მაკა მოსიაშვილი, თელავი

„ყველაზე მეტად რისი გახსენებაც არ მინდა, ჩემი პატიმრობის პერიოდია. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრე და ამოვწურე ეს თემა, მაგრამ როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, მაინც მიხდება იმ პერიოდის მოგონება. საპატიმროში რომ მოვხვდი, გარეთ სამი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე…

როცა ციხეში მამები ხვდებიან, ხშირად დედები იღებენ თავის თავზე ვალდებულებას, რათა შვილს არ დაავიწყდეს მამა, მიყავთ შვილები მასთან სანახავად და აქვთ მამებთან უწყვეტი კონტაქტი. რაც არ ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქალია დაკავებული. საპატიმროში მოხვედრის 4 თვის თავზე, ჩემმა ქმარმა ამიხსნა, რომ ის იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და მისი და მისი კარიერისთვის ჩემი შემთხვევა იყო მიუღებელი. ამიტომ განქორწინება მომცა და დავრჩი მარტო განსაცდელში. ბავშვები დედაჩემთან დარჩნენ და პრაქტიკულად დედამ გაზარდა ჩემი შვილები. ჩემი პატიმრობის სამი წლის შემდეგ ალიმენტის მოთხოვნით მივმართე სასამართლოს. მისი ხელფასი სრულ უფლებას მაძლევდა სამომხმარებლო კალათით დადგენელი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით თითო ბავშვზე 245 ლარი მომეთხოვა. ჩემი ბიჭი იყო ძალიან პატარა მაშინ, და ტელეფონზე მითხრა ბევრი არ დააკისრო, ცოდოა მამიკოო. რომ ვკითხე, რატომ თვლიდა ასე, მიპასუხა, შენ მაგარი ხარ და მამა ცოდოაო. სასამართლოში რომ შევხვდი უკვე ჩემს ყოფილ ქმარს, ვუთხარი, იცოდე, დღეს შვილმა შეგიწყალა და 245 ლარის ნაცვლად გაკისრებ თითო ბავშვზე 100 ლარს-თქო. ამის მერე დღემდე, იხდის თვეში 300 ლარს და ახორციელებს საინფორმაციო ტიპის ზარებს. არადა ბავშვებს რამდენი რამე ჭირდებათ მამისგან – სკოლაში ერთად სიარული, სხვადასხვა თემებზე საუბარი, ურთიერთობა. ის უბრალოდ სირთულეს გაექცა – წავიდა და დაგვტოვა მარტო.

უსამართლობად ვთვლი, რომ მარტოხელა დედების უფლებები არ არის დაცული. იმ შემთხვევაში, როდესაც ქალი მარტო ზრდის შვილებს, მას აქვს გაასმაგებული პასუხისმგებლობა და პრაქტიკულად უწვეს სერიოზული ბრძოლა, საკუთარი თავის და შვილებს გადარჩენისთვის. არის პერიოდი, როცა შრომისუნარიონობასაც კარგავ, დეპრესია გიტევს. მარტო ის რომ პარლამენტმა დაგვიდო მარტოხელა დედის სტატუსი, იმის გარდა სხვა არაფერი არ გვაქვს. ეს არის სტატუსი სტატუსისთვის. მარტოხელა დედას ეძახიან იმ დედებს, რომლების შვილებსაც დაბადების მოწმობაში მითითებული აქვთ მხოლოდ დედის გვარი. და მე ვთვლი, რომ არ შეიძლება მარტოხელა დედის სტატუსი მხოლოდ ამ ფორმით გაიზომებოდეს. იმიტომ, რომ მარტოხელა დედა არის ყველა ის ქალი, რომელიც დამოუკიდებლად და მარტო ზრდის შვილებს.

საპატიმროდან გამოსვილდან 6 თვის თავზე დავუბრუნდი ჟურნალისტიკას. თუმცა მივხვდი, რომ სულ სხვა რეალობაში მოვხვდი. ქალაქს, რომელსაც გააჩნია 8-9 მილიონიანი ბიუჯეტი, არ აქვს სოციალური პროგრამა, რომელიც დამიცავს მე და ჩემნაირ ადამიანებს. ამიტომ სერიოზულად გადავწყვიტე დამეწყო თელავის თვითმმართველობის ე.წ. „მონიტორინგი“. დავიწყე თვითმმართველობის კოდექსის შესწავლა, საკრებულოს რეგლამენტის დეტალურად გაცნობა, დადგენილებებისა და ნორმატიული აქტების კითხვა, რომ მივმხვდარიყავი, როგორ მუშაობენ თვითმმართველობაში. ზოგადად თელავი ყოველთვის იყო ლიდერი ქალების ქალაქი. ახლა კი გვაქვს სრულიად პატრიარქალური გარემო: გვყავს კაცი მერი, თავისი სამი კაცი მოადგილეთი და 15 საკრებულოს წევრი კაცი, რომლებიც ვერასდროს აცნობიერებენ, რა უჭირთ ამ ქალაქაში მაცხოვრებელ ქალებს.

პროვინციულ ქალაქებში ქალები ნაკლებად რისკიანები არიან, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს მე უნდა ამეღო ჩემს თავზე და ვა ბანკზე წავედი. როგორც თავისუფალი მოქალაქე ვესწრები სათათბიროს და საკრებულოს სხდომებს და ვაკონტროლებ, სად და როგორ იხარჯება ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი. თელავის ბიუჯეტი ძალიან ხშირად არამიზნობრივად იხარჯება. თუკი სადმე რამე საზღვარგარეთული ვიზიტები გამოცხადდება, თვითმართველობების კაცები ჯოგური პრინციპით მიდან და იქ არამიზნობრივად ხარჯავენ ბიუჯეტს. გარდა ამისა, ქალაქის დღესასწაულებზე იხარჯება გარკვეული თანხები, თუმცა ამ დღესასწაულებს მერე მეორე განყოფილებაც მოყვება და ნაბასხუსევზე დამატებით კიდევ 60,000-80,000 ლარს ხარჯავენ ბიუჯეტიდან…

თელავში კი ქალებს აწუხებთ უმუშევრობის და დასაქმების პრობლემა, კაცმა თუ რეკომენდაცია არ გაუწია, ქალი მაღაზიაში გამყიდველადაც ვერ იმუშავებს. გარდა ამისა კახეთში ქალთა ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაუმართავია ინფრასტუქტურაც. წყლის პრობლემა ყველაზე მეტად ქალებს აწევთ ტვირთად, რადგან საოჯახო საქმეებს ქალები უძღვებიან და იმ სოფლებში, სადაც წყალი არ მიდის სახლში, ქალებს უწევთ კილომეტრების გავლა და წყლის მოტანა. მეც და ჩემნაირ ქალებს თვითმმართველობაში ჩვენნარებს გვინდა ვესაუბროთ, ანუ იმათ, ვისაც უკეთ ესმით ჩვენი გამოცდილების. კაცები კიდევ ვერ ხვდებიან, რა პრობლემები აწუხებთ ქალებს. ის კი არადა, თუ რომელიმე ქალმა გაბედა და მივიდა თვითმმართველობაში, იტირა, იყვირა და საკუთარი უფლების დაცვა მოითხოვა, კაცები დადგებიან კარს უკან და ქირქილებენ, კრიტიკული დღეები აქვს ეტყობა და იმიტომ ყვირისო.

როდესაც თვითმართველობების მონიტორინგი დავიწყე, თავიდან ლაფს მესროდნენ, დამცინოდნენ, მერე გაბრაზდნენ და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება აღმოჩნდა სწორი. დღეს კი ჩემი მიმართვის შემდეგ ქალაქ თელავის სოციალურმა კომისიამ გააკეთა გარკვეული სუბსიდირება კომუნალურ გადასახადებზე მარტოხელა დედებისთვის. თელაველებში გავაჩინე იმედი, რომ მათი ხმა გაგონილი იქნება საკრებულოს მიერ. ახლა ქალაქში ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს ჩემთან და მე ვეხმარები პრობლემების მოგვარებაში, ბუნებრივია, რითიც შემიძლია. ვასწავლი საკრებულოს, მაგარალითად როგორ შეიძლება დააფინანსონ მარტოხელა სტუდენტის სწავლის გადასახადი, რომელიც ობოლია და დღისით მუშაობს და საღამოს სწავლობს.

ქალის ხმის ამოღებას ყველაზე მეტად კაცებს ეშინიათ, იმიტომ რომ ქალები მარტივად არ შედიან გარიგებაში, და ქალებს არ შეუძლიათ რაღაცეების გადაყლაპვა და ქალებს თავისი მრავალფუნქციური გამოცდილებებიდან გამომდინარე, პრობლემების უკეთ მოგვარება შეუძლიათ.

დღეს ქალაქში ყველამ იცის, რომ ზაფხულში მე დავასრულებ ჟურნალისტურ კარიერას და 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვიყრი კენჭს. მე ვიქნები, ქალი, რომელიც ამ ქალაქში შეცვლის ქალების ცხოვრებას, რომელიც მიზანდასახულად ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხებს საგრანტო პროექტებისთვის, რომლის მეშვეობით ქალები შეძლებენ სამეწარმეო საქმიანობის განვითარებით დამოუკიდებლად დაიწყონ ცხოვრება. თელავისთვის განკუთვნილი თანხები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმ მიმართულებით, საიდანაც მივიღებთ უფრო მეტ სარგებელს.“