ოქტომბერი 10, 2020 In თემები, კ-პ, რეგიონები, შიდა ქართლი, შშმ ქალები და მათი აგენტობა
ნინო დოფიძე, 38 წლის, ხაშური
„ისე გავიზარდე, არავინ მაგრძნობინებდა და ბავშვობაშიც ვერ ვხვდებოდი, რომ სხვანაირი ვიყავი. ერთ დღეს, როცა გარეთ ბავშვებთან ერთად სირბილი მინდოდა და დედა ვერ მიხსნიდა, რატომ არ მიშვებდა, სარკის წინ დამაყენა და მითხრა, ნუ გავიწყდება, როგორი ხარო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩემს მდგომარეობას ბოლომდე ვერ ვიაზრებდი და ზოგჯერ ეს სახიფათო იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, მე არ მაქვს კომპლექსები საკუთარი თავის გამო, უბრალოდ, მინდა, უფრო ჯანმრთელი ვიყო და ვაკეთო ის, რაც მთელი გულით მინდა – ბევრი ვიმუშაო, ვიმოგზაურო და დავიხარჯო. იმაზეც მიფიქრია, ასეთი რომ არ ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო, რაღაც მნიშვნელოვანი გამომეპარებოდა. მიყვარს, რომ შემიძლია, ყოველდღიური “ვითომ არაფერი” მიხაროდეს.
რუსთავში ვსწავლობდი, სადაც ხერხემლის დაავადებების სპეციალური სკოლა-ინტერნატი არსებობდა, 9 კლასი იქ დავამთავრე. ეს სკოლა ყველანაირად იყო აღჭურვილი იმისთვის, რომ ჩვენ სწავლისა და რეაბილიტაციის სათანადო პირობები გვქონოდა. მაგალითად, კლასში სპეციალური საწოლები იდგა – გაკვეთილის დროს ვიწექით და სამკერდეებით ვწერდით. სკოლას ცალკე კორპუსი ჰქონდა, სადაც ყოველდღიურად გვიკეთდებოდა ფიზიოთერაპია, მასაჟი, ანალიზები და სხვადასხვა პროცედურები. 90-იან წლებში, რა თქმა უნდა, ყველაფერი აირია და შეწყდა, მაგრამ სამედიცინო სერვისი და პროცედურები არც მაშინ მოგვკლებია.
9 კლასი რომ დავამთავრე, სკოლა ხაშურში გავაგრძელე. ახალ გარემოს ადვილად შევეგუე, დისკომფორტი არ მქონია, მეგობრული და თბილი გარემო დამხვდა.
ჩემი ექიმი სულ მეუბნებოდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი, მუდმივად მევარჯიშა და მასაჟები გამეკეთებინა. ჩემი დაავადება პროგრესირებდა და მირჩევდა, რომ სწავლის გაგრძელებაზე არ მეფიქრა, რადგან შეიძლება უფრო ცუდად ვყოფილიყავი. მაშინ ცოტა გულუბრყვილო ვიყავი და ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რასაც ის მეუბნებოდა. სხვათა შორის, ჩემი მშობლებისთვისაც იგივე ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ მათ ჩემთვის არასოდეს აუკრძალავთ უმაღლესში სწავლაზე ფიქრი. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და ჩემით გადავწყვიტე ჩაბარებაც, ჩემით ვემზადებოდი და ვარკვევდი, სად შევძლებდი „ჩაწყობის“ გარეშე ჩაბარებას. ჩემი კლასელები სასულიერო სემინარიაში აბარებდნენ, ამიტომ, მეც გადავწყვიტე, ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე მეცადა და წარმატებით ჩავირიცხე.
ექიმებთან სიარული და წოლითი რეჟიმი ხშირად მიწევდა, ჩემი ერთადერთი გასართობი წიგნი იყო – ბავშვობიდან მკითხველი ვარ. ზაფხულობით, რამდენიმე თვეს სოფელში ვატარებდი, სადაც მამაჩემი მანქანით წამაღებინებდა ხოლმე წიგნებს და ბევრს ვკითხულობდი. ამიტომ, ბიბლიოთეკასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. სულ წიგნების დანაკლისი მქონდა, მინდოდა, ბევრი წიგნი მქონოდა, მაგრამ ახალ წიგნებზე წვდომა მაშინ რთული იყო. სტუდენტობის დროსაც, ჩემს მეგობრებს სულ ვთხოვდი, თანამედროვე ქართველი მწერლები და ახალი წიგნები ეთხოვებინათ და ბევრი რამ სწორედ მაშინ წავიკითხე. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ლიტერატურა ჩემთვის ყველაფერი იყო – მეგობარიც, მთაში ასვლაც და საზღვარგარეთ მოგზაურობაც. ლიტერატურამ ბევრი კარი გამიხსნა, რომლის ნახვისა და განცდის საშუალებაც რეალურ ცხოვრებაში არ მომეცა. შემიძლია ვთქვა, რომ ლიტერატურა ჩემთვის გადამრჩენელიც კია.
2005 წელს სწავლა დავამთავრე და ხაშურში დავბრუნდი. სულ მინდოდა, ჩემს ქალაქში მემუშავა და აქ შემეცვალა რამე. ამიტომ, თბილისში დარჩენასა და სამუშაოდ წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. ხელოვნების მასწავლებლობა მინდოდა. ხაშურისა და სურამის ყველა სკოლა შემოვიარე, განცხადებებიც დავტოვე, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებოდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლასთან მიმოწერის დროს მითხრეს, რომ ვაკანსია ჰქონდათ და გასაუბრებაზე დამიბარეს. შეხვედრაზე რომ მივედი და დირექტორმა დამინახა, იმდენად შეცბა, სახეზე დაეტყო ეს ყველაფერი. ის ადგილი აღარ გვაქვსო, თუ რაღაც გაუგებარი პასუხი მითხრეს. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, ერთ-ერთ მუზეუმში მივედი და გამომისტუმრეს, ადგილები არ გვაქვსო, მაგრამ მალევე გავიგე, რომ სხვა მიიღეს.
მოკლედ, ჩემთვის ადგილი არსად გამოჩნდა მანამ, სანამ დავით წიქარიშვილი არ გავიცანი, რომელიც მაშინ კულტურის გაერთიანების უფროსი იყო. მეზობელმა მირჩია, ძალიან კარგი ადამიანია და მას დაელაპარაკე შენს სამსახურზეო. მართლაც, მივედი და ადამიანმა, რომელსაც პირველად შევხვდი, მთელი ორი საათი დამითმო. ამ საუბრის მერე მითხრა, ხვალ საბუთები მოიტანე და მუშაობას დაიწყებო. ძალიან გამიკვირდა და არ მჯეროდა, მაგრამ იმ დღიდან დათო გახდა ჩემი მფარველი და მერე უკვე მეგობარიც. ზოგადად, გარემოსთან შეგუება მარტივი არ იყო და ყველაზე მეტად ადამიანებს იმას ვერ ვპატიობ, თუ ვინმეს ნათესავი, ახლობელი არ ხარ ან რამეს არ წარმოადგენ, ადამიანად არ აღგიქვამენ და პატივს არ გცემენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომელიც შეიძლება ვერ მუშაობს და მშობლები არ ჰყავს, საკუთარი პენსიით ამ ქვეყანაში თავს ვერ ირჩენს. მე, მაგალითად, პენსია საკუთარ წამლებში არ მყოფნის და არ არსებობს პროგრამა, რომელიც თუნდაც იმ წამალს დააფინანსებს, რომელსაც მუდმივად საჭიროებს შშმ ადამიანი. ერთხელ რეანიმაციაში მოვხვდი, 2000 ლარამდე დაგვეხარჯა და მხოლოდ 500 ლარი დამიფინანსა სახელმწიფომ. სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და მაგალითად, როცა ასაკოვან ადამიანებს პენსიას უზრდის, ეს შშმ ადამიანებსაც უნდა გვეხებოდეს.
ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში, სადაც ახლა ვმუშაობ, თავიდან ხელოვნების ისტორიის წრე მქონდა, მაგრამ დაინტერესება დიდად არ იყო. ჩვენი ცენტრის მუშაობის მთავარი პრინციპია, ბევრი მოსწავლე იყოს და ბევრმა მიიღოს სარგებელი, მერიამ რომ დააფინანსოს. ამიტომ, ამ რაოდენობის გამო, ჩემი წრე უნდა დახურულიყო. ამავე ცენტრში ცოტა ხანს ინგლისურს ვასწავლიდი პატარა ასაკის ბავშვებს, რადგან იმ დროს ინგლისურის მასწავლებელი წავიდა ცენტრიდან. მე სპეციალისტი არ ვარ და ერთი სული მქონდა, როდის მოვიხსნიდი ამ პასუხისმგებლობას. მოკლედ, ჩემს ხელმძღვანელობას ვუთხარი, მოეძებნათ ინგლისურის სპეციალისტი და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, მე იმას გავაკეთებდი. მაშინვე დამთანხმდნენ და მკითხველთა კლუბი შევქმენი. კლუბი მეხუთე წელია არსებობს, აქ ძალიან კომფორტული გარემო შეიქმნა როგორც ჩემთვის, ისე ბავშვებისთვის. ჩემი მიზანია, ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებსა და თანამედროვე ავტორებზე, ანუ მეტ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რაც სკოლაში არ ისწავლება. გაკვეთილის დროს, არაფერს ვკითხულობთ, ეს ძალიან მოსაწყენი პროცესია და არც იმას ვავალებ, რომ ერთ კვირაში რომელიმე წიგნი წაიკითხონ. ჩემი მეთოდი ასეთია – ახალ წიგნსა და ავტორზე ბავშვებისთვის საინტერესო პრეზენტაციას ვამზადებ და შემდეგ ამ წიგნის შინაარსიდან გამომდინარე, მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობებს ვაკეთებ. მაგალითად, წიგნი „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ როცა ავუხსენი, ბავშვებს ფურცლები დავურიგე და ვთხოვე, სკოლის ჭიშკარი ისე დაეხატათ, როგორიც მათ წარმოსახვაშია. ეს წიგნი მოზარდ ბიჭზეა, რომელსაც სკოლის ჭიშკარი ჯოჯოხეთის კარიბჭედ აქვს აღწერილი, რადგან სკოლას ვერ იტანს. ჩემი თხოვნის შემდეგ, 10-დან 9 ბავშვის ნახატში ჩანდა, რომ სკოლა მათთვისაც საშინელებაა. ამაზე ისე ვინერვიულე, თავი ძლივს შევიკავე, არ მეტირა. ზოგადად, ბავშვები ბევრ რამეს მიყვებიან, რადგან მათ ძალიან სჭირდებათ იმის გაზიარება, რა არ მოსწონთ სკოლაში. დღევანდელი სკოლა ვერ ეწევა ბავშვების განვითარებას და მათთვის გაკვეთილი უკვე რუტინული პროცესია, სადაც საინტერესო არაფერი ხდება. გარდა ამისა, ბავშვებს ყველაზე მეტად იმის შეგრძნება სჭირდებათ, რომ პიროვნებებად აღვიქვამთ. ბავშვებს ჰგონიათ, რომ არაფერი შეუძლიათ და ესეც სკოლის ბრალია. ხშირად მეუბნებიან – „იცით, რა ცუდად ვხატავ?“ „მე წერა საერთოდ არ გამომდის“ და ა.შ. ბავშვებს ბუნებრივად აქვთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე, მაგრამ იმდენად არ ვახალისებთ მათ, თავისუფლად გამოთქვან აზრები, რომ კომპლექსები აქვთ და სულ რცხვენიათ. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებული ეგონოს, მაგრამ იმდენად საინტერესოა ბავშვებთან ურთიერთობა, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, მათთან კარგად ვხდები.
წლის ბოლოს, საყვარელი წიგნების ან საყვარელი პერსონაჟების პრეზენტაციებს ვაკეთებთ კლუბში, სადაც მოწვეული სტუმრებიც გვყავს, რომლებიც ბავშვებს მათი საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან. ძალიან გვინდა, მწერლებიც მოვიწვიოთ ხოლმე ჩვენს კლუბში, მაგრამ ყოველთვის მერიდება მათი დაპატიჟების. რაც სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაში ყველაზე მეტად გვიშლის ხელს, ფინანსებია, რადგან ბავშვებს ვერ ვავალებ ფულის შეკრებას. მინდა, მკითხველთა კლუბი ის კერა იყოს, სადაც ბავშვები რაღაც ახალს გაიგებენ და წაიკითხავენ. ასევე ვცდილობთ, შევქმნდათ კლუბის ბიბლიოთეკაც – ბევრი საინტერესო წიგნი ადგილზე რომ გვქონდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციასთან – “მშობლები განათლებისთვის“ – ვთანამშრომლობ და მათთან ერთად მკითხველთა კლუბში უფროსების ჯგუფიც გავაკეთეთ, სადაც არც ასაკია შეზღუდული და არც სქესი. თვეში ერთხელ უნდა ყოფილიყო ეს შეხვედრები და არა სასწავლო, არამედ, უფრო თავისუფალ სადისკუსიო სივრცედ იყო ჩაფიქრებული. პანდემიამდე ერთი შეხვედრაც მოვასწარით და მომავალშიც ვგეგმავთ ამ შეხვედრების გაგრძელებას.
ძალიან მტკივნეულია, როცა რეალური შესაძლებლობა გეძლევა, საქმე გაქვს და ხელს ვერ კიდებ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის ვერ იტვირთებ, ვერ ზიდავ და ამიტომ ვერ ახორციელებ შენს მიზნებს. მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მუშაობა შემიძლია, თან, ბავშვებთან მუშაობა და ჩემ გვერდით სულ არიან ადამიანები, რომლებიც დიდ და სასიცოცხლო ძალას მაძლევენ ხოლმე.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური