თათო მახარაძე, 21 წლის, ბათუმი

“ამპუტაცია ჩემი ოჯახისთვის იყო მოულოდნელი, თორემ მე უკვე ხშირად ვფიქრობდი ამაზე და ვემზადებოდი. 7 წლის განმავლობაში ხელი უფუნქციოდ იყო და ტკივილები ცალკე მაწუხებდა. ფინანსური მდგომარეობა უკვე ისეთი დაგვიდგა, აღარაფერი შეგვეძლო. რაც კი გვქონდა ღირებული, ყველაფერი გაიყიდა და ეს უფრო მაწუხებდა, იმიტომ რომ ჩემ გარდა ორი და და ერთი ძმა მყავს. ამ დროს ყველაფერი ჩემზე იხარჯებოდა. ექიმი, რომელთანაც დავდიოდი, 13 წლიდან მიყურებდა და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან. ერთ-ერთი პროცედურის დროს პირველმა მე ვკითხე, ამპუტაციაზე ფიქრობთ-მეთქი? ძალიან შეცბა. ვწუხვარ, ახლა რომ გეუბნები, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრიაო. გვერდით დამიჯდა და მეუბნება, მამაშენს როგორ ვუთხრათ ეს ამბავიო. დავამშვიდე, რომ მამიკოსთან მე მოვაგვარებდი. 


23 თებერვალს ამპუტაცია ბათუმში გამიკეთდა.

მე მინდოდა ეს ოპერაცია, რადგან ვთვლიდი, რომ ხსნას, შვებას, მოსვენებას მომიტანდა, მაგრამ მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა. საავადმყოფოში მეგონა, რომ უკვე შევეგუე კიდევაც ჩემს ახალ სხეულს. სახლში დაბრუნებისას კი ინსტიქტურად გავიხედე სახლის შესასვლელში მდგარი სარკისაკენ. პირველი განცდა იყო, რომ იქ აღარასოდეს მომინდებოდა ჩახედვა. ეს მომენტი იყო ძალიან რთული და დიდი შინაგანი გარდატეხა ჩემში. ამპუტირებულ ხელზე, სარკეში ჩახედვასა და ამის გასაჯაროებაზე უფრო მძიმე კი, შემდგომი პერიოდი აღმოჩნდა და იმის განცდა, რომ აღარც სტუდენტი ვარ, რადგან გაუგებრობა მოხდა და მკურნალობის პერიოდში სტუდენტური სტატუსი შემიწყვიტა უნივერსიტეტმა, აღარც მოსწავლე და თითქოს აღარავინ ვარ.

 

ერთ-ერთ დღეს, ბულვარში სეირნობისას ჩემთვის შესაფერისი ველოსიპედი დავინახე. ჩემი ძმა მომეხმარა დაჯდომაში. ვეუბნები, „ხელი გამიშვი“ და თურმე ამ დროს მე უკვე დამოუკიდებლად ვატარებ. საოცარი იყო იმის განცდა, რომ მე რაღაცის კეთება ისევ შემიძლია! მერე, როცა ეს ველოსიპედი უკან მივუყვანე პატრონს, მითხრა, რომ ძალიან ვეცოდები და თუ გავივლიდი ხოლმე მასთან, უფულოდაც მათხოვებდა. ჩემთვის ეს იმდენად არასასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ სურვილი გამიქრა მასთან კიდევ მისვლის. ორი კვირის მერე ისევ მივედი იქ და სხვასთან ვიკითხე, საჩემო ველოსიპედი თუ ჰქონდა. ამ ბიჭმა მომინახა ერთ-ერთი, რომელიც გავატარე. პირველ დღეს ჩვეულებრივად ვიქირავე. ვხედავდი, რომ სხვებზე აღარც აქირავებდა ამ ველოსიპედს. მე მენდობოდა, ქალაქშიც მატანდა და თან ხელის მუხრუჭი მარცხენა მხარეს გადმოაწყო ჩემთვის, ფეხისაც დამიყენა. ეს ჟესტები ჩემთვის ძალიან დადებითი იყო, გასაოცარიც კი. შემხვდა ადამიანი, რომელიც სიკეთეს ისე აკეთებს, რომ არ კოპლექსდები და არც უარის თქმის სურვილი გიჩნდება. მოკლედ, ძალიან დავმეგობრდით.

 

სწავლა უნივერსიტეტში მაინც გავაგრძელე.

 

სწავლის გაგრძელების სურვილი დამიბრუნდა იმიტომ, რომ აღარ მინდა რაც მე გამოვიარე, სხვებმაც განიცადონ. აღარ მინდა ჩემი დისშვილები და ძმისშვილები ხედავდნენ, მაგალითად, როგორ კვდებიან მათ გვერდით ბავშვები. აღარ მინდა რომელიმე დიაგნოზი საშიში იყოს საქართველოში.

 

ასე გადავწყვიტე, რომ ჩემი დიდი გატაცება – კულინარია – ჰობად დავტოვო და ამ პრობლემებზე ვიმუშაო!”

 

 

მსგავსი ისტორიები