დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია

დაბრუნება

——————

მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული ეზოიან საკუთარ სახლში და ვერაფრით შევეგუე კორპუსში ცხოვრებას იმას, რომ დილით შედიხარ ოფისში, ზიხარ დაღამებამდე იქ და ისე იცვლება წელიწადის დროები ვერ იგებ. მოკლედ, არ ვიყავი ჩემს ადგილას. თუმცა, ჩემი მეუღლეს ძალიან უყვარს ქალაქი და წარმოუდგენლად მიაჩნდა სოფლად ცხოვრება. თან აქ მეც ვწვალობ და ის ჩემზე უარესად, რადგან არ ვართ მიჩვეული ფიზიკურ შრომას, მაგრამ, როცა შენი შრომის შედეგს იღებ და წარმატება არ გაკლია ეს ყველაფერს აწონასწორებს. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა გარკვეული მიზეზების გამო არჩევანის წინაშე დავდექით – აგვეღო სესხი თბილისის პატარა ბინისითვის, შემდეგი 10 წელი ამ სესხის დასაფარად გვემუშავა და მთელი ცხორვება ამ ბინაში გაგვეტარებინა, თუ უფრო ნაკლები თანხით ამ სახლისთვის მიგვეხედა – აქაურობა ვარჩიეთ. ყოველთვის მოვიაზრებდი, რომ საბოლოოდ მაინც აქ უნდა მეცხოვრა და ნელნელა ამ სახლის რემონტს მივყევით. 2015 წელის ბოლოს გურიაში დავბრუნდი, დავსახლდი ხიდისთავში, ჯერ მე და ერთ წელიწადში ჩემი მეუღლეც გადმოვიდა.

აქაური ქალების ყოფა

—————————–

განსხვავება ძალიან დიდია ქალაქის ცხოვრებასა და აქაურ ცხოვრებას შორის, როგორც კი ჩამოვედი, ქალების მდგომარეობა შემეჩეხა. თბილისში ასე არ არის, ვერც ერთი თვით დასასვენებლად ჩამოსვლის დროს ვერ გრძნობ, რომ აქ გამოწვევები ქალებისთვის გაცილებით დიდია.

ოჯახის ქალები, რომლებსაც უმეტესად უმუშევარი ქმრები და სკოლის მოსწავლე შვილები ყავთ, სულ შრომაში არიან, სიმინდის ყანების დამუშავება, საქონლისა და ფრინველის მოვლა, საოჯახო მეურნეობა, სახლის საქმე და ამ ყველაფრის გაძღოლა ხელის იარაღებით, არ ააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არავითარი საყოფაცხოვრებო პირობები, უკიდურესი სიდუხჭირეში არიან. ფულის ნიშანი ოჯახებში სახელმწიფო დახმარებიდან ან მოხუცებულის პენსიიდან შემოდის. შვილები იზრდებიან სკოლისთვის ტანსაცმელი, წიგნები და სხვა საჭიროებები უნდათ, საშინელებაა შეჩეული სიღარიბე და არ გეგონება 21-ე საუკუნე, თითქოს სხვა განზომილებაში არიან. წარმოგიდგენიათ ქალს რა შრომა, ენერგია და ჯაფა ჭირდება ამ ყველაფრის გასაწონასწორებლად?! იცით, რომ ეს ქალები, მინიმუმ, 10 წელია მაღაზიაში არ ყოფილან საკუთარი ტანსაცმლის შესაძენად. კბილის ექიმთან ვერ მიდიან, წლობით ანალიზები არ ჩაუბარებიათ და სანამ არ დავარდებიან, ისე ვერ გებულობენ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები თუ აქვთ. ექიმების ჩამოსვლა რომ დაიწყო და უფასო შემოწმებები, ყველა მესამე ქალს ონკოლოგიური დაავადებები აღმოაჩნდა. სრულფასოვან კვებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ამ დროს შეიძლება, არავისზე ნაკლები განათლება არ აქვთ მიღებული და არც უნარები აკლიათ, აქვთ სხვადასხვა პრაქტიკული და უნიკალური ცოდნა, ზუსტად იციან რა და როგორ აწარმოონ, მაგრამ თვითშეფასება აქვთ ძალიან დაბალი და მათი შესაძლებლობების გამოყენება არ იციან. ამის გამო ქმარი და შვილიც არ ცემს პატივს. მაგალითად, ბანკეტზე არ მიყავთ დედა, რადგან თვლიან რომ ის დაბალი დონეა. უმუშევრობისგან დაკომპექსებულ ქმარებს ცოლებზე გადააქვთ მთელი აგრესია, ქალი, როგორც მოქალაქეც ნულს ქვემოთაა, თუ ქმრის ძმაკაცი ან ახლობელი იყრის კენჭს, აღარ უნდა პრობლემები ქმართან და ისე იქვცევა, როგორც ქმარი ეუბნება. როდესაც ვეუბნებოდი რაღაცა გავაკეთოთ-მეთქი – ეცინებათ შენ რასაც აკეთებ, იმას ჩვენ რას შევძლებთო – მპასუხობდნენ. ამ დროს – როდის დავთესო არ ვიცი; ძროხას ვერ ვწველი და ყველი ვერ ამომყავს; ქათმის საკენკის დაყრა არ ვიცი; ყველაფერს მათ ვეკითხები. მე რომ ერთ პატარა ადგილს ძლივს დავბარავ, ისინი მთელ რიგს გადიან, ისინი რომ თოხნიან, მე ჩავიცუცქები და ხელით ვფშვნი მიწას. მოკლედ, ამ ქალებს აქვთ რესურსი სასწაული საქმეების დასატრიალებლად, მაგრამ მათ რესურსს სჭირდება სხვანაირი მიდგომა სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თვითშეფასება აუმაღლდეთ. ქალს თუ თვითშეფასება აუმაღლდა, ის შვილსაც დაამაგრებს სოფელში, ქმარსაც და დოვლათსაც შექმნის. ქალებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ის რასაც აკეთებს, არის სასწაული და ეს ყველას არ შეუძლია. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტარული უნარ-ჩვევები უნდა ვასწავლოთ. მოკლედ, გვინდა საზოგადოების განვითარება, მაშინ დავეხმაროთ ქალს განვთარებაში.

„სკიჯი“

—————-

გარდა იმისა, რომ სოფელში ცხოვრება მინდოდა, დავიწყე ფიქრი იმაზე – რა გამეკეთებინა ისეთი, რაც მეც კეთილდღეობას მომიტანდა და სხვებსაც დაანახებდა, რომ აქაც შეიძლება წარმატებული საქმის კეთება. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ათასი იდეა განვიხილე და ბოლოს ჩირის წარმოებაზე შევჩერდი. ეს ყველაფერი ხდება 2008-2009 წლებში. ინტერნეტით ბევრი ინფორმაცია მოვიძიე, ჩირის წარმოების ტექნოლოგიის თეორიული შესწავლაც დავიწყე და ბიზნეს-გეგმაც მოვამზადე. მაშინ არც „აწარმოე საქართველო“ იყო ჯერ და არც არაფერი იძვროდა ამ მიმართულებით, მაგრამ ყველგან ამაზე ვსაუბრობდი. ეტყობა ძალიან აჟიტირებული და თვითდაჯერებული ვიყავი და რამდენიმეჯერმე შემომთავაზეს ფულს ჩვენ ჩავდებთ და გავაკეთოთო. სხვისი ფულით გარისკვას, მირჩევნია ბანკის ვალი მქონდეს და არ განმიხილავს ეს იდეა. ამასობაში არჩევნების შემდეგ, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის იდეა დაანონსეს. ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ პროცესს და 2015 წელს პირველი მიკრო-გრანტების პროგრამა როგორც კი გამოაცხადეს, მაშინვე დავწერე ჩირის წარმოებაზე პროექტი. ჯერ ისევ თბილისში ვმუშაობდი. თემა იმდენად დამუშავებული მქონდა, რომ ტრენერი მეუბნებოდა, ასე კარგად დაწერილი პროექტი არ გვინახავს არც ერთ რეგიონშიო. მოკლედ, გავიდა ეს პროექტი, მაშინ რამდენიმე სხვა ადამიანიც შევაგულიანე დაეწერათ. მაგრამ უმეტესად ისე იყო, რომ სოფელში რომ ვლაპარაკობდი ასეთი პროექტი აქვს სახელწიფოსთქო არ მიჯერებდნენ სესხი ეგონა და ყოველ დილას მეკითხებოდნენ – „ახლა რომ აიღებ მაგ ფულს, უკან რამდენი უნდა დააბრუნო?!“. ინფორმაცია არ იყო გავრცელებული და არც ის ჯეროდათ, რომ დავწერე, გავიმარჯვე და დამაფინანსეს. ეგონათ მე რაღაც გზები ვიცოდი ამის მისაღწევად. დღეს ეს დამოკიდებულებები რადიკულარად შეცვლილია.

ერთია, რომ სურვილის რეალიზების შანსი მომეცა და მეორე, რომ ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. მთელი სერიოზულობით მოვეკიდე ამ საქმის დაწყებას. რა თქმა უნდა ჩემი წარმოების სახელიც მოფიქრებული მქონდა – ძველქართულად ხმელი ყურძენი ანუ „სკიჯი“. 2015 წლის 16 ნოემბერს მოვაწერე ხელშეკრულებას ხელი, გადმოვბარგდი ხიდისთავში და დაიწყო სასწაულების ეპაქა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ ჩირის საშრობი აპარატი საქართველოში არც იგუგლებოდა, მოგებული მქონდა 5 000 ლარი და ამ თანხით სხვა ქვეყნიდან ჩამოტანას არც განვიხილავდი, ამიტომ ჩემა მეუღლემ და მეგობრებმა დაამუშავეს საშრობი კარადის მუშაობის პრინციპი და რუსთავში დავამზადებინეთ საამქროში. ათ დღეში კარადა მქონდა ხიდისთავში. მაგრამ მოხდა ისე რომ ხურმის გაშრობაზე გათვლილი ბიზნეს გეგმა აცდა ხურმის სეზონს და ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი გამეშრო ის ხილი რაც დეკემბერში იყო გურიაში – მანდარინი და კივი. დავიწყე ექსპერიმენტები და გამოვიდა გემრიელი ნუგბარის ასორტი, პირველი ასორტი ასე გამოიყურებოდა: ვაშლი, ხურმა, მანდარინი, კივი, ფორთოხლის კანის ცუკატები, ჯანჯუხები, თხილი და ნიგოზი. მოწნულ თეფშებზე, ხელით შეკერილ ტომსიკებში. მე მგონი ჩემი ჩირების ეს კალათა იყო აწარმოე საქართველოს ოფისში პირველი პროდუქტი, რომელიც დაფინანსებული პრექტიდან დააგემოვნეს. სანამ მე ვაშრობდი და ექსპერიმენტებში ვიყავი პარალელურად ჩემი მეგობრები და ახლობლები მთელი ენთუზიაზმით ჩაერთენ ამ საქმეში. ახლა რომ უყურებ ვფიქრობ აი, რა მოხდა: სურვილი, რომ შექმნილიყო პრეცენდენტი და სოფელში ქართული საქმე დაწყებულიყო დიდი იყო და ყველა ჩემმა ახლობელმა ჩათვალა და ახლაც ასე თვლის, რომ მათ საკეთებელსაც ვაკეთებდი. ასე იქცა მათვის თავიანთი სამსახურის პარალელურად სკიჯი მუდმივ თემად. ისე დამზადდა ლოგო, შესაფუთი ყუთები და  ფეისბუქის გვერდი, რომ მე არაფერი გამიგია. დავამზადე 100 კილოგრამი ჩირი. ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ თვეში, საახალწლოდ კოლოფებში ლამაზად შეფუთული სკიჯი უკვე სუპერმარკეტის ქსელშიც იდო. დამზადებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დავარიგეთ უფასოდ ახლობლებში, ახლობლის ახლობლებში და ასე უამრავ ადამიანთან მოხვდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებთან და ტელევიზებიც დამიკავშირდნენ. ჩირი უდაოდ გემრიელი იყო. მახსოვს ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერმა რომ დამირეკა და დილის გადაცემაში დამპატიჟა, უარი ვუთხარი – ტელევიზიებთან საუბრის გამოცდილება არ მაქვს-მეთქი. მაშინ იმ გოგომ მითხრა – იფიქრეთ დღეს და ხვალ დაგირეკავთო. ჩემმა ოჯახის წევრებმაც გამამხნევეს და მეც მივხვდი, რომ რეკლამისთვის ასეთ კარგ შანსს პირველივე ჯერზე ვერც ვინატრებდი და რა თქმა უნდა, ეთერმა წარმატებით ჩაიარა. მოკლედ, იმდენად წარმატებული დასაწყისი ქონდა ამ საქმეს და იმდენი ადამიანის მხარდაჭერა ახლდა, რომ ჩემს ქმარს ვეუბნები ხოლმე – არ შეიძლება რომ არ ვიმუშაოთ და ენერგია მოვაკლოთქო. ასე გრძელდება დრესაც, სკიჯმა უამრავი ახალი მეგობარი შემძინა და ამისთვისაც დიდ მადლობა მას. თუმცა, ცხადია, არსებობს უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებზე მუდმივად ვსაუბრობ პრემიერი შეგხვდება, მინისტრი თუ პრეზიდენტი. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ყველა იმ საკითხის თუ პრობლემის წინ წამოწევაში, რაც მცირე მეწარმეობის განვითარებას ეხება. არ შეიძლება კანონები და რეგულაციები მინისტრების კაბინეტებში ისე მიიღებოდეს, რომ ჩვენ არ გვეკითხებოდნენ. კაბინეტს მიღმა არსებული პრობლემები მე ვიცი და ჩემნაირმა მცირე მეწარმეებმა, რომლებიც საკმაოდ მომრავლდნენ საქართველოში.

„სკიჯის სახლი“

———————

2016 წელის გაზაფხულზე პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა თოვლიან ბახმაროში მედიის მთელი ჯგუფით და იქვე დაანონსა, რომ აქ იქნებოდა სამთო-სათხილამურო კურორტი. ამას რომ მოვუსმინე, გამიჩნდა ფიქრი საოჯახო სასტუმროზე – რატომაც არა – ბახმაროს გზაზე ვართ, აქ  ვინც მოდის ყველას მოწონს ჩვენი სოფელი და სახლი, ჩირებიც არის?!. მოკლედ, საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლის“ იდეა დაიბადა. ნაცნობი გიდებს დავუკავშირდი, ჩამოვიდნენ, ნახეს, მომიწონეს და გიდების ჯგუფში დაიწერა გურიაში საოჯახო სასტუმროს ლოკაციის შესახებ. აქამდე გურია ტურისტული მარშრუტში არ იყო. ამბობდნენ, სხვადასხვა მიზეზების გამო, წინა პრეზიდენტს არ უყვარდა ეს რეგიონიო. მახსოვს, „სკიჯის სახლის“ პირველი სტუმრები გერმანელი ცოლ-ქმარი იყვნენ. მათ სქელი ტურისტული გზამკვლევი ქონდათ საქართველოზე და გურია და ბახმაროც კი ვერ ვიპოვნეთ ამ წიგნში. ახლა უკვე ნელ-ნელა ჩნდება გურიაც ტურისტულ რუკაზე. ბევრი ვფიქრობთ, რომ გურიის განვითარება ტურიზმშია. მთავრობა და ფონდები ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, იქმნება საზოგადოებები, აქტიური და ცნობილი გურული მოქალქეებით: გურული დღიურების გზა, გააცოცხლე გურია, ეკვიტური. გურია შევიდა ტურიტული ლოკაციების ქსელში და ტურისტებმა დაიწყო გურიაში სიარული. „სკიჯის სახლი“ პირველი მერცხალი იყო ამ საქმეში. მესამე ზაფხულია სტუმრებს ვმასპინძლობ და ტენდენცია დღითიდღე იზრდება. ვთვლი, თითეული სტუმარი ჩემი სასტუმროს სტუმარი კი არაა, გურიის სტუმარია და ვცდილობ ასმაგი პასუხისმგებლობით მიუდგე, რომ ძალინ კმაყოფილი წავიდეს. მე მას წარმოდეგნას უქმნი გურიაზე, რომლის აღმოჩენას ახლა იწყებენ. ახლახანს ევროკავშირის და გუბერნისს ერთობლივი მიკროგრანტი მოვიგეთ და ხიდისთავში პატარა ტურისტულ ლოკაციას შევქმნა – სან სეტი ჩვენს მდინარე გუბაზეულზე.

გაფართოებას ვგეგმავ, მინდა საშუალო ზომის ევროპული სტანდარტის მქონე სერთიფიცირებული საწარმო ავაშენო, სადაც წელიწადში 10 ტონა ჩირის წარმოებას შევძლებ. ახლა საოჯახო საწარმოს რესურსით დიდი დაკვეთების მიღებას ვერ ვახერხებ. მიწა მაქვს ხიდისთავში მდინარის პირას და იქ მინდა ამ მცირე ქარხნის აშენება, იქვე იქნება  ხუთნომრიანი სასტუმროც. იდეაში, აგროტურიზმის ნიშა მინდა დავიკავო, რადგანაც წარმოებაც მაქვს და საოჯახო სასტუმროც, გავლილი პერიოდის განმავლობაში მუშაობის გამოცდილებაც მივიღე. ამ პირობებში მაქსიმუმი გაკეთდა და ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დადგა. ოჯახის ახალგაზრდა წევრმაც გადაწყვიტა გადმოსვლა, ახალ ეტაპზე ახალი ძალებით უნდა გადავიდეთ. ეს არის ჩემი ახლანდელი და მომავლის გეგმებიც. მინდა, ერთი პატარა სათქმელი ვთქვა, მინდა ჩემი საქმით დავანახო გურულებს, მთავრობას, დონორებს რომ გურიას აქვს განვითარების პოტენციალი, აქაც შეიძლება წარმატებული საქმის კეთება, კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა. ამისი პოტენციალი და რესურსი გურიაში ნამდვილად არის.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები