ბაია პატარაია, 38 წლის, თბილისი

ბავშვობა
“შეიძლება, ზოგს გაუკვირდეს, მაგრამ ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი. აი, ისეთი, ეზოში რომ არ ჩადის და არც ინტერაქციაში შედის დიდად, თუმცა ძალიან მიყვარდა სხვა რაღაცების კეთება, მაგალითად, კითხვა – როგორც კი კითხვა ვისწავლე და ის წიგნები წავიკითხე, სახლში რაც გვქონდა, მეზობლებთან დავიწყე სიარული, ყველა იმ მეზობელთან ვმეგობრობდი, რომელსაც სახლში ბიბლიოთეკა ჰქონდა. ძალიან მიყვარდა ხატვა, სცენარებსაც ვწერდი, სპექტაკლებს ვდგამდი და ჩემი თამაშიც ხშირად შემოქმედებითი იყო.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით, მათემატიკა და ფიზიკა მიყვარდა. ფიზიკას სკოლის დირექტორი მასწავლიდა, რომელიც ზოგჯერ დედაჩემს ეკითხებოდა, გაკვეთილებს წინასწარ ხომ არ კითხულობსო. წინასწარ კი არა, რასაც აძლევთ, იმასაც შესვენებებზე სწავლობსო, დედაჩემი პასუხობდა, რადგან სახლში სულ სხვა წიგნები მეჭირა ხელში. ყოველთვის მინდოდა, რომ შემოქმედებითი პროფესია მქონოდა. ბოლო კლასებში, ძალიან მომწონდა თეატრის რეჟისურა და მანამდეც მქონდა ამასთან დაკავშირებული ინტერესები, მაგრამ 90-იანი წლების ბოლო იყო, მთელმა ქვეყანამ დიდი გაჭირვება გამოიარა და მამაჩემი ამბობდა, ისეთი პროფესია უნდა გქონდეს, შენ და შენს შვილს მატერიალურად რომ უზრუნველგყოფთო. არასდროს უთქვამს, რომ გავთხოვდები და ვინმე შემინახავს. მისი მორალი ასეთი იყო – უნდა იყო საუკეთესო შენს პროფესიაში და გქონდეს იმდენი ფული, ცხოვრებაში რომ არ გაწვალდე. “ოთხიანი” არ უნდა მიმეღო, სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ გარდა სწავლისა, სახლში მე სხვა დამატებითი მოვალეობები არ მქონდა.
მშობლების მოთხოვნა იყო, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი. მხოლოდ ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ძალიანაც არ მომეკლა თავი სწავლით და უფრო მეტი დრო საკუთარი სხვა ინტერესებისთვის დამეთმო.
პროფესია
დედაჩემს უნდოდა, რომ კლასიკური ფილოლოგია მესწავლა, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მიყვარს, თუმცა მაშინ თეატრი მაინტერესებდა.
ოჯახური კონსილიუმი მოეწყო, მახსოვს ბიცოლაჩემი გამოდიოდა სიტყვით და გადაწყვიტეს, რომ მე, ასეთ გამორჩეულსა და ასეთი კარგი აკადემიური მოსწრების ბავშვს, ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე – საერთაშორისო სამართალზე უნდა ჩამებარებინა. ჩვეულებრივი მეგრული ამბავი იყო. დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მეც სკეპტიკურად ვუყურებდი, თუ ხელოვნების მიმართულებით წავიდოდი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ვერ ვიქნებოდი და ეს სერიოზული დაბრკოლება იყო ჩემთვის.
ძალიან გავმწარდი და გავწვალდი, როცა უფასო ფაკულტეტზე ჩავაბარე და აღმოვაჩინე, რომ არაფერს მასწავლიდნენ. შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რისთვის ვიწვალე და ვიმეცადინე აბიტურიენტობისას, ასეთი დაბალი ხარისხის განათლება თუ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. ამიტომ, პარალელურად, მაღლივში – ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სამართლის პარალელურად 4 წელი ვსწავლობდი ფინანსებსა და საბანკო საქმეს. მაშინ “საიამ” პირველად დაიწყო დამატებითი ერთწლიანი კურსები და იქაც დავდიოდი, ასევე, ჯესაპის იმიტირებულ სასამართლო პროცესშიც ვიღებდი მონაწილეობას – ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სადმე მაინც მესწავლა რაღაც და სულ მქონდა განცდა, რომ ვერსად ვიღებდი იმ განათლებას, რაც მე მჭირდებოდა.
ძალიან მინდოდა სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერისტეტში ჩავაბარე. სწავლა რომ დავიწყე, გაოგნებული ვიყავი იმით, თურმე, რამდენის სწავლა შეიძლებოდა. მეგონა, რომ საერთოდ პირველად ვიღებდი ნამდვილ იურიდიულ განათლებას. პირველად იქ მივხვდი, რა იყო სამართალი, რა არის ეს პროფესია, რა არის სახელმწიფო, კანონის უზენაესობა და რა როლი აქვს მართლმსაჯულებას. მინდოდა, ბიზნესის სამართალი მესწავლა, მაგრამ იქ ვერ მოვხვდი და მოვხვდი ადამიანის უფლებათა სამართლის ფაკულტეტზე. კიდევ კარგი, ასე მოხდა – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მივხვდი, როგორ შეიძლება იურისტობა ძალიან კარგი საქმისთვის გამოიყენო.
სამუშაო გამოცდილება
2007 წელს, წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრში, იურისტად დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ნატალია ზაზაშვილი, რომელიც “საფარის” დირექტორი იყო. „საფარი“ 2001 წლიდან არსებობს და ძალიან კარგ საქმეებს აკეთებდა. ეს იყო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა ქალთა პირველი თავშესაფარი, რომელმაც ბავშვთა განრიდების მთელი რეფორმაში ჰქონდა წამყვანი როლი, მაგრამ შედარებით ვიწრო წრეებისთვის იყო ცნობილი ადრე. ნატალიამ მითხრა, იქნებ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაეხმარო, ოღონდ ძალიან მცირე ანაზღაურებააო. დავთანხმდი. პირველად იქ ვნახე ნაცემი ქალები და მოვისმინე მათი სრულიად შემაძრწუნებელი ისტორიები, რომელიც აქვე, თბილისში, შეიძლება, ჩვენს მეზობლადაც ხდებოდა. გავოცდი, მე ისე გავიზარდე, ჩემ გარშემო ოჯახში ძალადობა და ცემა-ტყეპა, გაგონილიც არ მქონდა. ვიცოდი, რომ არსებობდა, მაგრამ სადღაც ძალიან შორს და უცბად პირისპირ შევეჩეხე. ამან ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ მერე, როცა უკვე სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, არასდროს მავიწყდებოდა, რომ ეს პრობლემა რეალური იყო და ამ პრობლემის შესახებ არავინ იცოდა ისე, როგორც თავის დროზე მე არ ვიცოდი. ეს არასდროს აღარ დამვიწყებია და ყველა საქმიანობაში, სანამ ქალთა უფლებების დაცვა ჩემი ძირითადი საქმიანობა გახდებოდა, ყველგან ვატარებდი ამ ხაზს – გენდერისა და ქალთა გაძლიერების.
ნატალია ფსიქოთერაპევტი იყო და მეუბნებოდა, მინდა, შენ ისეთი იურისტი გამოხვიდე, როგორებიც არ არსებობენ და მინდა, რომ არსებობდნენო – თერაპიული იურისტიო. როდესაც ქალებთან კონსულტაციაზე პირველად შევედი მოვიდა ქალი, რომელიც მოძალადე მეუღლესთან დაშორებას აპირებდა, ხელი მოწერილი არ ჰქონდათ და ქონებრივი საკითხი აინტერესებდა, მე ვუთხარი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. გადაირია ნატალია, როგორ გაუშვი, ასე როგორ შეიძლება მსხვერპლთან ურთიერთობაო. ხომ არ მოვატყუებ, კანონის მიხედვით, არ ეკუთვნის-მეთქი არაფერი. არაო, როგორ შეიძლება მსხვერპლს ასე მიახალო, როცა ძლივს დაიწყო ბრძოლა და შენ იმედი გადაუწურეო. კონსულტაციების დროს მეჯდა ხოლმე ნატალია და მსხვერპლი რომ გავიდოდა, უკუკავშირს მაძლევდა – მასწავლიდა, როგორ უნდა მელაპარაკა მსხვერპლთან ისე, რომ გამეძლიერებინა და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა დამენახებინა, იმედი მიმეცა და მხარში დავდგომოდი. ბოლოს ძალიან კმაყოფილი იყო, რომ გაზარდა ისეთი იურისტი, რომელიც თერაპიულიც იყო.
2009 წელს, ომის მერე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო მუშაობა საჯარო სამსახურში და რასაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია, ამაში უნდა ჩავრთულიყავი – სხვანაირად ვერ ვისწავლიდი, როგორ იქმნება პოლიტიკა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიმე ისეთ მინისტრთან მინდოდა მუშაობა, რომელიც რეფორმებს ატარებდა. რადგან პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, ვალდებულებაც მქონდა, რომ დაბრუნების შემდეგ სახელმწიფოსთვის მემსახურა.
მალე დამიკავშირდნენ იუსტიციის სამინისტროდან, კონკრეტული სამსახური შემომთავაზეს, მაგრამ მე სხვა პოზიციაზე მინდოდა, რომელიც ვიცოდი, ვაკანტური იყო. დამთანხმდნენ და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად დავინიშნე. ოთხი წელი ვიმუშავე, ვისწავლე და ვნახე ძალიან ბევრი. ქალთა საკითხებში თავად ვიჩენდი ინიციატივას და ძალიან ბევრი კარგი რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა. მაგალითად, ოჯახში ძალადობის 126 პრიმა მუხლი დავწერე ჩემს კოლეგებთან ერთად. ასევე, გენდერული თანასწორობის კანონში რომ სექსუალური შევიწროების ტერმინი ჩაიწერა, ჩემი ინიციატივა იყო და მხარში იუსტიციის სამინისტროც მედგა. ძალიან საინტერესო გეგმები მქონდა ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მოესწრო. ასევე, ძალიან დიდი რეფორმა დავიწყეთ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, დაიწერა ძალიან კარგი სტრატეგია, დამტკიცდა კიდეც, მაგრამ როდესაც მე წამოვედი, ამის განხორციელებაზე ზრუნვა აღარავინ აიღო საკუთარ თავზე, თორემ იყო გეგმა, რომ უნდა მომხდარიყო ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია და მეტი აქცენტი მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაკეთებულიყო. ვიმუშავე როგორც ზურა ადეიშვილთან, ისე თეა წულუკიანთან. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე – ვნახე, როგორ იგეგმებოდა რეფორმა, როგორ წყვეტდა კონკრეტული მთავრობა, რა უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკა, რა ხდება მაშინ, როცა მინისტრს საერთოდ არ აქვს პოლიტიკა და ხედვა და ა.შ. მერე თეა წულუკიანმა სამსახურიდან გამომიშვა, უფრო ზუსტად, კონკურსის შედეგად მე აღარ დამნიშნა, სხვა აიყვანეს. ამ ფორმით გამომიშვეს და უკვე ვიცოდი, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა ამ ეტაპზე აღარ მინდოდა, მთელი დრო და რესურსი აქტივიზმისკენ მივმართე.
“საფარი” და აქტივიზმი
ქალთა ორგანიზაციებს მეტ-ნაკლებად 2012 წლამდეც ვიცნობდი, მაგრამ ჩემი აზრით, ფემინისტური არცერთი იყო, ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ ფემინისტები არ იყვნენ. მე გენდერი სამართლებრივი კუთხით ვისწავლე და ბევრისგან განსხვავებით, ვიცოდი ამ სიტყვის რეალური მნიშვნელობა. საქართველოში ფემინისტად მარტო ლიკა ნადარაია მსმენოდა, მეტი მართლა არავინ. დავიწყე ფემინისტების ძებნა და ვერ ვპოულობდი. ერთხელ, როცა მორიგ ტრენინგს ვაკეთებდი, ლია ჯაყელის ფილმი მირჩიეს, დავურეკე ლიას და მითხრა, რომ ექსპერტად ეკა აღდგომელაშვილი მომეწვია. დავპატიჟეთ ლია და ეკა ტრენერებად და როდესაც მათ ლაპარაკსა მოვუსმინე, ისე გამიხარდა, ლამის ტირილი დავიწყე – პირველად მესმოდა ის, რისი მოსმენაც მინდოდა. მერე “WISG”-ის ჯგუფში მოვხვდი, სადაც გავიცანი გოგოები, რომლებმაც მოგვიანებით “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” შექმნეს და ასე დაიწყო ჩემი ფემინიზმიც. მახსოვს, პირველად რომ დავწერე რაღაცაზე – მე, როგორც ფემინისტი ასე ვფიქრობ-თქო, ერთ-ერთმა მეგობარმა მომწერა, ფეისბუქზე შენი “ქამინგ აუთი” ვნახეო. ძალიან გამიკვირდა, რანაირად შეიძლება, ფემინიზმს ქამინგაუთი დაარქვა-მეთქი, მაგრამ მაშინ ასეთი დრო იყო, უკვირდა ხალხს. შევუერთდი “ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფს” და ჩემი აზრით, დაიწყო ფემინიზმის ახალი ტალღა საქართველოში, რომელიც ახალმა თაობამ ახლებურად წამოიწყო. ვმართავდით მცირერიცხოვან, მაგრამ ძალიან საინტერესო, ხმაურიან და სკანდალურ აქციებს და ასე გამიცნო საზოგადოებამ. ეს იყო ძალიან განათლებული და საკითხში გარკვეული ადამიანების არაჩვეულებრივი გუნდი, მაგრამ მე მქონდა ხედვა და სურვილი, ჯგუფი ყოფილიყო ძალიან დიდი, რომ ფემინიზმი გამხდარიყო საყოველთაო და ფემინისტად თავი თითოეულ ქალს მოეაზრებინა – არა მარტო იმათ, ვინც ძალიან კარგად იცოდა, რა იყო გენდერი, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც, რომლებსაც სპეციფიკური განათლება არ ჰქონდათ.
2014 წელს, როცა ფემიციდის ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა, ყველა ქალს, ვისაც ვიცნობდი, ვინც აღშფოთებული იყო და იმ წუთში აქტიური იყო ფეისბუქზე, ისტერიულად ვწერდი, შევიკრიბოთ-მეთქი. 2014 წლის 16 ოქტომბერს, GCRT-ის ოფისში 45 ქალი შევიკრიბეთ, იქ იყო ყველა ასაკის ქალი, რომლებსაც ჰქონდათ ან არც ჰქონდათ პირდაპირი შეხება ფემინიზმთან, არც აქტივიზმთან, მაგრამ იყვნენ აღშფოთებულები და მაშინ ვთქვით, რომ თუ ქალები არ დავიწყებდით ბრძოლას, ფემიციდი გახდებოდა ჩვეულებრივი ამბავი, რომელზეც სახელმწიფოს რეაქცია არ ექნებოდა. ასე დაიწყო მაშინ ჯგუფი “ქალთა მოძრაობა” და მაშინ რა მოთხოვნებიც გვქონდა, დღეს ყველა შესრულებულია. კვოტა იყო ბოლო, რა მოთხოვნაც ჩვენ მაშინ გვქონდა და ესეც შესრულდა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს ზოგადად ქალთა მოძრაობას საქართველოში, თუმცა ბრძოლა გრძელდება.
ბაია პატარაია, როგორც პერსონაჟი
საჯაროობას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. პლუსი არის ის, რომ მარტივად მიგიწვდება ხელი მედიაზე, შეგიძლია, პარლამენტში მიხვიდე, სიტყვით გამოხვიდე, გეძახიან და აზრს გეკითხებიან, ვისაც არ უნდა სთხოვო შეხვედრა, მიგიღებს და ა.შ. ბევრი კარი ღიაა, მაგრამ ამავდროულად, აქვს ძალიან მძიმე მხარეც – ბევრი ადამიანისთვის, ადამიანი აღარ ხარ. ბაია პატარაია უკვე პერსონაჟია, რომელიც ფემინიზმთან, მებრძოლ ქალთან და ხშირად, ცუდ რაღაცებთანაც ასოცირდება. ისე ადვილად მოგაყენებენ შეურაცხყოფას, შეგაგინებენ და გაგლანძღავენ, საერთოდ არ ფიქრობენ, რომ ამის უკან რეალური ადამიანია, მაგრამ შენც თუ ისევე უპასუხე, ოოო… არ გეკადრება. როდესაც უცხო ადამიანი მლანძღავს, ვცდილობ, პერსონალურად არ მივიღო.
უცხო ადამიანები იმასაც ხშირად მეუბნებიან, ვიღაცებთან დამიცვიხარო, ამ დროს ვპასუხობ – თქვენ მე არ მიცავთ, თქვენ იცავთ კონკრეტულ იდეას, რომელსაც იზიარებთ, ეთანხმებით და გჯერათ. მე არ მყავს პერსონალური მტრები, მაგრამ, ცხადია, იდეოლოგიური მტრები მყავს.
ნელ-ნელა ამას მივეჩვიე, მოქმედებს, მაგრამ ადამიანი ცდილობს, თავი დაიცვას და გამკლავების მექანიზმები გამოიმუშაოს. მე ძალიან ბევრ აქტივისტს ვიცნობ, მათ შორის, ფემინისტს, რომელიც აქტივიზმს შეეშვა და მიზეზი ის უშველებელი წნეხი, ლანძღვა და დაპირისპირება იყო, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს. რაღაც მომენტში, ადამიანები თვლიან, რომ არ ღირს, ამას მთელი შენი ცხოვრება, ნერვები, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა შესწირო. მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ სანამ რაღაცის გაკეთება შემიძლია საქმისთვის, ალბათ, მანამდე ვიქნები. უბრალოდ, ძალიან ვცდილობ და ვსწავლობ, როგორ გავუმკლავდე წნეხს. ჩემ უკან GCRT და ფსიქოლოგების მთელი არმიაა, რომლებსაც არასდროს მივუტოვებივარ და როდესაც მიჭირს ხოლმე, ხვდებიან და მეხმარებიან. ბევრი გიტევს, მაგრამ, ასევე, არის ხალხი, ვინც შენზე ზრუნავს და გაძლიერებს.
ჩემს სახელსა და გვარს ქალთა წინააღმდეგობასთან და იმ ბრძოლასთან აკავშირებენ, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქალთა გაძლიერებისთვის. ეს პატრიარქალური საზოგადოებაა, ამ საზოგადოებაში პატრიარქატი ასე მუშაობს და ზრდის საკუთარ მხარდამჭერებს – ქალებსაც და კაცებსაც, იმისთვის, რომ პატრიარქატის კვლავწარმოება მოხდეს, არ დასრულდეს და მუდმივად არსებობდეს. პატრიარქატს ღირებულებათა სისტემა ხელში აქვს ჩაგდებული, სადაც კაცი უნდა იყოს “კაცური,” დამრტყმელი, დომინანტური და სხვისი მჩაგვრელი, ხოლო ქალობა სიწყნარე და მორჩილება ჰგონიათ, როდესაც მეორეხარისხოვანი უნდა იყო, ოჯახში კი გადაწყვეტილებებს კაცი უნდა იღებდეს; ქალი უნდა უჯერებდეს, პატივს სცემდეს და თუ არ დაუჯერებს – დაისჯება. ამ ღირებულებითი სისტემით ზრდიან ბავშვებსაც, ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ეს არ არის კაცურობა და ეს არ არის ქალის როლი, ვებრძვით ამ როლებს და ადამიანები იბნევიან იმიტომ, რომ სხვანაირად გაიზარდნენ, ახლა კი, ვიღაც ბაია პატარაია მოდის და სულ სხვა რამეს ეუბნება. რაც არ უნდა პატრიარქალური აზროვნების იყოს ქალი, ვცდილობ არ დავუპირისპირდე საჯაროდ, მაგრამ არაფერს ვარჩენ კაცებს იმიტომ, რომ ის ქალიც კი, რომელიც თვლის, რომ პატრიარქატი კარგი წყობაა, არის პატრიარქატის მსხვერპლი. ვცდილობ დავიტოვო გზა, რომ თანამოაზრედ გავიხადო და ხიდები არ დავწვა, ქალებს გვჭირდება გაერთიანება, ერთმანეთი რომ გავაძლიეროთ და არ გვჭირდება დაპირისპირებები.
ყველაზე მეტად რაც მიჭირს და რასაც ვერ ვუმკლავდები, ეს ის შემთხვევებია, როდესაც შენიანები აგრესიულად გიტევენ, თუნდაც, ფემინისტები და სხვა თანამოაზრეები. მე ვფიქრობ, რომ კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ხშირად, კრიტიკა ბულინგში გადაიზრდება ხოლმე. სამწუხაროდ, აქტივიზმში და მათ შორის, ქალთა აქტივიზმშიც, ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია – თუ რაღაც შეგეშალა და ფეხი გადაგიბრუნდა, ყველა ზედ უნდა შეგდგეს და გადაგჯეგოს. თუ რამესთან ეფექტური გამკლავება ვერ ვისწავლე, ესაა. ვისგანაც მხარდაჭერას, დაცვასა და გაძლიერებას ელი, შენ გვერდით მდგარა და დგას ამ ბრძოლაში, უცბად გიტრიალდება და თითო წიხლი ყველამ უნდა ჩაგაზილოს. შეიძლება სიმართლე მათ მხარეს იყოს, მაგრამ რა ფორმითაც ეს ხდება, პრობლემაა. ზოგჯერ, უბრალოდ ვცდილობ, არ წავიკითხო და ძალიან ბევრი რამე, რასაც თუნდაც შიდა ჯგუფებში მიწერენ, წაკითხულიც არ მაქვს. ძალიან მინდა, ეს დესტრუქციული თავდასხმები აღარავის მიმართ აღარ იყოს და მე ეს სხვების მიმართაც მინახავს, მე არ ვარ ერთადერთი, ცხადია. ვინც რაღაცას აკეთებს, იმას ეშლება და ვინც არაფერს აკეთებს, იმას არც შეეშლება. შეიძლება, შენი შეცდომა მალე ან გვიან გააცნობიერო, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს კრიტიკა ისე იყოს ნათქვამი, რომ შესმენადი იყოს.
ჰობი
ძალიან მაინტერესებს ფილოსოფია და კითხვები – რატომ ვცხოვრობთ, რა მისია გვაქვს, როგორ უნდა შევეგუოთ გარდაუვალ სიკვდილს და ა.შ. ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა მამშვიდებს. ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურაც. ბოლო დროს, ჩემთვის აღმოჩენა იყო ქალი ავტორი – ზაირა არსენიშვილი. თან, ქალი ავტორებით განებივრებული არ ვართ და ბავშვობაშიც სულ გული მწყდებოდა იმაზე, რომ რასაც ვკითხულობდი, თითქმის ყველგან მთავარი გმირი კაცი იყო. რა თქმა უნდა, მათთანაც მქონდა საერთო ფიქრები, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ რამდენადაც კარგად აღწერდნენ ბიჭების, კაცების ფიქრებს, ვნებებს, პრობლემებს, იმდენად მაკლდა ქალის გამოცდილება.
ხატვა სულ მიყვარდა, მაგრამ არასდროს მისწავლია. ზოგადად, ყოველთვის ვიცი, რა გამომივა და რა – არა. მაგალითად, აუცილებლად გამომივა ტანსაცმლის კერვა და დიზაინი და ვიცი, რომ ვერასდროს დავწერ მუსიკას, არასდროს ვეცდები დაკვრასა და სიმღერას, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები მუსიკაზე. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ წერენ ადამიანები მუსიკას, თუმცა მესმის, როგორ წერენ ლექსებს, რომანებს, როგორ ხატავენ… ვხატავ ჩემთვის, არ მაქვს არანაირი პრეტენზია, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ დიდ დროს დავუთმობ ამას, შეიძლება, რაღაც მართლა გამომივიდეს. ამ ეტაპზე, ეს არის ჩემთვის ყველაფრის დავიწყების გზა. თუმცა, ბოლო დროის დიდი აღმოჩენა არის mindfulness მედიტაციები. პრაქტიკულად, შეუძლებელია, აკონტროლო აზრი, მაგრამ შეგიძლია, ცოტა დისტანცირდე შენი აზრებისა და ემოციებისგან. იმის ცოდნა, რომ ჩემი აზრი და ჩემი ემოცია არ ვარ მე და ის, რომ აზრები და ემოციები მოდიან და მიდიან, მაგრამ მე სხვა ვარ, გაცილებით უფრო დიდი და მდგრადი, ძალიან დამეხმარა. პერიოდულად ამის გახსენება და ამაში ვარჯიში, ძალიან მიადვილებს ცხოვრებას.
შვილი
დედობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და ძალიან მიხარია, რომ დედა ვარ. სინამდვილეში, ბავშვის გაზრდა რთული არ არის, თუ ორ მთავარ პრინციპს გაითვალისწინებ – როცა ბავშვი პატარაა და სჭირდება დისციპლინა, იმ პატარასაც ისეთივე პატივი უნდა სცე, როგორც შენთვის ყველაზე პატივსაცემ ადამიანს. ეს არ უნდა დაივიწყო მაშინაც, როცა მისი აღზრისა და დისციპლინირების პროცესში ხარ. ბავშვს, როგორც ყველა სხვა ადამიანს, აქვს ღირსება, რომელიც არ უნდა შელახო. ბავშვს ვერ დაიმსაგვსებ, ის არის სრულიად უნიკალური და არ უნდა ეცადო, გახადო ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს; ბავშვი ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის.
ჩემს შვილს ბევრ შენიშვნას არ ვაძლევ, მხოლოდ წითელ ხაზებს მივუთითებ, რასაც არ უნდა გადასცდეს და ასეთი ცოტაა. ვასწავლი ემპათიასა და სხვების გათვალისწინებას – მშობლის, რესურსის, მათ შორის, ფულის, ნივთების მოფრთხილებას, ცოცხალი არსებების სიყვარულს. სწავლება არ არის ყვირილი და რაიმეს აკრძალვა, სწავლება ნიშნავს, რომ დაჯდე და აუხსნა. ბავშვი არის ადამიანი, ადამიანი კი, გონიერი არსებაა. პანდემიის პირობებში გამოკეტილი ბავშვი იწყენს ვეუბნები ხოლმე, რომ მოწყენილობაც კარგია და ის ადამიანის შემოქმედებითობას აღვიძებს. მოწყენილი ბავშვი და პრინციპში, დიდიც, იმაზე ფიქრს იწყებს, როგორ გაირთოს თავი, ამ დროს მისი შემოქმედებითი აზროვნების უნარი აქტიურდება და იწყებს ახალი რაღაცების გამოგონებას, მოფიქრებასა და აღმოჩენას.
ის ყველანაირი პრობლემის შესახებ მიყვება და მომიყვება იმიტომ, რომ იცის – არ დავსჯი. ჩემი არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან იცის, რომ დავეხმარები, თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვუხდი. თუ მკითხავთ, ჩვენ მეგობრები ვართ თუ არა, მე ვიტყოდი, რომ არა – ჩვენ ვართ დედა-შვილი. ჩემი თაობის მშობლებს ძალიან ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ბავშვს მეგობარი და თავისუფლება სჭირდება და ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. მეგობარი მას თავისიც ეყოლება. მეგობრობა, ალბათ, მერე მოვა, როცა ის სრულწლოვანი გახდება და სანამ ბავშვია, მას სჭირდება დედა და წესრიგი, რაც არ ნიშნავს ტირანიასა და შეზღუდვებს. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული.
———————————–
ძალიან ხშირად დავდივარ სკოლებში ბავშვებთან შესახვედრად. ბავშვები თვითონ მიკავშირდებიან და მპატიჟებენ საჯარო ლექციის ჩასატარებლად. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორი მაღალი ცნობიერებაა იმასთან შედარებით, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი. გადასარევად იციან, რას ნიშნავს ფემინიზმი, გოგოები საკუთარ თავსაც მოიაზრებენ ფემინისტებად და აინტერესებთ ქალთა უფლებები. ბევრი გოგოსთვის და ბიჭისთვისაც, თანასწორობა უკვე ძალიან ბუნებრივი რამეა, რასაც მტკიცება არ სჭირდება. უთანასწორობა უფრო არ ესმით და აკვირვებთ. საერთოდ სხვა თაობა მოდის და მაქვს მათი იმედი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავუკაფოთ გზა, რომ იმათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლონ.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური