ნათია მაწონაძე – ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

ნათია მაწონაძე – ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

“რუისის #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისში გავაგრძელე – ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და მენეჯმენტის მაგისტრი ვარ. სანამ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში დავსაქმდებოდი, მანამდე თბილისში, კერძო კომპანიებში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ვარ დაბადებული, აქეთ დაბრუნებას არ ვფიქრობდი, მაგრამ მინდოდა, საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში მომესინჯა. ამიტომ, 2015 წელს, როდესაც ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ბევრი მიმართულებით გამოაცხადა კონკურსი, გამოცდის ჩაბარება გადავწყვიტე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, კონსტიტუციისა და სხვა საკითხების ცოდნას მოითხოვდა. მასალა იმდენად მოცულობითი იყო, მოსამზადებლად დრო კი მცირე მქონდა, საკუთარი თავის იმედი დიდად არ მქონდა, თუმცა იმაზე მაღალი ქულები მივიღე, ვიდრე ველოდებოდი. შემდეგ გასაუბრებაც გავიარე და შესყიდვების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ განყოფილებაშიც მქონდა განაცხადი შეტანილი, ყველაზე ნაკლებად აქ მოხვედრა მინდოდა, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო და სპეციფიური სამუშაოა, თუმცა, რადგან ამარჩიეს და ამდენი გამოცდა ჩავაბარე, დასაქმებაზე უარი აღარ ვთქვი. ასე გავხდი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში შესყიდვების განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი.

2019 წლამდე შესყიდვების განყოფილებაში ვმუშაობდი. განყოფილების უფროსს რამდენჯერმე დეკრეტულ შვებულებაში მოუწია გასვლამ და ამ პერიოდში მოვალეობის შესრულება მე დამაკისრეს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ყველაზე გვიან მისული სპეციალისტი მე ვიყავი ამ განყოფილებაში, ყველაზე დაბალი სტაჟითა და სამუშაო გამოცდილებით.

2019 წლის ივლისში მერის მოადგილის პოზიცია ვაკანტური აღმოჩნდა – ადამიანმა, რომელიც ამ პოზიციას იკავებდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ბატონ ნუგზართან კომუნიკაცია დღემდე მაქვს და იმ ცოდნის დაგროვება, რომელიც ამ მიმართულებით მაქვს, მისი დიდი დამსახურებაა. ამ თანამდებობის შემოთავაზება, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელი იყო, მერს სამჯერ შევუბრუნე კითხვა, ნამდვილად მე ვიყავი თუ არა ის, ვისაც ამ პოზიციას სთავაზობდნენ. სათანადო მადლობას ვერასდროს გადავუხდი ჩემს ხელმძღვანელს იმისთვის რომ მომცა შესაძლებლობა წინ წავსულიყავი, რამდენიმე დღე ვფიქრობდი, დავთანხმებოდი თუ არა, რადგან ვიცოდი, რთული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, მეუღლეც დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. მანამდე სპეციალისტი ვიყავი და არა, მაგალითად, რომელიმე სამსახურის უფროსი, თუმცა მერე გადავწყვიტე, რომ, რატომაც არა – უნდა გამომეყენებინა ეს შანსი. ალბათ, ჩემი შრომა და მონდომება დამიფასდა.

საკუთარ თავს გამოსაცდელი ვადა მივეცი და დავთანხმდი. არავინ თქვას, რომ ამ ამბავს შიში არ ახლავს თან, 27 წლის ასაკაში რამდენად გავართმევდი თავს, იმის მიხედვით გადავწყვეტდი, დავრჩებოდი თუ არა ამ პოზიციაზე. ჩავიბარე ეკონომიკური განვითარებისა, საფინანსო-საბიუჯეტო და ზედამხედველობის სამსახურები, რომლებშიც ბუღალტრული აღრიცხვის, შესყიდვებისა და სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარების განყოფილებები შედის – ჩემი აზრით, სამი ურთულესი მიმართულება.

მალე მეოთხე წელი დაიწყება, რაც ამ პოზიციაზე ვმუშაობ. სასიხარულოა ის, რომ ყველა გვერდში მედგა და შური ან უარყოფითი დამოკიდებულება არავისგან მიგრძნია. ჩემს დაქვემდებარებულ სამსახურებში სულ 28 თანამშრომელია, მათგან დახმარებისა და თანადგომის მეტი არაფერი მახსოვს.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ რბილი და საკმაოდ დამთმობი ხასიათი მაქვს. სამსახურს რაც შეეხება, ხარვეზი იქნება თუ რამე შეცდომა, ვცდილობ, უმტკივნეულოდ მოვაგვარო და გამოვასწორო. დამთმობი და რბილი დამოკიდებულებით უფრო მეტს ვაღწევ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს და ვფიქრობ, ვინც არ მუშაობს და საქმეს არ აკეთებს, იმას არც შეცდომა მოსდის. ჰოდა, თუ შეცდომა მოგვდის, დამნაშავეს კი არ ვეძებთ, არამედ გამოსავალს.

აქვე უნდა აღვნიშნო – რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, იქნება ეს მერის მოადგილისა თუ უმცროსი სპეციალისტის, საკუთარ თავზე მუშაობასა და განვითარებას არასოდეს ვწყვეტ, მე რომ დღეს მერის მოადგილე ვარ, არ ნიშნავს, რომ ამით ვჩერდები და საკუთარ თავში რესურსი ამოვწურე. პირიქით, სულ ვცდილობ, გავეცნო სიახლეებს პროფესიული კუთხით და არა მარტო – სხვა მიმართულებებიც მაინტერესებს, თუ რამე ტრენინგი ან სხვა შესაძლებლობა იქნება, სულ ჩართული ვარ. დღესაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ვიცი, თუნდაც იმ სფეროში, სადაც ახლა ვარ.

თუ ბარიერებზე ვისაუბრებთ, ჩემი მაგალითი არ გამოდგება, რადგან ოჯახისგანაც ძალიან დიდი ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქვს. ხშირად მქონია შემთხვევა, შეხვედრა ღამის 12-ის ნახევარზე დასრულებულა და სახლში გვიან მივსულვარ, ან რამდენიმედღიან მივლინებაში თუ ტრენინგზე ვყოფილვარ. ასეთ დროს ოჯახი თუ არ გეხმარება და ხელს არ გიწყობს, გამორიცხულია, წარმატებით აკეთო შენი საქმე და შეასრულო მოვალეობა, რომელიც დაკისრებული გაქვს. ამ მხრივ მე ძალიან გამიმართლა. ჯერ კიდევ არსებობს ის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ჩემ გარშემო ასე მოაზროვნე ადამიანების კატეგორია შემცირებულია და მდგომარეობა გამოსწორდა. ოჯახსა და სამსახურზე არ ვსაუბრობ, არამედ იმ წრეზე, რომელშიც ვტრიალებ და იმ მოქალაქეებზე, რომლებთანაც მაქვს შეხვედრა და კომუნიკაცია. იშვიათად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში ან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე არ არის.

არის საკითხები, რომლებიც პირველ ადგილზე უნდა დააყენო ადამიანმა და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას. როცა იცი, რომ ამ საჭიროების დაკმაყოფილება დადებითად იმოქმედებს რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის ცხოვრებაზე, ასეთი საკითხები ერთხმად უნდა გადაწყდეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების დროს, ძალიან ვცდილობ, ხმა მივაწვდინო სოფლებში მცხოვრებ ქალებს, შეხვედრაზე რომ მოვიდნენ და საკუთარი აზრი გამოთქვან კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. რადგან საკითხები ხმათა უმრავლესობით წყდება, მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოწესრიგებული გზა და ტრანსპორტი საბავშვო ბაღამდე, სკოლამდე, მუსიკალურ სკოლამდე, რომ მათ გაუმარტივდეთ ცხოვრება. ასევე, მოსახლეობის უმრავლესობიდან ქალბატონებიც აქტიურად ითხოვდნენ საცურაო აუზის გახსნას შვილებისთვის. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება. სოფლების უმეტესობას აქვს ჭაბურღილები, ეზოებში მოწყობილი ჭები, საუბნო წყაროები. წყლის სისტემების მოწესრიგება, ცხადია, ქალების შრომას შედარებით ამსუბუქებს.

იმისთვის, რომ ქალი მოვიდეს პოლიტიკაში, პირველი, საიდანაც მხარდაჭერა უნდა მოდიოდეს, არის ოჯახი – ოჯახმა უნდა მიგაღებინოს გადაწყვეტილება და გითხრას, რომ შენ ამას შეძლებ. მეორე არის გარემოცვა, რომელშიც ტრიალებ და რომელთანაც კომუნიკაცია გაქვს, მათ მხარდაჭერას უნდა გრძნობდე, ასევე, იმ პარტიული გუნდის მხარდაჭერა, რომლის თანაგუნდელადაც თავს აღიქვამ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერა. მოქალაქეებთან კომუნიკაციისას გრძნობ, რამდენად კმაყოფილია ამომრჩეველი შენი მუშაობით, შენთან ურთიერთობით.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. პირველ რიგში ჩემი მხარდამჭერია ჩემი მეუღლე , რომელიც შინაგან საქმე სამინისტროს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორია, გვყავს ერთი წლის შვილი. მყავს დედა, მამა და ორი და. ჩემი პატარა და კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია და სულ მეუბნება, ჩემი მოტივაციის წყარო ხარო. არა მარტო ჩემი დისგან, სხვებისგანაც მომისმენია, რომ მათთვის ავტორიტეტი და მოტივაცია ვარ. ჩემი თანამშრომლებიც, რომლებიც წლებია ჩემთან ერთად მუშაობენ, ხშირად აღნიშნავენ, რამხელა ენერგიასა და რესურსს ვხარჯავ სამსახურში. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და საკუთარ თავში იმაზე დიდ ძალას აღმოვაჩენ, ვიდრე მგონია, რომ მაქვს.

ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა პატარა შემეძინა – 4 თვის იყო, როდესაც ძიძასთან დავტოვე და სამსახურში გამოვედი. გამიჭირდა მისი დატოვება, მით უმეტეს, დღემდე ბუნებრივ კვებაზე მყავს. პირველი ერთი თვის განმავლობაში ყოველ საათ-ნახევარში ჭამდა, ყოველ ჯერზე სახლში მივდიოდი და მერე უკან ვბრუნდებოდი. სამსახურში ამაზე პრობლემა არ შემქმნია, ყველა ხელს მიწყობდა. ალბათ, სათანადო მადლობას ვერასოდეს გადავუხდი ჩემს ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, რომლებსაც დავალებას ვუტოვებდი და გაკეთებულს მახვედრებდნენ. ჩემთვის ამ თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგმა შეიძლება სამსახურიც კი დატოვოს ამის გამო. ამასთან, ჩვენთან ერთსაათიანი შეღავათით სარგებლობს ყველა თანამშრომელი, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ჰყავს – შეუძლია, დამატებით ერთი საათი სურვილისამებრ გამოიყენოს დღის განმავლობაში.

მიუხედავად დაკავებული გრაფიკისა და დიდი პასუხისმგებლობისა, არასდროს მინანია, რომ ამ პოზიციას დავთანხმდი. მქონია ბევრი შემოთავაზება კერძო კომპანიების მხრიდან, თუმცა უარი მითქვამს. სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია, ის გარემო გიყვარდეს, სადაც ხარ, თუ კომფორტულად არ გრძნობ თავს, ძალიან ძნელია.

მომავალში უფრო მეტი ზრდის საშუალებას მივცემ საკუთარ თავს, თუმცა იმის ამბიცია არასოდეს მქონია, რომ მერი გავხდე, არასოდეს მიფიქრია ამაზე. მარტივი არაა და ამისთვის ფსიქოლოგიურადაც უნდა იყო მზად.

დღეს კი ძალიან შეყვარებული ვარ ჩემს საქმეზე და მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ.”

ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.

The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and the Government of Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality.

The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.