თამთა თოდაძე, 29 წლის, თბილისი

“ერთი დღე ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე და უკვე საღამოსკენ იქნებით უმუშევარი, მარტოსული, ყველასგან დავიწყებული და დაწყევლილი ტრავმატოლოგიურში მწოლიარე ინვალიდი…” – ჯეკ ნიკოლსონი

როდესაც პატარა ვიყავი და სამყაროს ვეცნობოდი, მასწავლიდნენ, რომ ყველას მიმართ კეთილი და სამართლიანი უნდა ვყოფილიყავი. ლოურენს კოლბერგის ადამიანის მორალური განვითარების ექვსივე საფეხურით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვფიქრობ, წარჩინებით გავართვი თითოეულ მათგანს თავი. პრეკონვენციონალურ ფაზაში მორჩილებას, დასჯისა და წახალისების გამომწვევ მიზეზებს, ინდივიდუალიზმისა და სამართლიანობის საწყისებს ვიაზრებდი და ვცდილობდი, ყოველთვის და ყველასთან ისე მოვქცეულიყავი, რომ ჩემი ქმედებები დასჯის საგანი არ გამხდარიყო. პირიქით, ყველა ბედნიერი ყოფილიყო და ამავდროულად, მე – შექების ობიექტი. კონვენციონალურ ფაზაში უფრო კარგად გავიზარე, რას ნიშნავდა პიროვნებათშორისი კონფორმულობა და სისტემის მიმართ პასუხისმგებლობა. იმდენად სერიოზულად აღვიქვამდი სხვების შეფასებას ჩემი ქცევების მიმართ და მათთვის სიამოვნების მინიჭების აუცილებლობას, რომ მახსოვს, 4-იანს რომ მივიღებდი, დედას სკოლიდან სულ ტირილით მოვყავდი… იმდენად სერიოზულად ვუყურებდი წესების დაცვას, სოციალური წესრიგის შენარჩუნებას, რომ თითქოს მე ვიყავი ამ ყველაფრის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი, მე უნდა ვყოფილიყავი ყველასათვის სამაგალითო, ფრიადოსანი მოსწავლე, რომელიც ყველას მოსწონს და დედა ამაყია მისი მიღწევებით. პოსტკონვენციალურ ფაზაში კი ყველაზე კარგად გავიაზრე, თუ რას ნიშნავდა პრინციპული სინდისი და უნივერსალური ეთიკურობა. საკუთარ თავში გავაცნობიერე სამართლიანობის, ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებები, ვეცადე ამომეხსნა ცხოვრების მთავარი ღირებულებები და ყოველივე ამის საფუძველზე ადამიანური ემპათიის უდიდესი მნიშვნელობა.

2019 წლის 30 სექტემბერს, ჩემზე განხორციელებულმა სექსუალურმა და ფიზიკურმა ძალადობამ სრულიად გამანადგურა. თითქოს ნაწილებად დავიშალე, დანაწევრებულ ფაზლად ვიქეცი, რომელისაგანაც, სამწუხაროდ, დღემდე ნახევარიც კი ვერ ავაწყვე… ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ ადამიანების ლოგიკაზე, რომლებიც ამბობენ, რომ მე ეს მოვიგონე. რისთვის მჭირდებოდა მოგონება, თუნდაც, ჰიპოთეტურად – ერთ მიზეზს მაინც დამისახელებთ?

სამაგიეროდ, მე შემიძლია გიპასუხოთ, რატომ გავხდი იძულებული, გამესაჯაროებინა ყველაფერი, რაც მოხდა, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება ცხოვრებას აღარ ჰგავს, მოგიყვეთ, ტროლების კარგად ორგანიზებული შემოტევის წყალობით, რამდენი ტალახის მოშორება მიწევს იმ დღიდან მოყოლებული დღემდე, იმის გამო, რომ სამართლიანობას ვითხოვ, განსხვავებით ზოგიერთი ადამიანისაგან, რომლებიც თავიანთი არაადეკვატური და ემპათიას სრულიად მოკლებული ქმედებებით იწვევენ საზოგადოებისაგან ლანძღვას და მერე კმაყოფილნი არიან, რომ ტალახის მსხვერპლი თავად ხდებიან… ალბათ, ძალიან ამბიციურები არიან, პოპულარობის განმარტება სხვანაირად ესმით, მთავარ როლში ყოფნა მოსწონთ, როგორც ჩანს, ფილმი “მარიტა” სრულფასოვნად არ აქვთ ნანახი, ნასროლი ტალახის სიმწარე და მისი მნიშვნელობა რომ გაეზიარებინათ. რამდენი ადამიანის წინაშე მიწევს თავის მართლება საკუთარ სიმართლეზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი არ მიცნობენ, შესაბამისად, ეჭვის თვალით მიყურებენ. რას ნიშნავს, როდესაც სუს-ის წყალობით, სრულიად გამჭირვალე ხარ, თითქოს რენტგენს გიღებენ, ყველგან გრძნობ დაჟინებულ მზერას, მოლოდინს – იქნებ, ეხლა შეგეშალოს რამე, რომ სალაპარაკო ჰქონდეთ. იცით, ეს რამხელა ნერვიულობა და სტრესია ჩემთვის?! რომელიც განუსაზღვრელი ვადით გრძელდება და არავინ იცის, როდის დამთავრდება. შემიძლია მოგიყვეთ, მაგრამ თქვენ თუ შეგიძლიათ, მიპასუხოთ – ახალგაზრდა, გასათხოვარმა (განსაკუთრებით, ქართული მენტალიტეტის პირობებში), უმაღლესი განათლებისა და ვფიქრობ, უდიდესი რესურსის მქონე ადამიანმა, რატომ უნდა მოიგონოს ეს?! პასუხი ვერ გექნებათ, თუმცა, ბოდიში მომითხოვია და ზოგის ლოგიკა…

სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ტალახს მესვრიან, რატომ არ საუბრობენ შერჩევით სამართალზე?! იმაზე, რომ არ არსებობს იმის პრეცედენტი, 138-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებული ადამიანი პატიმრობაში არ იყოს. მეტიც, 10 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე, ის გარეთაა, დეპუტატის მანდატიც არ აქვს შეჩერებული და აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას მაშინ, როდესაც მაგალითისთვის თუნდაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე რომ გავიხსენოთ, 126-ე მუხლი (ილია ჯიშკარიანს 126-ე და 138-ე მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი), რომლის საფუძველზეც დააკავეს და შემდეგ გირაოს სახით 100 000 ლარი გადაახდევინეს. როგორ ფიქრობთ, კანონის მიხედვით, რომლის ბრალეულობაა უფრო მძიმე და რამდენად შესაბამისობაშია გირაოს ოდენობასთან?! ეს ადამიანები რატომ არ საუბრობენ ახლახანს მომხდარ ძალადობაზე, რომელიც თელავის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს ეხება? აღნიშნულ საქმეში პოლიციის სწრაფ რეაგირებასა და მის დაპატიმრებაზე, დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მაშინ, როცა 30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ჩემზე იძალადეს, იმავე დღეს დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას, მაგრამ სანამ იძულებული არ გავხდი, ამაზე საჯაროდ მესაუბრა, რამდენიმე დღე ილია ჯიშკარიანი დაკითხვაზეც კი არ დაიბარეს. ისიც ხომ საკრებულოს დეპუტატია, მის შემთხვევაში რატომ არ მოხდა მანდატის შეჩერება? – კიდევ გაქვთ კითხვა გასაჯაროების მიზეზთან დაკავშირებით?

დაინტერესებულხართ, რას განიცდის ქალი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ საქართველოში?! მით უმეტეს, მაშინ, როცა ამაზე საჯაროდ უწევს საუბარი და თან საქმე პოლიტიკური გავლენების მქონე პირს ეხება. მე მოგიყვებით.

როდესაც შენზე ძალადობენ, ერთდროულად ძალიან ბევრ რამეს განიცდი – შიშს, ზიზღს, ტკივილს… რატომღაც მეხსიერება ყველაზე მეტად სუნს იმახსოვრებს, რომელიც გეზიზღება, მერე კი საკუთარი კანის სუნი გეზიზღება იმიტომ, რომ გგონია, გადმოგედო და ეს „გათრიგერებს.“ ძალიან ბევრი რამე გახსენდება, მაგრამ ცდილობ, დაივიწყო. როდესაც ამაზე საჯაროდ გიწევს საუბარი, ამ დროს მხოლოდ ერთი გრძნობა გაქვს – იცი, შენი ცხოვრება თავდაყირა დადგება, ყველა შენზე დაიწყებს ლაპარაკს, ძალიან ბევრი ტალახს გესვრის, სამწუხაროდ, საქართველოში ეს ხომ ის თემაა, რომელიც ბევრის ტკივილია, თუმცა არავინ საუბრობს, თითქოს ნორმაა და ასეც უნდა იყოს. ამ ყველაფერს აცნობიერებ, მაგრამ ისე ძალიან გატკინეს, იძულებული ხარ, საჯაროდ ილაპარაკო ამაზე. იმ ღამესვე ამოქმედდება კარგად ორგანიზებული ტროლების სისტემა, შენზე ათას სისულელეს წერენ, უსმენ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ის მათი მეგობარია და ამას არ ჩაიდენდა, ხედავ, როგორ იცავს სახელმწიფო, ამ დროს კი დაუმსახურებელი ტალახის წვიმა შენკენ მოდის. ეს იმდენად აშკარა და შესამჩნევია, რომ „მედიის განვითარების ფონდი“ ძალიან კარგ კვლევას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ორგანიზებულად მუშაობს ტროლების სისტემა შენზე.

გიფიქრიათ, რას ნიშნავს, როდესაც სისტემის სამიზნე ხარ?! იმის გათვალისწინებით, რომ ყველანაირი ბერკეტი და ძალაუფლება აქვთ, გიკვლევენ უჯრედულად, თითქოს ლაბორატორიული კვლევის საგანი ხარ. თუმცა ისეთს ვერაფერს პოულობენ, ვერც იპოვიან, როდესაც მთელი ცხოვრება ცდილობ სწორად იცხოვრო და კანონმორჩილი მოქალაქე იყო. რაღაც სისულელეებს ეკიდებიან, რომელიც ისე სულაც არ იყო, თხზავენ ისტორიებს იმისთვის, რომ რაღაც თქვან, ივიწყებენ ადამიანურ მორალსა და ეთიკას, ალბათ, განვითარების პოსტკონვენციალური ფაზა გამოტოვეს, ან თავის დროზე ეთიკური ღირებულებებით არც დაინტერესებულან, რომ ესწავლათ.

ეს ყველაფერი გახსენებს ნაწყვეტს თეოდორე დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელიდან” – “თუ შემთხვევა მოგვეცა, სინდისის გრძნობასაც გავქელავთ; თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვით სინდისსაც კი, ყველაფერს გასაყიდად გავიტანთ. დეე, თვითონ დაიღუპოს თავი, ოღონდ ეს ჩვენი საყვარელი არსებანი ბედნიერად იყვნენ! არ ვიკმარებთ ამას, გამოვიგონებთ ჩვენს საკუთარ კაზუისტიკას, იეზუიტებს მივებარებით და დროებით იქნება ჩვენივე თავი დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ, რომ კეთილი აზრი და საქმეც ამას მოითხოვს. ასეთი ვართ ჩვენ, ყველაფერი დღესავით ნათელია…” – ისინი ყველაფერს კადრულობენ, ჭუჭყი რომ ჩამოირეცხონ ნებისმიერ ფასად.

გიფიქრიათ, რას ნიშნავს, როდესაც ჯერ ვერ იძინებ, მერე კი, თუ დაგეძინა, გაღვიძება აღარ გინდა?! ყოველდღე რაღაც ახალი, მოგონილი ტალახის მოლოდინში ხარ, შემდეგ კი ლანძღვის, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში კანონით ისჯება, თუმცა ჩვენთან, ასეთ შემთხვევაში, ადვოკატის ეთიკა ხომ არ არსებობს?! ყველაფერი ძალაუფლებითა და ნაცნობებითაა.

გიფიქრიათ, რას ნიშნავს, როდესაც ცდილობ შენი დამსხვრეული ნაწილები შეაკოწიწო და დაუბრუნდე მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას?! სამსახურს ეძებ კერძო სექტორში, საჯარო სამსახურის ამბიციაც კი ვეღარ გექნება აღნიშნული მოცემულობის ფონზე, რეზიუმეებს გამუდმებით აგზავნი სხვადასხვა კომპანიაში დაბალ თანამდებობებზე, თუმცა გასაუბრებაზე ყველა ამ ამბავს გეკითხება, ზოგი თანაგრძნობით, ზოგი ირონიით, ზოგიც თუ არ გეკითხება, გეთამაშება – “რატომ წამოხვედი წინა სამსახურიდან?”, “არა, მაინც რატომ წამოხვედი?”, “გავიგე, მაგრამ მიზეზი?” – იმდენჯერ გისვამენ ერთი და იმავე კითხვას სხვადასხვა ფორმულირებით, ბოლოს იძულებულს გხდიან, მოყვე ეს ამბავი და საპასუხოდ იღებ ირონიულ ღიმილს – “კი, ვიცი, გიცანით…“. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ძირითადად, ამას ახალგაზრდა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აკეთებენ, რას აღწევენ ამით? კერძო სექტორი ხომ „დამოუკიდებელია,“ მაგრამ ყველა გერიდება, შენ გამო არავის უნდა მთავრობასთან პრობლემების შექმნა.

მაინტერესებს, რატომ ხდება, რომ საქართველოში ბრალდებული ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებს და თითქოს ძალიან ბევრს აკეთებს ხალხისათვის. ამის გადასამოწმებლად, შეგიძლიათ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მისი გაკეთებული საქმეების რაოდენობა გამოითხოვოთ. მაგალითისათვის, მე გეტყვით – 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ამ ადამიანს 70 შუამდგომლობა აქვს გაკეთებული მაშინ, როცა მთელი ბიურო თავისი ახლობლებით ჰყავს დაკომპლექტებული და მეტ-ნაკლებად მაღალი ხელფასებია, რომელსაც ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ვიხდით, რათა მათი კომფორტი უზრუნველვყოთ. თვალი გადაავლეთ მის სოციალურ გვერდს, რამდენ რამეს „აკეთებს,“ ან „აკეთებდა,“ გაოცდებით. ამ დროს კი, შენ მინიმალურ დონეზეც კი ვერ უბრუნდები ნორმალურ ცხოვრებას იმიტომ, რომ თანაგრძნობის ნაცვლად იმდენი ტალახი გესროლეს, ყველას გარკვეული ეჭვები და შეკითხვები აქვს შენთან…

“…და უთხრა ზოგიერთებს, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ თავის თავში, რომ მართლები არიან და ამცირებდნენ დანარჩენებს, ეს იგავი: ორი კაცი ავიდა ტაძარში სალოცავად: ერთი – ფარისეველი და ერთი – მეზვერე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა თავისთვის: “ღმერთო, გმადლობ შენ, რომ არა ვარ, როგორც დანარჩენი ადამიანები, მტაცებელი, ცრუ, მრუში ან როგორც ეს მეზვერე; ვმარხულობ ორგზის შაბათის განმავლობაში, მეათედს ვიხდი მთელი ჩემი მონაგებიდან…” ხოლო მეზვერე შორს იდგა და თვალების აპყრობაც არ უნდოდა ზეცად, არამედ იცემდა მკერდში და ამბობდა: “ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს..” გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული ჩამოვიდა სახლში, ვიდრე ის ფარისეველი, რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, ხოლო ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება” (ლუკას სახარება, 18:9-14) თქვენი აზრით, ჭეშმარიტი მორწმუნე ამაზე საჯაროდ ლაპარაკობს?! როგორ გალობს, როგორ აშენებს ეკლესიებს. გიფიქრიათ, ლუკას სახარების ამ ნაწყვეტში რა აზრი დევს?! გადაავლეთ თვალი ილია ჯიშკარიანის სოციალური ქსელის, Facebook-ის გვერდს, რატომ აქვს უამრავი საეკლესიო პოსტი გაზიარებული ძალადობის შემდეგ და მანამდე ერთიც კი არ აქვს?! ეს უბრალოდ პასუხი მათ, ვინც ამ თემით სპეკულირებს.

გიფიქრიათ, რამდენი რამის თქმა მინდა?! მაგრამ ვერ ვამბობ იმიტომ, რომ უამრავი რამ გადავიტანე და იმის რესურსი აღარ დამრჩა, სისხლისმსმელი სვავების ახალ კომენტარებსა და მოგონილ ბრალდებებს ვუსმინო ჩემს ნათქვამზე.

გიფიქრიათ, როგორი განადგურებული ვარ შინაგანად და რამხელა ზიანი მომაყენა ჯერ ძალადობამ, მერე კი, ჩემ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, რომელსაც ბოლო არ უჩანს?!

გიფიქრიათ, რა ძნელია, იყო საქართველოში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და თანადგომის ნაცვლად, დაუმსახურებელი, ნასროლი ტალახის წმენდა გიწევდეს?!

გიფიქრიათ, რას ნიშნავს საერთოდ ადამიანური ემპათია და ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანმა რა არ უნდა იკადროს?!

გიფიქრიათ, რას ნიშნავს, როცა გგონია, ცხოვრება დასრულდა მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანობას ითხოვ?!

გიფიქრიათ, რას ნიშნავს, იყო ნამდვილი ადამიანი?

ეს მათ, ვისაც არ უფიქრია.

ავტორი: თამთა თოდაძე
ფოტოგრაფი: გედა დარჩია