ მხოლოდ სამზარეულოში დარჩა, მას პიროვნული განვითარების პოტენციალი ეკარგება. მას მერე ხშირად ვაკვირდები გარშემო ქალებს და მართლა უკან-უკან მიდის ბევრი ქალის პოტენციალი. რატომ ხდებიან დედამთილები ყველაზდე სასტიკი ქალები საქართველოში? სწორედ იმიტომ, რომ ამ ქალებს თვითრეალიზება არ ქონიათ, რადგან არასოდეს უმუშავიათ, ან 20-30 წელი ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებდნენ, რაც არ აძლევთ განვითარების შესაძლებლობას. მაგრამ, მათ ბუნებრივად აქვთ თვითრდამკვიდრების მოთხოვნა, რასაც გარკვეული ასაკის შედმდეგ, უკვე, სხვა ქალის ჩაგვრით ცდილობენ. ჩვენს რეალობაში, დედამთილების ფენომენი არის ყველაზე საშინელი მოვლენა ქალების ურთიერთბებში. სწორედ ამიტომ, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. შეიძლება დიპლომები არ მაქვს, მაგრამ ბევრი პროფესია შევიძინე და ახლა სულ სხვა გარემოში ვარ. მაგრამ, ქალების უმრავლესობა ამას არ აკეთებს. სამზარეულოდან გამოსულს ურჩევნია თავისუფალი დრო სალონში გაატაროს, ვიდრე დრო თვითგანათლებას დაუთმოს. წარმოიდგინეთ, მაგალითად, იმ 40 წელს გადაცილებული ქალის ცხოვრება, რომელსაც არსად არასოდეს უმუშავია. შვილებიც გაიზარდნენ, საკუთარი ცხოვრება აქვთ და რა აკეთოს აღარ იცის. ამიტომ, მუდმივად მსხვერპლის როლშია, რადგან მან ხომ საკუთარი ცხოვრება შვილებს და ოჯახს შესწირა. მერე რა, მეც ვზრდი შვილებს, მაგრამ ეს არ არის გმირობა და თავადაც გრძნობენ ეს ქალები უკვე შუა ასაკში, რომ ფუჭი მსხვერპლშეწირვა იყო ეს მათი მხრიდან. მე არ ვამბობ, რომ ოჯახის მიხედვა და ბავშვის აღზრდა ტყუილი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ამის კეთებით კმაყოფილი თუ არ ხარ ქალი, ამის აღიარება სირცხვილი არ არის.

მთავარი ბარიერი
—————————————
თავიდან ყველაზე დიდი ბარიერი ენა იყო. წლების განმავლობაში ჩემით ვმეცადიენობდი და ვცდილობდი ქართულის სწავლას, მაგრამ მარნეულში ქართული ენის საჭიროება არ იყო. ქართველიც და აზერბაიჯანელიც რუსულად მესუაბრებოდა და სწავლის პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა. პირველი 7-8 წელი ელემენტარულ დონეზეც კი ვერ ვსაუბრობდი ქართულად. უკვე როდესაც სხვადასხვა ტრეინინგებში მონაწილეობა დავიწყე და ჩემს ირგვლივ გარემო შეიცვალა, მაშინ ავმეტყველდი. ვიცი, რომ ახლაც ბევრ გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს და უკვე პრეზენტაციებსაც ვბედავ ქართულად, რადგან ზოგჯერ ვხვდები, რომ ჩემი სრულყოფილი რუსული უფრო რთულად გასაგებია იმ კონკრეტული აუდიტორიისთვის, ვიდრე ჩემი ქართული.

ერთი მხრივ, გარკვეული ბარიერია, ალბათ, ე.წ. „სლავი ქალის სინდრომი“, რომელიც მაშინაც იყო, ახლაც არის და კიდევ დიდხანს იქნება, ეს ფაქტია და საკუთარ თავზეც ხშირად გამომიცდია მინიშნებები „უკრაინელ ქალზე“. თავიდან იყო რთული, ალბათ, მაგრამ შემდეგ ვისწავლე ჩემთვის არასასურველ კომუნიკაციას თავი როგორ ავარიდო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად დღემდე მიწევს ამის კონტროლი, თავს მსხვერპლად არ ვგრძნობ ამის გამო.

მერე მხრივ, მეხმარება კიდევაც იგივე დამოკიდებულებები. ჩემს მიმართ, როგორც არა ქართველი ან არა აზერბაიჯანელი ქალისადმი, საზოგადოებრივი მოთხოვნები და დამოკიდებულებები, უფრო შერბილებულია. „უფ, ეს რუსია რაა“ იტყვიან და თითქოს უფრო მარტივად იღებენ ჩემგან სიახლეებს. მახსოვს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ძალიან ჭკვიან ქართველ გოგოსთან ერთად ვმუშაობდი, რომელსაც ჩემზე გაცილებით საინტერესო ინიციატივები და სტრატეგიული ხედვები ჰქონდა. მაგრამ, ის რომ მიდიოდა შეხვედრებზე, ადგილობრივები ძალიან აგრესიულად ხვდებოდნენ. მე როცა მივდიოდი იგივე თემით, დაძაბულობის გარეშე იღებდნენ ჩემგან ინფორმაციას. ნუ, ცხადია, არის სიტუაციები, როცა ქართველმა უნდა ისაუბროს ქართველთან და აზერბაიჯანელმა აზერბაიჯანელთან, უფრო ეფექტური შედეგისთვის.

მრავალშვილიანი დედობა
————————————————
ჩემთვის მრავალშვილიანობა ისეთი მიუღებელი იყო, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ბევრი შვილის დედა თუ ვიქნებოდი. 6 ბავშვი შემთხვევითობა კი იყო, რადგან სამი შვილის შემდეგ სამი ტყუპი გამიჩნდა, მაგრამ არც ოთხის გაჩენა წარმომედგინა მაშინ. უკრაინაში ეს დღესაც მიუღებელია. მრავალშვილიანი ქალი აღიქმება ჩამორჩენილად და განუვითარებლად. ჩემს მეგობრებსა და ნათეასავებს დღემდე არ ესმით, რატომ ჩავიდინე ამხელა სისულელე. მიუღებელია ეს დამოკიდებულებები ჩემთვის და ამ მხრივ, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს საქართველოში, რადგან ჩემი მრავალშვილიანობა სამარცხვინო ლაქად არ მეთვლება. არ ვთვლი, რომ იდელური დედა ვარ, მაგრამ მაინც არასოდეს მინანია ამდენი შვილის გაჩენა. მიმაჩნია, რომ მრავალშვილიანობა ქალის დაკარგვას კი არა, მასში მეტი რესურსის მობილიზებას იწვევს ზოგჯერ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც 3 ტყუპი გამიჩნდა და ამ დროს ჩემი ერთ-ერთი შვილი, 2 წლის იყო. 4 პატარა ბავშვის მოვლის პირობებში უცებ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ეფექტური მენეჯერი ვარ, ანუ არ ვვარდებოდი ისტერიკაში და ტყუილად არ ვკარგავდი დროს. ზუსტად ვიცოდი, როდის უნდა დამესვენა, მეჭამა ან დამელაგებინა. თავად ვიყავი გაოცებული იმ პოტენციალით და მენეჯერული უნარებით, რაც აღმომაჩნდა. მანამდე კი მქონია პერიოდები, როცა პიროვნულად დანგრეული და განადგურებული ვიყავი. არ ვიცოდი რა მჭირდებოდა და თითქოს დავიჯერე, რომ ვეღარასოდეს შევძლებდი რაღაცის კეთებას. ამ სამი ტყუპის დაბადებამ მართლა გამომაფხიზლა.

რა თქმა უნდა, დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავარ, როგორც მრავალშვილიანი დედა. მუდმივად მაქვს იმ დროის, ფულის და სხვა რესურსის ნაკლებობა, რომელიც ჩემი შვილების აღზრდას და განვითარებას სჭირდება. ბავშვებში მთავარ აქცენტს განათლებაზე, უფრო სწორად, გამოცდილებების შეძენაზე ვაკეთებ. აი, მაგალითად, შარშან იმიტომ წავედი ზღვაზე, რომ ჩემს პატარა შვილებს ზღვა არ ქონდათ ნანახი. მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – 4 პატარა ბავშვთან ერთად მარტო ზღვაზე. რა თქმა უნდა კი არ დავისვენე, ყველაზე მეტად დავიღალე, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მათ სხვადასხვა რამე ვაჩვენო და სოციალიზაციის ბარიერები გავუადვილო. ნებისმიერი პოზიტიური გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ეს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცი.

ცალკე პრობლემაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ხედვა, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშესაწყობად. მარტო ის წარმოიდგინეთ, 4 მცირე წლოვანი ბავშვი (ავტ. ორი უფროსი შვილი სრულწლოვანია) სკოლაში წაიყვანო-წამოიყვანო და დამატბით ცეკვაზე, სიმღერაზე ან სპორტზე ატარო. ეს ფულის გარდა, დიდ დროით რესურსს მოითხოვს. ასევე, ყოველთვის პრობლემად მიმაჩნდა, რომ ჩვენს სკოლებში არ არის ბილინგუალური სწავლება და ეს ჩემს ოჯახსაც შეეხო, რადგან უმცროსი შვილები არ საუბრობენ ქართულად და ძალიან უჭირთ ქართულ სკოლაში სიარული. მე ჩემი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობა მაწუხებს, რომ ბევრნი არიან და წარმოუდგენელია გამონახო საკმარისი დრო ყველასთვის იმ პირობებში, როცა სკოლა და სახელმწიფო არ გეხმარება.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები