26 წლის ანონიმი რესპონდენტი გალიდან

„ქალები საქართველოდან“ პერიოდულად შემოგთავაზებთ ქალების ისტორიებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ ქალებისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგულებოდეთ სანდო პლატფორმა, სადაც თავის ხმას გააჟღერებენ და სათქმელს მოჰყვებიან. ჩვენი პირველი რესპონდენტი აფხაზეთში მცხოვრები ქალია, რომელმაც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, კონიფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა. ინტერვიუ ერთ-ერთი საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით, დისტანციურად ჩავწერეთ. ფოტო არის სიმბოლური ხასიათის, მასზე გამოსახული ადამიანი არის მხატვრული სახე და ის არ ასახავს რეალურ რესპონდენტს. ფოტოს ავტორია გედა დარჩია.

კრიტიკულ მდგომარეობაში დარჩენილი გალის მოსახლეობა საკვებისა და პირველადი ნივთების „გადმოწოდების“ მოლოდინშია. ისტორიის ბოლოს მითითებული იქნება ანგარიშის ნომერი, რომელზეც ყველას შეუძლია თანხის გადარიცხვა, რომ ენგურის გაღმა მცხოვრები ადამიანებისთვის, ბავშვებისთვისა და მოხუცებისთვის საკვები შეაგზავნონ.

———————————————–
26 წლის

„აფხაზეთიდან დევნილი ქალი ვარ. ამჟამად გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ეთნიკურად ქართველი ვარ, თუმცა ისეთი აგრესია მოდის ამ გასაჭირის ჟამს გაღმა ნაპირიდან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ იმ სიმძიმეს, რასაც ყველაფერთან ერთად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერში ვიყო გამოკიდებული – არც იქითა მხარეს ვეკუთვნი, არც აქეთა, უპატრონოდ და მიტოვებულად ვგრძნობ თავს.

აქ არ არსებობს კანონი და მით უმეტეს, სამართალი. პასუხსაც ვერავის მოვთხოვთ უსამართლო ქმედებაზე და, პრინციპში, ისევე როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად დაუცველები ვართ მთელს საქართველოში. კარანტინამდე საჭმელს მაინც გვიგზავნიდნენ გაღმა ნაპირიდან, ახლა არ ვიცი, რამდენი ხანი მეყოფა ეს მარაგი ჩემი ჩვილისთვის, რომელიც დაბადებიდან დევნილია.

საზღვრები ვირუსის გავრცელების გამოცხადებიდან მალევე ჩაიკეტა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგატარებენ გაღმა, თუ გალიდან გასცემენ ბრძანებას, რომ კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვს. დავირუსებული აქ არავის სჭირდები და მომხედავიც არავინაა. აქაური მხარე ძლივს დავითანხმეთ საკვების, პირველადი ნივთებისა და მედიკამენტების გადმოწოდებაზე, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა არ გამოატარეს ახლობლები, რომ მოეწოდებინათ ეს ყველაფერი. ბავშვებია მთავარი საზრუნავი. სხვები უბრალოდ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშივრები არ ვიყოთ. აქ ხალხს არაფერი გააჩნია: ღარიბი მეურნეობა და 45 ლარიანი შემწეობა. მაგრამ ახლა, ამ კარანტინისას ისეთი დეფიციტია ყველაფერზე, რომ ფულითაც ვერაფერს ვშოულობთ. ფიზიკურად არაფერი იშოვნება. არიან მოხუცებიც, რომლებსაც ამოწურული აქვთ საჭირო წამლების მარაგი. გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს და იმის მომლოდინე ვართ, საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარული პროდუქტით თუ დაგვეხმარებიან.

ყველამ როდი იცის, როგორია აქაური მდგომარეობა. ეგრეთწოდებული ოკუპანტები დღემდე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ნებით ავდგეთ და წავიდეთ, ყველა მხრიდან გვიჭრიან გზას. ჩვენ აქ უბრალოდ ვარსებობთ. ჩვენი თანამემამულები კი გვითვლიან ამ წყეული მავთულხლართების იქიდან, რომ რუსეთმა გვიხელმძღვანელოს და მათ დავუჯეროთ.

სინამდვილეში, ჩვენმა ოჯახებმა, მშობლებმა არ დატოვეს აქაურობა. სახლები ვერ მიატოვეს და ის იოტისოდენა შანსი გამოიყენეს, რომ თუნდაც იარაღის მუქარის ქვეშ ეცხოვრათ, მაგრამ ეცხოვრათ ამ მიწაზე. დღემდე სიმწრით გააქვთ თავი და ჩვენც, შვილებიც ვუდგავართ მხარში. ქართველების აფხაზეთში ცხოვრებას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს და გული მწყდება, რომ ამის გამო მოღალატეებს გვეძახიან.

მახსოვს, სტუდენტობის დროს როგორ ვიპარებოდით ჩუმად საზღვარზე და გადმოვდიოდით ზუგდიდში. ყველა გზას მივმართავდით, ოღონდ გვესწავლა. ერთხელ, ერთ-ერთი სოფლის საზღვრიდან ჩუმად გადმოვდიოდით. ორი მდინარე უნდა გადამელახა. ცურვასთან ერთად, წყლის სიღრმეც კი არ ვიცოდი. მახსოვს, წყალში ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თავს ვიმხნევებდი, რომ არ იქნებოდა ღრმა და ამას შევძლებდი. გადავლახე. ჩემი ორსული და მაცილებდა, გზა რომ ეჩვენებინა და მავთულხლართებში აიბლანდა. ძლივს დაიძვრინა თავი. სამშვიდობოს გამოსული მთელი ძალით მივრბოდი წინ. ძალიან გაორებული ემოციები მქონდა, საქართველოდან საქართველოში გავრბოდი. ჩვენც, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, ვთვლით, რომ აფხაზეთი საქართველოა. ერთი განსხვავებით – ჩვენ აქ ვცხოვრობთ კიდეც და ვართ ყველაზე უფრო მეტად დაუცველები.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

კარანტინის გამოცხადებისა და საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანებს პროდუქტებისა და პრეპარატების დეფიციტი აქვთ. ბაშვებს ესაჭიროებათ სხვადასხვა საკვები: ჰუმანა #2, ჰიპი კომბიოტიკი #2, ჰიგიენის საშუალებები და საფენები, წამლები (ნუროფენი, ფიზიოლოგიური, დექსა, სუპრასტინი, ჰუმანას რეგიდრონი, კოლედანი, D ვიტამინი).
თანხა გროვდება ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგ მოხდება პროდუქტების შეძენა და შეძლებისდაგვარად „გადაწოდება“

ანგარიშის ნომერი: GE81BG0000000162382105
მიმღები გიგა გუდაბანძე

მსგავსი ისტორიები