სვეტლანა ნინიკელაშვილი, 70 წლის, თელავი
(„ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტის, ნათია ნინიკელაშვილის დედა)
სიმარტოვე
—————
„ნათიას გაჩენა რომ გადავწყვიტე, 38 წლის ვიყავი. შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღე ეს გადაწყვეტილება – უმამოდ გამეჩინა ნათია. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძაშვილს მოვუყევი. ჩემს ბიძაშვილს დაუოჯახებელი მული ყავდა, რომელიც თავის დროზე მშობლების მოთხოვნის წინააღმდეგ ვერ წავიდა და საყვარელი ადამიანიც დაკარგა და ვერც შვილის გაჩენა გაბედა. ამიტომ თავისი სინანული ჩემს მიმართ გაჩენილ სოლიდარობაში დამარხა და გვერდში დამიდგა. ორივენი წავიდნენ მამაჩემთან ჩემი ამბის სათქმელად. იმ დროისთვის მშობლებთან ერთად 2 ძმა მყავდა. ჩემი სახელის ხსენებაც აღარ უნდოდათ. მთელი 12 წელი დაჭირდა მამას, რომ ჩემთვის შვილის გაჩენა ეპატიებია. რა უცნაურია, როცა ქალი შვილს არ აჩენს, აკრიტიკებენ, როცა აჩენს – მაინც აკრიტიკებენ… ახლა მარტოხელა დედობა თითქოს აღარა კრიტიკის საგანი, უფრო მიმტევებლურად უყურებენ. მაშინ კი ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო.
თბილისში გადმოვედი ჩემს ბიძაშვილთან საცხოვრებლად. მშობიარობის თანხა ჩემით მქონდა მოგროვილი. სამშობიაროში გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ მნახველები სხვებთან. ჩემთან მხოლოდ ორი ქალი მოდიოდა. სევდიანი იყო ის დღეები.“
სიყვარულის გარდაცვალება
—————————————-
„ნათიას მამამ გვარი არ მისცა. ეს იყო იმის დეკლარირება, რომ ის შვილად არ მიიღო. ნათიას გაჩენის შემდეგ, რამდენიმე თვეში მოვახერხე სიყვარულის დავიწყება. მარტო მის მიმართ კი არა, ზოგადად ეს გრძნობა ჩემს თავში დავმარხე. იმიტომ, რომ მეტი ტკივილი აღარ მოეყენებინა. რთული იყო ამ ტკივილის გაძლება.“
მარტოობის 12 წელიწადი
————————————-
„მთელი 12 წელიწადი დაჭირდა მამას, რომ ჩემთვის შვილის გაჩენა ეპატიებინა. იმ პერიოდში ჩემი სამსახურიდან თელავში ერთოთახიანი ბინა მომცეს. სამშობიაროდან რომ გამოვედი, რამდენიმე თვეში წერილი მოიწერა მამამ: „დაბრუნდეს თელავში. მას საკუთარ ბინაში დაბრუნებას ვერავინ დაუშლის. მაგრამ ჩვენთან ვერ დაბრუნდება“. 12 წლის განმავლობაში მარტო ვზრდიდი ნათიას. ხანდახან დედა მალულად მაწვდიდა დახმარებას. მაგრამ მე არასდროს მიგვრძვნია მშობლიური ზრუნვა და პატიება. მაშინ დავფიქრდი და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მე აუცილებლად შევძლებდი დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე, რადგან არ მაპატიეს ეს გადაწყვეტილება, მე ვიქნები ძლიერი, მე გავზრდი ღირსეულ შვილს და თქვენ იმაზე უფრო ძლიერ ადამიანად მიმიღებთ, ვიდრე შვილის გაჩენამდე ვიყავი. წლებმა თავისი მოიტანა. ნელნელა მამას წყენა დაავიწყდა. ნათიას გამოუვლიდა ხოლმე და სასეირნოდ დაყავდა. ეს 12 წლის მერე მოხდა. მანამდე ვიყავი მარტო საკუთარ ცხოვრებასთან ერთად“
ფოსტალიონის ჩანთა
——————————
„ნათიას თინეიჯერობა პოლიტიკურად რთულ პროცესებს დაემთხვა. კარიერულად ყოველთვის მყარად ვიდექი ფეხზე – თელავის სამკერვალო ფაბრიკაში მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი და ეკონომიკურად ძლიერი და დამოუკიდებელი ვიყავი. 90-იანი წლების რყევებმა მოიტანა უმუშევრობაც. ნათიას ბევრი რამ ჭირდებოდა – განათლებაზე ზრუნვა, ჩაცმა, კვება, გართობა. რთული იყო თანამდებობის სავარძლიდან ადგომა, მაგრამ შვილისთვის ეს უნდა გამეკეთებინა. თან პირობა მქონდა საკუთარ თავთან დადებული, ჩემი შვილისთვის კარგი განათლება უნდა მიმეცა. ამიტომ რაც გამოჩნდა პირველი სამუშაო, იმაზე დავთანხმდი. ფოსტალიონის ჩანთა გადავიკიდე მხარზე და წერილებს დავატარებდი თელავში. მახსოვს, როცა ნათია სტუდენტი გახდა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, ჩემი ხელფასიდან ხან 5 ლარს, ხან 7 ლარს ვატანდი მარშუტკებს, რომ მას დედაქალაქში თავი ერჩინა. ფოსტალიონის ჩანთა 10 წელი ვატარე. მეტი ვეღარ შევძელი“
გაძლიერება
—————–
„ნათია ჩემსავით მებრძოლი აღმოჩნდა. ის ენერგია და ბრძოლის ჟინი, რაც მე მასში ჩავდე, არ დაკარგულა. თავისით მიაღწია ყველაფერს და ახლა ერთ-ერთი ცნობილი ინტერნეტ გვერდის Soplidan.ge სოფლიდან-ის მფლობელია და წარმატებულად უძღვება თავის ბიზნესს. ტკივილებიც თავის დროზე შუშდება და გავიწყდება. ახლა თელავის პროფესიულ სასწავლებელში სამ საგანს ვასწავლი ჩემი სპეციალობით. თან თვითმმართველობაში აქტიურად ვარ ჩართული. თელავი ერთადერთი ქალაქია, სადაც საკრებულოს წევრი ყველა კაცია. ამიტომ ვცდილობ, სხვა ქალებთან ერთად აქტიურად ვაკონტროლოთ ქალაქის ბიუჯეტი და სწორი მიმართულებით ხარჯვას შევუწყოთ ხელი. დღეს ჩემი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ვარ და წელს უკვე მოვახერხეთ და ქალაქის ბიუჯეტში თანადაფინანსების ფონდები შევაქმნევინეთ და 7 კორპუსის სადარბაზოების გარემონტება შევძელით. საქართველოში ზოგადად ნეპოტიზმია ფესვგადგმული და იმისათვის, რომ უკეთ ვაკონტროლოთ თანხების ხარჯვა, ვაპირებთ შევქმნათ ამხანაგობის თავმჯდომარეთა ასოციაციაა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს გააკონტროლებს. კი, მიფიქრია, რომ დეპუტატად მეყარა კენჭი, მაგრამ მე პარტიული ვერ გავხდები, რადგან რთულია ერთ ხმაზე საუბრობდეს ყველა. დამოუკიდებელ კანდიდატს კი ფინანსური სახსრები ჭირდება. ამიტომ, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ და ამ პოზიციიდან გავაკეთებ ჩემს საქმეს“
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინო ბაიდაური