მანანა გოფოძე – ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

მანანა გოფოძე – ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

„უმაღლესი განათლება მაქვს. 1995-96 წლებში სანეპიდსადგურში ექიმ-ლაბორანტად, ასევე, განყოფილების ხელმძღვანელად ვმუშაობდი. შემდეგ თბილისში გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, თუმცა ხონში მალევე დავბრუნდით.

2009 წელს სკოლა-ლიცეუმში დავიწყე მუშაობა, შემდეგ ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში – მათემატიკისა და ზოგადი უნარების მასწავლებლად. 2013 წელს, როდესაც პროფესიული ეროვნული ლიგა ჩამოყალიბდა, ვიყავი მისი გამგეობის წევრი ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 2014 წლიდან ხონის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, 5 წელი ვიმუშავე ამ თანამდებობაზე და მერე მერის მოადგილედ დავინიშნე. ასევე, გენდერული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების წევრი ვარ. წელს პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციაც დაარსდა და იმერეთის რეგიონის საბჭოს წევრი ვარ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

მერის მოადგილის პოზიციის შემოთავაზება მოულოდნელი არ ყოფილა. ცხადია, საპასუხისმგებლოა, მაგრამ ახლა იმ საკითხებს ვკურირებ, რომლებიც პრიორიტეტულია-სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხები. თუმცა, ეს ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის და, ბუნებრივია, ფიქრობ, როგორ გამოგივა. რადგან სოციალური საკითხები მეხება, ამ საკითხებზე მოსულ მოქალაქეებს მე ვხვდები და დღის განმავლობაში ბევრი პრობლემისა და გასაჭირის შესახებ ვისმენ, რაც, ცხადია, სასიხარულო ნაკლებადაა, უფრო ვიტყოდი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, ისინი პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი. მე ვგრძნობდი, რომ საჭირო იყო რადიკალური ცვლილებები, ჩემი აქტიურობა, ამიტომ პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე – პოლიტიკა ჩემს სახლში შემოიჭრა და გარეთ გამომიყვანა. ქალებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ყოველდღიურ ცხოვრებაში, განათლებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში… რატომაც არ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში ქალი?! მათ თავიანთი სიტყვა უნდა თქვან და მეტი ძალისხმევა მიმართონ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისკენ.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა სოლიდარობის საკითხიც. ვთვლი, რომ განვითარებისთვის აუცილებელია, პოლიტიკოსმა ქალებმა ინტერპარტიულობას ხელი შეუწყონ. როცა საკრებულოში მიწევს მისვლა, ყოველთვის მივმართავ ოპოზიციონერ ქალებს, ნებისმიერ პროექტში აქტიურად ჩაერთონ მანამ, სანამ საკრებულოში გადმოვიტანთ ამ საკითხს, რადგან მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა აუცილებელია.

როგორც ქალ პოლიტიკოსს, მთელი სულითა და გულით მინდა, რომ წვლილი შევიტანო ჩემი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში და, ალბათ, ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორ გამომივა, რა ცვლილებებს მოვიტან და რამდენად შედეგიანი იქნება ჩემი საქმიანობა. თუმცა, როდესაც ამ პოზიციაზე დავინიშნე და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს გადავხედე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მიზნად დავისახე, განსაკუთრებული ყურადღება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის დამეთმო. ბაღი პირდაპირაა ქალთან დაკავშირებული – ქალს სჭირდება, ბავშვი დატოვოს სადმე, სამსახურში რომ წავიდეს, საოჯახო საქმეები გააკეთოს და საკუთარ განვითარებაზე იზრუნოს. მართლაც ბევრი რამე შეიცვალა – რაციონი გაუმჯობესდა, კვება სამჯერადი გახდა, დაემატა ექთნის შტატები, მოწესრიგდა ბაღის მთლიანი ინფრასტრუქტურა და აშენდა 5 საბავშვო ბაღი, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ამ ყველაფერთან ერთად, ქალმა მიზანს რომ მიაღწიოს და პოლიტიკური საქმიანობა შეძლოს, მას, პირველ რიგში, ოჯახისა და შემდეგ საზოგადოების მხარში დგომა სჭირდება. თუ ამ ორი გარემოების თანხვედრა იქნება, ვფიქრობ, ის დასახულ მიზანს მიაღწევს.“

 

————————————————–
ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.
The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and the Government of Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality. The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.