რუსუდან გოცირიძე, 42 წლის, თბილისი

„მორჩილება და მდუმარება – „კარგი ქალის“ სახე-ხატება?!“

ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ ჩვენს ოჯახში. ერთის მხრივ ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ გარემო. გავიზარდე თბილისის გარეუბანში, სადაც ძალიან შეკრული თემივით ვცხოვრობდით… სადაც იმდენად ოჯახივით იყო სამეზობლო, რომ მეზობლის შვილის ჩაცმულობაზე, სახლში დროით დაბრუნებასა თუ სამეგობროზე შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ. მე უნდა გამემართლებინა უბნის, მშობლების, პაპა-ბებიის მოლოდინები – უნდა დავმდგარიყავი კარგი ქალი.

როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ქალი?

ასეთი კარგი ქალის სახე-ხატად მყავდა დედაჩემი. ეს იყო ქალი, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციებში ერთადერთი სტრატეგია ჰქონდა – მდუმარება. ის ხმას მაშინაც არ იღებდა, როცა საჭიროება მოითხოვდა საკუთარი თავისა და ინტერესების დაცვას. დედაჩემს ასწავლეს ასწავლეს, რომ მორჩილება და მდუმარება არის ქალის საუკეთესო პოზიცია. დამყოლი ბავშვი ვიყავი და მეც უპირობოდ მივიღე ის მდგომარეობა, რაც ბავშვობიდან ჩამაგონეს – მდუმარე და მორჩილი ქალის სახე.

პირველი პროტესტი ქალის ასეთი სახე-ხატის წინააღმდეგ მაშინ გამიჩნდა, როდესაც მე თავად გავხდი დედა. პირველად მაშინ დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ ქალის მდუმარება და მორჩილება, როგორც ღირსება. მაშინ გადავიაზრე, რომ ქალის ასეთი მდგომარეობა არავისთვისაა სიკეთის მომტანი. მახსოვს, ‘მარშუტკით’ ვმგზავრობდი ცრუკრუპიან თვეების ბავშვთან ერთად და მძღოლი უწყვეტად ეწეოდა სიგარეტს, რაც საზიანო იყო ჩემი შვილისთვის. მთელი გზა ვაწყობდი გონებაში ზრდილობიან წინადადებებს, თუ როგორ უნდა მიმემართა და მეთხოვა სიგარეტის ჩაქრობა…. სამწუხაროდ ვერაფრით გავბედე ხმის ამოღება. გავაჩერებინე ტრანსპორტი, ჩამოვედი და სხვა მარშუტკით გავაგრძელე მგზავრობა. ჩემთვის არ არსებობდა სხვა ალტერნატიული ქცევის მოდელი მსგავს სიტუაციებში. ვერაფრით წარმომედგინა როგორ უნდა გამომეხატა პროტესტი, თუ რაღაც არ მომწონდა. და მაშინ მივხვდი, რომ თვეების შვილის დაცვა თუ ვერ მოვახერხე ამ ჩემი ე.წ. ღირსეული თვისებით, მათ ძალიან ბევრ რამეში შეიძლება შევუშალო ხელი. ამის შემდეგ, ბევრმა ხანმა გაიარა, როცა პირველად შევძელი საკუთარი პროტესტის გამოხატვა, როგორც ქალმა, რომლისთვისაც ფასეულება იყო მდუმარება და მორჩილება. გამოვხატავდი პროტესტს და თან ყურს ვუგდებდი საკუთარ თავს. არ მჯეროდა საკუთარი სიტყვების, საკუთარი პროტესტის და მივხვდი, რომ ჩემი აზრის გამოხატვით სამყარო არ ინგრევა. ის უფრო უკეთეთესი ხდება.

ქალის ადამიანის თავისუფლება და მისი თანასწორობის იდეას, პირველად ჩემს ეკლესიაში ვეზიარე, როცა თეოლოგიურ სემიანრიაში ჩავაბარე, სადაც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ქალი სწავლობდა.

ზოგადად რელიგია და კულტურა ერთმანეთს კარნახობს პრინციპებსა და ღირებულებებს. პატრიარქალურ სისტემაში ორივე კარგად არის ჩაქსოვილი და ჰარმონიულია, ვიდრე არ მოხდება გარღვევა. ზოგადად ბაპტისტური ეკლესია გამოირჩევა დეცენტრალიზებული სტრუქტურით. არ არსებობს ე.წ. ბაპტისტური ვატიკანი, რომელსაც ყველა ეკლესია ემორჩილება. და ეკლესიის დემოკრატიასა და ეგალიტარიზმს განაპირობებს კონრეტული ეკლესიის გადაწყვეტილება და ის ისტორიული თუ კულტურული ნარატივი, რაც ამ ეკლესიის განვითარებას გასდევს. სხვათა შორის ჩემს ბავშვობაში, ქალების ეკლესიური მსახურება შემოიფარგლებოდა მხოლოდ გალობითა და ლოცვით, ქალებს არც ერთ საკრამენტზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ზიარება, ქადაგება და მოძღვრება კაცების – ‘ძმების’ საქმე იყო. არა და, ჩვენი ეკლესიის ისტორია არის ძლიერი ქალების გადარჩენილი ეკლესიის ისტორია. ზოგადად კრიზისის დროს ქალების იწყებენ სტერეოტიპების რღვევას და ინიციატივის ხელში აღებას. ასეთი რღვევა საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო, როცა ქალების ეკონომომიკური საქმიანობის და მიგრაციის შედეგად უამრავი ოჯახი გადაურჩა შიმშილს. ჩვენს ეკლესიაშიც კრიზის დროს დაიწყო ეს რღვევის პროცესი. საქმე იმაშია, რომ 1941 წელს, როდესაც სტალინმა ეკლესიები დახურა და გადაასახლა ყველა ღვთისმსახური კაცი, დარჩნენ ქალები და იატაკქვეშეთში გააგრძელეს ფუნქციონირება. იმ ქალებს შორის იყო ჩემი დიდი ბებია, მელანია კანდელაკი. 1890-იანებში დაბადებულ გლეხის ქალს, არ მიუწვდებოდა ხელი განათლებაზე. მელანომ სხვა ქალებთან ერთად სახარების გადაწერით ისწავლა წერა-კითხვა. და როდესაც გადასახლებული კაცები დაბრუნდნენ ეკლესიაში, მათ დახვდათ გადარჩენილი, ეკლესიის კარი ღია.

რუსუდან გოცირიძე – ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

„პოსტსაბჭოთა სივრცეში პიონერები ვართ ქალის უმაღლეს სასულიერო პირად ხელდასხმის საკითხში. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეკლესიის წინამძღოლად არჩეულ იქნა ჯეროვანი თეოლოგიური განათლების მქონე ადამიანი, რომლის ხედვა იყო რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო ეგალიტარული. მახსოვს, ეკლესიის რეფორმები, რომლის დროსაც 50-60 ადამიანი ვისხედით და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებას, როგორი უნდა ყოფილიყო საშობა დღესასწაული ეკლესიაში. ყველას გვეძლეოდა აზრის გამოხატვის თავისუფლება. ვგრძნობდით, რომ ბავშვსაც, ქალსაც და ასაკოვან ადამიანსაც შეეძლო გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება.

როდესაც ჩემმა წინამძღოლებმა შემომთავაზეს ეპისკოპოსად ხელდასხმაზე ფიქრი, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა პასუხისმგებლობის ღმერთის წინაშე, საზოგადოების წინაშე, მრევლის წინაშე. მაშინებდა ჩემი ასაკი – 33 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება არ იყო საკმარისი საეპისკოპოსო ტვირთისათვის. მაშინ მახსოვს, მეუფემ მითხრა, რომ 33 წელი კარგი ასაკია ჯვარცმისთვის. თანაც, ჩვენს ეკლესიას უკვე ჰყავდა გაცილებით ახალგაზრდა ასაკში ხელდასხმული ეკლესიის წინამძღოლები და თუ კაცი ამ ასაკში თანხმდება მაღალ იერარქიულ სასულიერო პოზიციას, თანასწორ გარემოში, ქალისთვისაც მისაღები უნდა ყოფილიყო ეს მოცემულობა. დიდი ხანი გავიდა ამ საუბრის შემდეგ, როცა დავთანხმდი ეპისკოპოსად ხელდასხმას. ეს მოხდა 2008 წელს. ჩემმა მეუღლემ ითამაშა დიდი როლი, რომელმაც უპირობო მხარდაჭერა გამომიცხადა. ოჯახის ფაქტორმა ბევრ რამეზე იმოქმედა, ჩემს გადაწყვეტილებაზე, ჩემს თავდაჯერებაზე. ტვირთი, რომელიც მოვიკიდე 2008 წელს, არ არის მარტო ჩემი სატარებელი ტვირთი. ამ ტვირთის გაზიარება ჩემს ოჯახსაც მოუწევდა და ამაზე ისინი თანახმა უნდა ყოფილიყვნენ.

რუსუდანი, როგორც ეპისკოპოსი ვერ მიიღო პატრიარქალურმა კულტურამ. ჩემზე ბევრი ცუდი იწერებოდა, იწერებოდა სექსისტური ტექსტები, იწერებოდა გინებები და შეურაცხმყოფელი კომენტარები. აპელირებდნენ, რომ ქალი როგორ შეიძლებოდა მდგარიყო ამბიონზე. იმიტომ რომ ქალი არის ცოდვისა და ბოროტების სათავე, ის არ არის სანდო. პავლე მოციქულის ფრაზებით მეპაექრებიან. უცნაურია, რომ ამ არგუმენტების განეიტრალება ისევ პავლე მოციქულის სიტყვებით გიწევს, რადგან სახარება დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ვისაც რა რაკურსით და კულტურული საწყისით სურს, იმ საწყისიდან უყურებს მას და იყენებს. საქმე ისაა, რომ საღვთო წერილის მუხლებით ხმალაობაში გამარჯვებული არავინ გამოდის. ჩემთვის ამომავალი არის ქრისტეს განცხადება. ყველაზე სერიოზული არგუმენტაცია ქალების და კაცების თანასწორობისა მოდის ქრისტესგან. გავიხსენოთ სახარებისეული ისტორიები – სამარიტელი ქალი ჭასთან, სისხლისდენით შეპყრობილი ქალი, მარიამ მაგდალინელი, მარიამ ღვთისმშობელი… საინტერესოა, რომ კონკრეტულ კულტურას მხოლოდ პავლეს შეგონებები აწყობს, სადაც ის ქალს კაცზე დაქვემდებარებულად მოიაზრებს და უგულვებელყოფს იმავე პავლესეულ თანასწორობას, სადაც არ არსებობს გენდერული მოწყობა, ეთნიკური მიკუთვნილება, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია… (გალატელთა წერილში წერია, რომ ქრისტეში აღარ არის არც ქალი და არც კაცი, არც მონა და არც თავისუფალი, არც იუდეველი და აღარც ბერძენი).

თუ რელიგიის გულის გულზე ვილაპარაკებთ, თუ დვრიტის დონეზე დავიყვანთ რელიგიას – ღმერთი არის სიყვარული. ძალიან ხშირად, როცა რელიგიაზე ვსაუბრობთ, ძირითადად კულტურაში ინტეგრირებული ფასეულობებით ვსარგებლობთ და საყოფაცხოვრებო დონეზე დაგვყავს რწმენა: გვაინტერესებს ის, თუ ვის რა ეკრძალება და ვის რისი უფლება აქვს, ვის რა უნდა ეცვას, ვინ რა უნდა მიირთვას, ვინ ვისთან უნდა იწყვეს და ამ დროს, სწორედ ის სიყვარული გვავიწყდება, იმ სიყვარულს ვდებთ გვერდით, რაც ჭეშმარიტი ღმერთია. ჩემი აზრით, რელიგია, როგორც ინსტიტუცია კლავს რწმენას, ამ სიყვარულს ანადგურებს და მარტივად გრჩება მონოლითური სტრუქტურა – ძალაუფლებებით, სწავლებებით დატვირთული, რომელიც დაცლილია სიყვარულისგან.
რელიგია მხოლოდ ადამიანების სამართავად და მათი მორჩილების მიღების მიზნით გამოიყენება. რელიგია, როგორც იდეოლოგია ადამიანებს ცხოვრების მზა ფორმულებს აძლევს. თითქოს ეუბნება, რომ არ შეიწუხოს თავი ბევრი კითხვებით, უჩვენებს გზას. ცხადია ეს ადამიანებისთვის ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ ყოველთვის შეგიძლია სხვას დააბრალო საკუთარი შეცდომები, იარო ნაკარნახევი იდეოლოგიით და ვერასდროს ეზიარო საკუთარ მიგნებებს. კრიტიკული აზროვნება იოლი გზა არ არის, ადამიანებს ურჩევნიათ აირჩიონ მარტივი გზა, რომელიც არ არის თავისუფალი, მაგრამ თავისუფალია პასუხისმგებლობისგან.

ხშირად გვაკრიტიკებენ, არ ჯობია ჩუმად იყოთ, დამალოთ თავისუფლების ალტერნატიული გზა, მაგრამ გყავდეთ უფრო მეტი მიმდევრები. ვთვლი, რომ მრევლის რიცხოვნობა არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ვის გზასაც მივსდევთ, იმან 12 კაცით დაიწყო. ჩვენთვის მთავარია ადამიანის თავისუფლება და სახარების ცნობიერი გადააზრება, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა.

ის შეშინებული რუსუდანი სულ აქ არის, არსად წასულა და დამალულა. და სულ მახსენებს თავს. მეუბნება: იქნებ არ ღირდეს ამის გამწვავება, იქნებ თავი შეიკავო, იქნებ არ თქვა. მაგრამ მე მგონი ყველაზე სანდო რამ რაც აღმოვაჩინე ამ ტრანსფორმაციის პერიოდში, არის ის რომ გადაწყვეტილება მაშინაა სწორი, როცა ბოლოს საკუთარ თავთან რჩები სიმშვიდეში და მართალი. არავის ესაუბრები პოლიტკორექტულობის გამო ენის მოჩლექვით, ამბობ იმას, თუ რისი გჯერა და როგორც აღიქვავ ღმერთსაც და სამყაროსაც. ამ სიმშვიდედ მიღირს ყველაფრის თქმა. მე მინდა რომ მართალი ვიყო ჩემს თავთან და ჩემს შვილებთან. მიხარია, რომ როდესღაც ჩემი შვილიშვილები იტყვია: როცა მთელი თბილისი ტაბურეტკებით დასდევა ლგბტ თემს, ბებიაჩემი საუბრობდა მათ უფლებებზე და იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან ღვთის მიერ შექმნილი არსებები. ეს განცდა მიღირს მე იმად, სადაც ვარ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური

მსგავსი ისტორიები