ნინო ბატიაშვილი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

ნინო ბატიაშვილი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანში დავიბადე, გავიზარდე და წარჩინებით დავამთავრე ცოდნისკარის საშუალო სკოლა. უმაღლესი იურიდიული განათლება მაქვს – აქტიური სტუდენტი ვიყავი, სტიპენდიატი, სტუდენტთა ღია საერთაშორისო კონფერენციებშიც ხშირად ვმონაწილეობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩავაბარე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და იმავე წელს სტაჟიორ ადვოკატად დავიწყე მუშაობა.

2009 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსია გამოჩნდა. ეს იყო ყველაზე დაბალი რანგის იურისტის პოზიცია, რომელზეც, გასაუბრების შემდეგ, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით ამიყვანეს. სამი თვის შემდეგ დავინიშნე მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში. 2 წლის მუშაობის შემდეგ დამაწინაურეს იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 2014 წელს, ახალი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ახალი, არჩეული გამგებელი მოვიდა, რომელმაც გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები გაატარა – შექმნა ახალი იურიდიული სამსახური და ამ სამსახურის უფროსად გადამიყვანა. მომდევნო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ახალი მერის პირობებში, კვლავ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა და იურიდიული სამსახური ზედამხედველობის სამსახურთან გაერთიანდა.

ეს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო სამსახური იყო, რომელმაც, ფაქტობრივად, რამდენიმე სფერო გააერთიანა – სამართლებრივი უზრუნველყოფის, ზედამხედველობის, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი და ადგილობრივი მოსაკრებლების საკითხები.

გულწრფელად ვაფასებ თითოეული ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე, დააფასეს ჩემი პიროვნული და პროფესიული უნარები და მომცეს კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია იყო. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მანამდე ქალი არასდროს ყოფილა. ამავე პერიოდში დავინიშნე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარედ. გამგეობის ისტორიაში ამ შემთხვევამდეც არ ყოფილა პრეცედენტი, საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ქალი ყოფილიყო. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ძირითადად საველე სამუშაოების შესრულება გვიწევდა. მიწის რეგისტრაციის პირობების გამარტივებამ საკმაოდ მოცულობითი და საპასუხისმგებლო საქმე გაგვიჩინა. ძალიან ბევრი დოკუმენტი შემოდიოდა საჯარო რეესტრიდან, რაც ადგილზე მინდორ-მინდორ სიარულსა და შემოწმებას ითვალისწინებდა. ასევე, ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობაში ჩემს გუნდთან ერთად მიწევდა სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი – შენობა-ნაგებობის აზომვა-გაზომვა, ვიზუალური და დოკუმენტური შემოწმება.
ასეთი საქმიანობა საზოგადოებაში კაცის საქმედ მიიჩნევა, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მშენებლობა, მიწები და საველე სამუშაოები არასოდეს ყოფილა დაბრკოლება და ამას ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გუნდში რაოდენობრივად მამაკაცები სჭარბობდნენ ქალებს, მენეჯერის ფუნქციის შესრულება და მათთან ერთად საქმის კეთება არ გამჭირვებია – არავინ განვასხვავებდით კაცისა და ქალის საქმეს, კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ერთმანეთის პატივისცემა გაცილებით მეტი საქმის კეთების შესაძლებლობას გვაძლევდა.

ამ გამოცდილების შემდეგ, 2021 წელს, მერმა, მოადგილის პოზიციაზე გადასვლა შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მერს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, დავაფასე მისი ნდობა რომელსაც მიცხადებდა და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ამასთან, საკუთარ თავს მივეცი პირობა, რომ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებდი.

13-წლიანი მუშაობის განმავლობაში ორჯერ ვიყავი სტრუქტურის ხელმძღვანელი და როცა სტრუქტურულ ერთეულში მუშაობ, მაინც ერთი კონკრეტული სფეროს გარშემო ტრიალებ. მერის მოადგილის პოზიციაზე, ანუ ახლა, უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაო და უფრო მეტი სიკეთე მოვუტანო ჩემს მუნიციპალიტეტს. სამართლებრივი, საზედამხედველო, გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული, სოციალური, ეკონომიკური მიმართულება, შშმ პირთა საკითხები, დონორებთან ურთიერთობა, მოქალაქეთა კონსულტირება სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე – ჩემი საქმიანობა ამ ყველაფერს ფარავს, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ზოგადად, მიყვარს სიახლეები, გამოწვევებთან შერკინება და მიყვარს, როდესაც საქმე შედეგზეა ორიენტირებული. ვაფასებ როდესაც ვიღებ მხარდაჭერას და ნდობას, გადაწყვეტილების მიმღები პირისგან, ეს კიდევ უფრო მეტად მოტივირებულს მხდის.

ჩემი აზრით, როცა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ბარიერებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი – ზოგჯერ, ქალები ვერ იღებენ სათანადო განათლებას ან არ აქვთ სასურველი პროფესიის არჩევის საშუალება. ხშირად ქალი ოჯახში ძალიან დაკავებულია და ორმაგი საქმის შესრულება უწევს, მუშაობს სრულ განაკვეთზე და ამასთან, საოჯახო საქმეებს აკეთებს. მეორე თვითონ ინსტიტუციური პრობლემა შეიძლება იყოს და ამისთვის კვოტირების, როგორც დროებითი ინსტრუმენტის, გამოყენება შეიძლება – მუდმივად გამოყენება სწორი არ მგონია, ბუნებრივად უნდა შეივსოს და დაბალანსდეს პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხი და ამისთვის თავად ქალებიც უნდა იყვნენ მზად. ბარიერების განმსაზღვრელი კიდევ ერთი ფაქტორი არის საზოგადოებრივი აზრი და დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, პოლიტიკა ბინძური საქმეა და ა.შ. ეს დამოკიდებულება ქალების არჩევანზე ძალიან ზემოქმედებს, ამის გამო მეორეხარისხოვან პოზიციებს ირჩევენ და არ ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ქალს სჭირდება ოჯახის, განსაკუთრებით მეუღლის მხარდაჭერა – სამი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უპირველესი მოტივატორი მეუღლეა, ყოველთვის ჩემ გვერდით დგას და ყველა წარმატებას იზიარებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტები ვიყავით, ოჯახი რომ შევქმენით. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ერთად გავიზარდეთ და, სხვათა შორის, ძალიან რთული გზაც გავიარეთ – გვქონდა ფინანსური პრობლემებიც, ქირით ვცხოვრობდით, თუმცა ერთმანეთის თანადგომით შევძელით ის, რომ საკუთარი ცოდნისა და ენერგიის რეალიზება მოვახდინეთ, კარიერულად, ფინანსურად, სოციალური კუთხით განვვითარდით. პირველი შვილი როცა გავაჩინე, სტუდენტი ვიყავი, ოჯახის მხარდაჭერით შევძელი ის, რომ სწავლას თავი არ დავანებე, წარჩინებით დავასრულე უნივერსიტეტი. როდესაც სტაჟიორ-ადვოკატად დავიწყე მუშაობა, სოფელში ვცხოვრობდით და იქიდან მიწევდა სიარული, ამაში ოჯახი, განსაკუთრებით კი მეუღლე, ძალიან მიწყობდა ხელს, ბავშვის დატოვება იქნებოდა ეს თუ ფინანსური უზრუნველყოფა. ადვილი არ იყო, მაგრამ შევძელით. ჩემი უფროსი შვილი ახლა 17 წლისაა, მეორე 12 წლის გოგონა მყავს, პატარა – 7-ის. სამივე საკმაოდ მოწესრიგებული და წარმატებული ბავშვები არიან.

ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა სოლიდარობის თემა. ქალებმა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა და თანადგომა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენი შრომა უფრო მეტად დაფასდეს. სამწუხაროდ, ხშირად ასე არ არის. კონკურენტებად არ უნდა აღვიქვათ ერთმანეთი – სასიხარულო უნდა იყოს, თუ ქალი წარმატებას აღწევს ცხოვრებასა და პოლიტიკაში, მით უმეტეს, თუ შევხედავთ, დღეს პოლიტიკაში რამდენი ქალია. ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაერთიანება თუნდაც ქალთა საკითხების ირგვლივ, ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადება – ქალებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთთან დიალოგი და საერთო პრობლემაზე მუშაობა. ასე უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ისეთი საკითხები წამოიწევს წინა პლანზე, უშუალოდ ქალთა უფლებებს რომ ეხება, შეიძლება სპეციალური საკანონმდებლო აქტები ან სამართლებრივი რეგულაციებიც გაჩნდეს, რომლებიც ამ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებს მოუყრის თავს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საკითხებსა და პრობლემებზე მუშაობა. უკვე დავასრულეთ ახალგაზრდული საბჭოს ფორმირების პროცესი, რომლის მიზანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. ვთვლი, რომ გოგონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ გვინდა, მათ ვასწავლოთ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება, თვითონ რომ გახდნენ ამ პროცესების თანამონაწილეები. სამომავლოდ ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ის ბარიერები, რომლებზეც ვისაუბრეთ, უფრო მარტივად დაძლევადი იყოს იმ გოგონებისთვის, რომლებიც პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას გადაწყვეტენ.

ჩემი ბავშვობა ბნელ და გაჭირვებულ 90-იან წლებს უკავშირდება, როდესაც მსგავსი შესაძლებლობები არ არსებობდა. ეს ვითარება გარკვეულ ბარიერებს ქმნიდა ჩემი თაობის გოგონების წარმატებაში. მე დავიბადე და გავიზარდე არც თუ ისე ცნობილ ოჯახში. ჩემს კარიერულ წინსვლას არ უკავშირდება ნათესაური და მეგობრული ფაქტორები, ცხოვრებისეულ გზაზე ბევრი გაჭირვება გამოვიარე – იყო დაბრკოლებები და დაპირისპირებები. მიუხედავად ამისა, გადავლახე სირთულეები და შევძელი განვითარება. მე კარგად მესმის ადამიანების გაჭირვების იმიტომ, რომ ეს გზა თავად მაქვს განვლილი, ამიტომ, ვცდილობ, დავეხმარო ყველას, როგორც შემიძლია.
ადამიანებს არ ვასხვავებ მათ უკან მდგომი გვარებით, სტატუსებით ან სხვა რაიმე ნიშნით. მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო უბრალო, ის, ვინც ბარიერებს და დისკომფორტს არ შეუქმნის მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს. ჩემთვის საამაყოა, როცა ქუჩაში მხვდებიან და მესალმებიან, გულწრფელად მკითხულობენ, მადლობას მიხდიან გაწეული დახმარებისთვის – მე შემიძლია მათ თვალებში მადლიერების ამოკითხვა. მე შემიძლია, ვაღიარო შეცდომა და ბოდიში მოვუხადო ადამიანს, რომელსაც უნებლიედ ვაწყენინე, არ აქვს მნიშვნელობა მის სტატუსს.

უკვე 13 წელია, პირნათლად და პატიოსნად ვემსახურები ჩემს საქმესა და ჩემს მუნიციპალიტეტს, ყოველგვარი ზედმეტი პრივილეგიებისა და პოპულისტური მიზნების გარეშე, მუდმივად ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე, მიმაჩნია რომ სწავლა გვიანი არასდროს არის, ამიტომ აქტიურად ვერთვები სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში, რაც ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებასთან არის დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალებმა, სტერეოტიპული მიდგომები და შიშები აუცილებლად უნდა დაძლიონ, რათა უფრო მეტად ძლიერები და თავდაჯერებულები გახდნენ. მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის განვითერების სურვილით, გარშემომყოფთა თანადგომითა და დახმარებით, შენი საქმის სიყვარულითა და უფლის წყალობით, შეუძლებელი არაფერია.”

ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.

The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and the Government of Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality.
The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above