ელენე დარიანი (ბაქრაძე) 1897-1979 /პოეტი

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო – მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და ახლო მეგობარი, ელენე ბაქრაძე იდგა.

გთავაზობთ მის ორ ლექსს:

“დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მიკარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთი პირის მიკარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით”.
(“დარიანული”).

“მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი!
ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.
მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი,
და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.
და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა გამხდარი ცინდალი:
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა”.
(“მე და კატა”).

ფოტო ოჯახის არქივიდან
წყარო:https://www.facebook.com/50womenfromGeorgia/photos/a.164432727071387.1073741826.164429140405079/164514740396519/?type=3&theater

მსგავსი ისტორიები