ელენე ჯაფარიძე, 35 წლის, ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ამ ამბებამდე. ვიღაცები ამბობენ, რომ დაისვენეს, რაღაც ახალი აღმოაჩინეს, ვიღაცისთვის რუტინა საერთოდ არ შეცვლილა და განსაკუთრებით ამ ხალხის მშურს, რადგან ჩემი ცხოვრება ამ პანდემიასთან ერთად, ფაქტობრივად, 180 გრადუსით ამოტრიალდა. მყავს სამი შვილი და პირველად დავაფასე სკოლისა და საჯარო დაწესებულების ფაქტორი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მხოლოდ განათლების მიმცემი ინსტიტუცია, რეალურად, ეს შენთვის თავისუფალი სივრცის მომცემი ინსტიტუციაცაა და მე ამას ვერ აღვიქვამდი. მსოფლიოში პირველად არის ასეთი სიტუაცია, აღარ არსებობს სკოლა, არც ბაღი და თუ შენ ხარ დასაქმებული ადამიანი, რომელსაც ჰყავს შვილები, იზოლაციაში ყოფნისას გიწევს ორმაგი ძალისხმევით რაღაცის კეთება, ან საერთოდ ვერ აკეთებ.

საკმაოდ ადრე დავქორწინდი, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ მესწავლა, დამემთავრებინა ორი უნივერსიტეტი, დამეცვა სადოქტორო ბავშვების ფონზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტომ მოვახერხე, რადგან ამ ამბავში ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარებოდა: ძიძა, დედა, მამა, ჩემი მეუღლე, რომელთან ერთადაც ამ ყველაფერს ვინაწილებდი და მიუხედავად ამისა, მაინც ორმაგი ძალისხმევა მჭირდებოდა, როგორც დასაქმებულ დედას, ბავშვებთანაც სრულფასოვნად რომ ვყოფილიყავი ჩართული და საქმეც მეკეთებინა. ახლა ვხვდები, რომ ამ სიტუაციაში ვერაფერს მოვახერხებდი.

სკოლა არაა, ბავშვი სახლიდან ვერ გადის და არაა დაკავებული თავისი საქმიანობით. ჩემი უფროსი გოგო 14 წლისაა და თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია თავის აქტივობებზე, მაგრამ შუათანა, ქეთევანი არის 8 წლის და რასაც სკოლაში აკეთებდა, თუნდაც ის, რომ მასწავლებელი ეხმარებოდა რაღაც რომ გაეგო, ემეცადინა, ეს ყველაფერი ჩემზე გადმოდის ზუსტად იმ მომენტში და იმ დროს, როცა მე მუშაობა მიწევდა. გამომდინარე აქედან, იძულებული ხარ არჩევანი გააკეთო – იყო ჩართული სახლში, მიეხმარო შენს შვილს თუ იმუშაო. როცა ბავშვები პატარები არიან, სხვანაირად არ გამოდის, თან სამსახურში ხარ, თან სახლში, სრული დისონანსია. უმცროსი ქალიშვილი 2 წლისაა და მისთვის საერთოდ წარმოუდგენელია იმის ახსნა, რომ სამუშაო მაქვს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი ყურადღება სჭირდება დედისგან. ძიძის ფაქტორიც აღარ არსებობს, ამ პანდემიის ფონზე, რაც ტრანსპორტი აიკრძალა, ძიძა ვეღარ ახერხებს მოსვლას. მე ხშირად მაქვს მშობლებთან კონსულტაციები და ვეუბნები, იმისთვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანსაღი პიროვნება, მთავარია, შენ მისთვის ხელმისაწვდომი იყო, შენგან უნდა ჰქონდეს უპირობო მიმღებლობა და ამ სიტუაციაში, როცა ბავშვი სულ გხედავს და შენ პერმანენტულად ეუბნები, რომ მისთვის არ გცალია, უფრო დიდ ტრავმას იღებს. როცა ის ვერ გხედავს, იცის, რომ გასული ხარ და არ ხარ ხელმისაწვდომი. ამას რომ ვაცნობიერებდი, შფოთვა მქონდა – რა გავაკეთო? რა ვქნა? პირველ ეტაპზე, მივხვდი, რომ ჩემს ფსიქიკას ძალიან გაუჭირდა. ჩვენ ყველანი ძალიან დიდ დეფიციტში ვართ, არანაირი ალტერნატივა სახლს გარეთ არ არსებობს და სახლშიც ძალიან მოსაბეზრებელია ერთი და იმავე რუტინული საქმის კეთება.

ვცდილობ, რომ ამ რუტინაში იყოს მეტი ხალისი, ყოველი დღე იყოს განსხვავებული, იქნება ეს კერძის გაკეთება ბავშვებთან ერთად თუ რამე სახალისო თამაში, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ყოველდღე ეს არ გამოდის, ხარ ადამიანი, არ ხარ რობოტი, ყოველთვის ამის ხასიათზე არ ხარ და მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის იყო გულწრფელი, ბავშვები ფსევდო-პოზიტიურ ემოციებსაც ძალიან კარგად განარჩევენ რეალურად პოზიტიური ემოციებისგან. ერთერთი, რამაც ამანთო და ენთუზიაზმი მომცა, რომ სახლიდან მეკეთებინა, იყო რამდენიმე ვიდეობლოგი იმაზე, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვებს სწორად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მშობელია, რომელიც შფოთავს ამ საკითხთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, მომავალში ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დავდგებით იმიტომ, რომ ბავშვებს მიეწოდებათ არასწორი ან არასრული ინფორმაცია, ხდება ზედმეტი შფოთვის ტრანსლირება, რაც მშობელს აქვს და ის ამას არაცნობიერად აკეთებს. იზოლაციასა და კარანატინს “forced depression” დაარქვეს, ანუ ვიღაცამ ძალდატანებით გამოგიწერა დეპრესია.

კვირაში ორი დღე ისე გადავანაწილეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ მე შემიძლია, ორი დღე რამდენიმე საათით გამოვიდე ოფისში და აქედან ვიმუშაო Skype-ით, ოღონდ ესეც ძალიან ლიმიტირებულია, 2-3 საათის მეტი არ გამოდის. პროექტების სამუშაო რაც არის, იმას ვაკეთებ მაშინ, როცა ბავშვები იძინებენ. მაგ დროს უკვე ძალიან დაღლილი და დაქანცული ვარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა მეძინებოდეს, ამაზე ვერ ვამბობ უარს. ერთადერთი აქედან მომდის თვითრეალიზაციის განცდა, რომ მე სტაგნაციაში არ ვარ. ყველაფერი გაჩერდა, სამყარო გაჩერდა და არ მინდა, რომ მეც გავჩერდე, არ ვარ მიჩვეული, რომ არ ვიმუშაო. ზოგადად, ძალიან ენერგიული და მარტივად ანთებადი ადამიანი ვარ საქმესთან მიმართებაში, მაგრამ გავაკეთე არჩევანი, ვიყო სრულყოფილად სახლში, ვაკეთო ის, რაც არის მნიშვნელოვანი და მერე რა დროც დამრჩება, გადავანაწილო სამსახურზე, მაგრამ ბოლომდე ამის მიღებაც მიჭირს იმიტომ, რომ ვიცი, მაქვს იმისი რესურსი, რომ ამ მდგომარეობაში მეტ ადამიანს დავეხმარო, რასაც რვა საათის განმავლობაში ვაკეთებდი, როცა ვმუშაობდი. ჩემი და ჩემი მეუღლის სახლში თანაბრად ყოფნა არ გამოდის, მას უფრო უწევს სამსახურიდან გამომდინარე სახლიდან გასვლა. სამწუხაროდ, ფინანსურ საკითხამდეც მივდივართ, აქ დგება არჩევანი, ვის უფრო მეტი შემოსავალი აქვს ოჯახში და ვისი სამსახურია უფრო პრიორიტეტული, ვისი საქმე უნდა გაფუჭდეს ყველაზე ნაკლებად. ოღონდ ეს არის გაცნობიერებული და შეთანხმებული, რაც სამწუხაროდ ბევრ ოჯახში ასე არ ხდება და ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ექცევა ქალი, რომელიც აქამდე რაღაცას აკეთებდა, რაღაც წერტილამდე მივიდა, უცებ ეს მოვლენები დაიწყო და სახლში, სამზარეულოში გამოიკეტა, აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით ცხოვრობ.

ძალიან დიდი ქომაგი ვარ იმ საქმის, რასაც თქვენ აკეთებთ და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ქალისთვის არის მნიშვნელოვანი ამ ისტორიების წაკითხვა. ხშირად, როდესაც მე თვითონ ვწუწუნებ ხოლმე, ყოველთვის მახსენდება, რომ ჩემზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ქალები და ეს მაჩერებს, რომ თუნდაც საკუთარ თავთან ვიწუწუნო. სტერეოტიპებიდან გამომდინარე, საქართველოში ძალიან დიდი წნეხი მოდის ქალებზე, ყოველთვის ნებისმიერი პრობლემა ათჯერ უფრო მეტად გვირტყამს, ვიდრე კაცებს. ის ქალი, რომელიც იყო დასაქმებული, რომელიც პოულობდა თავის ემანსიპაციას, მინდა, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმეს იმიტომ, რომ თვითრეალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ელენე ჯაფარიძე / გედა დარჩია