შორენა კვარაცხელია, 32 წლის – დევნილი აფზახეთიდან

“1999  წლის ცივი ნოემბერია … 12  წლის ვარ და მე-6 კლასში ვსწავლობ. სამყაროს მხოლოდ  ორ – თეთრსა და შავ ფერში ვიცნობ.  ჩემს ცხოვრებაში ეს ის ეტაპია, როცა პრანჭიაობა ახალი დაწყებული მაქვს. ჩუმ-ჩუმად, დედამ რომ არ მნახოს, თვალებზე მის შავ ფანქარს, ხოლო ტუჩებზე შინდისფერ პომადას ვითხაპნი, მერე  ვიშორებ, ისევ ვისვამ და ა. შ. ტანსაცმელს გულდასმით ვარჩევ დედისეულ ძველ გარდერობში, რომ იქნებ რამე ჩემებურად გადავაკეთო და მოვირგო. თუმცა, დიდი არჩევანი არც დედას აქვს – აფხაზეთიდან ტყვიების ზუზუნით  ‘’გამოცილებულებს’’ მხოლოდ ერთი ჩემოდანიღა  ჩამოგვყვა სამშვიდობოს.

მამა აფხაზეთის ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი ასავალ-დასავალი ვერსად, ვერავისგან გავიგეთ. იმის გამო, რომ საბრალო დედას მარტოს მოუხდა სამ მცირეწლოვან შვილთან უსახლკაროდ დარჩენა, უკვე მერამდენედ შევიცვალეთ საცხოვრებელი და ფაქტიურად, ნათესავ-ახლობლებში მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით,  მეექვსე კლასამდე  სამ სკოლაგამოვლილი მოვედი.

მე-6 კლასში უკვე მეოთხე სკოლაში ვარ.  თუმცა, ახალმოსულის კვალობაზე, კარგი სწავლით უკვე ვჩანვარ. პირველივე დღიდანვე ვამჩნევ, რომ განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მოვწონვარ. მეც ძალიან მეთბილება იამზე მასწავლებელი. უზომოდ ყურადღებიანი და  კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. იცის, რომ აფხაზეთიდან ვარ.  ისიც იცის, რომ დედაჩემი მისი კოლეგაა. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით ნაკლებად მაპატიებს შეცდომებს.

სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდი სწრაფად მიილია.  ჯერ ისევ იმ ფეხსაცმლით დავდივარ, სასკოლოდ რომ მიყიდა დედამ. მკაცრი ეკონომიური გაანგარიშებით  ‘’დახურული ‘’ ფეხსაცმელი ვიყიდეთ, ყველა სეზონს რომ მეტ-ნაკლებად მორგებოდა.

ერთ დილას, სკოლაში წასვლის წინ, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემს ფეხსაცმელს, როგორც კი შუაზე გადავწევ, ლომის ხახასავით დაფჩენილი პირი მოუჩანს.  გულდაწყვეტილი დედას ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ ამ ფეხსაცმლით სკოლაში არ წაისვლება. დედამაც დანანებით დააქნია თავი, ცელოფნის ერთჯერადი პარკი გამოძებნა და შიგ ჩადო, რათა შემკეთებელთან წაიღოს. მერე მომიბრუნდა  და მეუბნება :

 – შორე, დედი, ამ ფეხსაცმელს დღესვე შევაკეთებინებ ხელოსანს. ჩემი ნაცნობია, ვთხოვ, დამიჩქაროს. ამის გამო, ხომ იცი, სკოლას ვერ გააცდენ. გვაქვს ჩვენ კიდევ  ერთი ფეხსაცმელი, ის ჩაიცვი ამ ერთხელ. – დედა  გადის ოთახიდან და შემოაქვს დევნილობის პერიოდში გაეროს დახმარების ფონდის მიერ დევნილთათვის ერთჯერადი, ჰუმანიტარული  სახით დარიგებული სპორტული ფეხსაცმელი  – ‘’ბოტასი’’, როგორც ვეძახით ხოლმე.  ვიზუალურად არაფერი უჭირს, რომ არა ერთი პრობლემა – ფეხსაცმელი  41 ზომისაა, თან მამაკაცის.  მე კი, ფეხი 37 ზომის მაქვს. დედას  შეწუხებული, ტირილშეპარული ხმით ვეუბნები:

— დედი, ამ ფეხსაცმლით ვერ წავალ სკოლაში, ძალიან დიდი მაქვს. გთხოვ, რა, ამ ერთხელ სკოლაში ნუ გამიშვებ. გთხოვ …

თუმცა, დედა საკმაოდ მკაცრი და შეუვალია.

— ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ სკოლა გააცდინო. შენ არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ დღესაც დაკარგავ გაკვეთილებზე არდასწრებით. ჩაიცვი და წადი. – ხმა ისევ ისეთი აქვს, უტეხი. ვხვდები, რომ აზრს არ შეიცვლის…

სკოლაში სირბილით მივედი. პირველი შევედი კლასში, რომ არავის ვენახე და დაზაფრული ბოლო მერხზე ჩუმად დავჯექი. ჩანთიდან წიგნები ამოვალაგე, ფეხები, რაც შეიძლებოდა, ღრმად შევწიე მაგიდის კიდესთან და ცარიელი ჩანთა ავაფარე წინა მხრიდან.  ორმა გაკვეთილმა ისე ჩაიარა, დერეფანშიც არ გავსულვარ.  არც კი ავმდგარვარ. არ მინდა, კლასელებმა დამინახონ … არ მინდა, დამცინონ…

მე-3 გაკვეთილი იამზე მასწავლებლისაა. რაღაცნაირად მიხარია. თუმცა, ჩემდა საუბედუროდ, რამდენიმე წუთშივე ირკვევა, რომ კლასში გაკვეთილი არავინ იცის, არავის მოუმზადებია და აი, უცებ იამზე მასწავლებლის ხმა ჩამესმის:

— შორენა, საყვარელო , გამოდი დაფასთან, მოყევი გაკვეთილი. დაანახე ამ ზარმაცებს როგორ უნდა ისწავლონ. იცოდნენ, რომ თუ არ ისწავლიან, ცხოვრებაში გზას ვერ გაიკაფავენ. წინ ვერ წავლენ. – გაბრაზებაშეპარული ხმით საუბრობს იგი.

‘’ღმერთო ჩემო, ოღონდ დაფასთან ნუ გამიყვანს, ოღონდ ეგ არა!‘’ – დარეტიანებულივით ამის გაფიქრებასღა ვასწრებ.

–შორენა, გამოდი, საყვარელო. —  მეორდება იამზე მასწავლებლის ხმა. წამოვდექი. მუდარაშემცველი თვალებით ვუყურებ და ლუღლუღით ძლივს ვეუბნები:

–ადგილიდანვე მოვყვები, თუ შეიძლება, იამზე მასწავლებელო. – მაგრამ იამზე მასწავლებელიც, თითქოს ჩემს ჯინაზე,  ჯიუტად არ თმობს პოზიციას. ო, როგორ მინდოდა, იმ წუთას არ მცოდნოდა გაკვეთილი და ერთი დიდი ‘’ორიანი’’ დაეწერათ ჩემთვის!

დაფასთან გასვლისა და გაკვეთილის მოყოლის პროცესი არ მახსოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში გაშტერებული დავყურებდი მხოლოდ ჩემს ფეხებს, უსაშველოდ გრძელი რომ მოსჩანდა ხის საღებავაყრილი იატაკიდან. ასე მეგონა, მთელმა კლასმა იცოდა, რაც მჭირდა. იცოდნენ და იცინოდნენ!  საკუთარი ცრემლები მახრჩობდა, ბრაზი ბურთივით მქონდა ყელში გაჩხერილი და ზუსტად ვიცოდი, თავს თუ ავწევდი,  უსაშველოდ ხანგრძლივ ზლუქუნს მოვრთავდი.

ადგილზე ისე დავბრუნდი, თავი არ ამიწევია. არც ის საქებარი სიტყვები მომისმენია, რაც მასწავლებელმა მითხრა და რაც ყოველთვის მახარებდა სხვა დროს. იმ წუთებში საკუთარი თავი  საშინლად მძულდა…

დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიყავი დედაზე გაბრაზებული. ვბრაზობდი იამზე მასწავლებელზეც, ვბრაზობდი ჩემს კლასელებზეც, ყველაზე – ჩემ ირგვლივ…

მხოლოდ წლების შემდეგ გავიაზრე, რომ ამ ყველაფერში ‘’დამნაშავე’’  მხოლოდ  და მხოლოდ ჩემი ომისფერი ბავშვობა იყო…

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. დღემდე ამ ამბის გახსენებას მე და დედა  ყოველთვის სიცილით ვიწყებთ და ტირილით ვასრულებთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი დიდი ‘’საიდუმლოა’’, რომელიც უკვე ქაღალდმაც იცის… სწორედ ამ ქაღალდის საშუალებით მინდა, დედას ბოდიში  მოვუხადო და ვუთხრა, რომ, უბრალოდ, ძალიან, ძალიან  მიყვარს და რომ არა მისი გაჯიუტებული და უშრეტი ძალისხმევა, ვერ შევდგებოდი ისეთად, როგორიც ვარ – ერთი უბრალო, კეთილი გულის გოგონა, რომელიც გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაში ვარ და იშვიათად  ვუშინდები იმ სიძნელეებს,  რომელთაც ცხოვრება, არც თუ იშვათად, შემომაფეთებს ხოლმე“.

მსგავსი ისტორიები