სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი
„განსხვავებული ვარ თუ არა? ვერ მივხვდი ამ შეკითხვას. არ ვიცი, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. სიამოვნებისგან ვტირი, როცა მოცარტს ვუსმენ – ბედნიერ დროს მაგონებს, რომელიც ბათუმში გასტროლებზე გამიტარებია და მომავალსაც, სადაც კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები.
„ჩემი პირადი ცხოვრება“ – ასე დავარქვი დღიურს, რომელშიც ჩემს ოცნებებზე ვწერ. ვოცნებობ იმაზე, რაზეც შეიძლება 21 წლის გოგო ოცნებობდეს – სიყვარულზე. მინდა მყავდეს მოსიყვარულე ქმარი, მყავდეს შვილები და ვიყო დედა. ალბათ ეს არის ის ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც რამდენჯერმე დავწერე ბლოკნოტში და ბევრჯერ ამოვხიე, გადავაგდე. მაგრამ საბოლოოდ მაინც დავტოვე და ახლა თქვენც გიზიარებთ.
იზოლირებულად არასდროს მიცხოვრია. გავიზარდე ოჯახში, მოსიყვარულე მშბობლების და ძმების გარემოცვაში. არც სპეციალიზებულ სკოლაში მისწავლია, მყავს მეგობრები და ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ვთვლი, წარმატებული ადამიანი ვარ – სცენაზე ვდგავარ და უკვე არაერთი როლი მაქვს შესრულებული.
სკოლის დასრულების შემდეგ, ატესტატი არ მომცეს, მარტო მოწმობა. არ არის ჯერ შემუშავებული ის საგამოცდო სისტემა, რომელიც მომცემს საშუალებას ატესტატი ავიღო და გავაგრძელო სწავლა ინსტიტუტში. სკოლის დასრულების მოწმობამ მარტო იმის საშუალება მომცა, რომ პროფესიულ კოლეჯში ბარმენის კურსი ამერჩია. მაგრამ ადამიანმა ყველაფერში კარგი და პოზიტიური უნდა დაინახოს. ახლა ვისწავლი კოქტეილების გაკეთებას და ჩემს ბარში ბარმენად ვიმუშავებ.
არ მითქვამს ხომ ჩემს დღიურში ჩაწერილი კიდევ ერთი ოცნების შესახებ? კოქტეილ ბარი მინდა გავხსნა ზღვის სანაპიროზე, სადაც წყვილები მოვლენ და ჩემს საფირმო ტეკილას ფორთოხლის წვენითა და გრენადინით დააგემოვნებენ. ან მარტო მოვლენ და მერე ამ ბარში იპოვნიან ვინმეს, ვინც შეუყვარდებათ.
სიყვარული ყველაზე მთავარია. როლები რომელიც შემისრულებია ხშირად ტრაგიკულია, მაგრამ შეყვარებული ქალების – აი, მედეა, რომელმაც მამას ოქროს საწმისი მოპარა, მაგრამ იასონიზე შეყვარებულმა და სიყვარულის სახელით. სასაცილო კნეინა დარეჯანიც, რომლის როლს ახლა ვასრულებ, შეყვარებული ქალია და ლუარსაბსაც ძალიან უყვარს ის. იცი, როგორი სიტყვებით ასრულებს ილია ამ ნაწარმოებს? როცა დარეჯანი გარდაიცვალა, ლუარსაბმა „თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან ერთად დამარხა“. როგორ გასევდიანებს არა?
მოწყენილი იშვიათად ვარ. წარმოიდგინე, კოლეჯის სტუდენტი ვარ, გავხდი მსახიობი, ვარ მომღერალი და მაქვს მიზანი, როგორ შეიძლება ვიყო სევდიანი. ბედნიერი ვარ“
(ავტორი: მაია ჩიტაია)