ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი

„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს.

2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს – საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი არ არის, უფრო ადრეც ხდებიან ხოლმე დიდოსტატები.

2012 წლიდან დღემდე საქართველოს ქალთა ნაკრების ღირსებას ვიცავ.
ვარ საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრში. ბლიცში მესამე ადგილი მაქვს აღებული. მსოფლიო გრანპრიში, რომელიც შარშან ჩატარდა, მეორე და მესამე ადგილზე გავედი და, ასევე, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ვარ. ნაკრების დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ, როცა ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. ასევე, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრები ევროპის ჩემპიონები გავხდით, ზედიზედ ორჯერ. მესამედ ახლახანს გავხდით ჩემპიონები თურქეთში გამართულ შეჯიბრში.

ამ გამარჯვევების უკან, ძალიან დიდი შრომა და წლები დევს, რასაც ცოდნის დაგროვება მოჰყვება. ჭადრაკი საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დღეში 6-8 საათი ვვარჯიშობ. ტურნირის დროს კი, დღეში 10 საათს ვმუშაობ. პარტიის წინ მომზადებას სადღაც 2 საათი სჭირდება, რომ ნახო მოწინააღმდეგე რა ვარიანტებს თამაშობს, რა სისუსტეები აქვს, რა ტაქტიკას იყენებს. მომზადების დროს უნდა შეარჩიო რა ვარიანტებით ეთამაშო. შემდეგ კი, თვითონ ამ ვარიანტს ამუშავებ.

მე ოჯახი არ მყავს, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ არანაირი წარმატება წარმატება არ არის, თუ დაქორწინებული არ ხარ. ეს არის ხოლმე პირველი საკითხი – ყველა წარმატებას იმიტომ უნდა მიაღწიო, რომ შემდეგ წარმატებულად გათხოვდე. ვფიქრობ, ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. საყვარელი საქმით უნდა იყო დაკავებული და ამას ერთადერთი მიზეზით უნდა აკეთებდე. მიზეზით, რასაც ამ საქმისადმი სიყვარული ქვია.

არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც არსებობს სტერეოტიპი, რომ ჭადრაკი კაცების საქმე უფროა, ვიდრე ქალების. არადა, საქართველოში ქალი მოჭადრაკეები ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ და მეტ წარმატებას აღწევდნენ, ვიდრე კაცები.

მსოფლიო რეიტინგს რომ გადახედოთ, კაცებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ჭადრაკიც სპორტია. კარგი ფიზიკური მომზადება გჭირდება, რომ, მაგალითად, 8 საათი შეძლო თამაში. ჭადრაკი მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობები არ არის, ფიზიკურ გამძლეობაზე ბევრია დამოკიდებული. ელემენტარულად, ამ შრომას ხომ უნდა გაუძლო. როცა ფიზიკურად იღლები, გონება გეთიშება და შენს დონესთან შედარებით, ნაკლებ დონეზე აგრძელებ თამაშს. მეორე მომენტია ის, რომ კაცებს მეტი დრო აქვთ ჭადრაკისვით, ისინი ყოველდღიური, საოჯახო შრომისგან და ქალებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობებისგან თავისუფლები არიან. კაცებს დღეში 12-14 საათი შეუძლიათ თამაშისთვის მზადებას დაუთმონ, რისი ფუფუნებაც ქალებს ნაკლებად გვაქვს. შესაბამისად, მეტი ვარჯიშით და მომზადებისთვის მეტი დროის დათმობით, უკეთეს ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებენ, ამ ყველაფერს რომ დაეწიო კი, ძალიან რთულია.

ორი წლის წინ, მაგნუს კარლსენთან (ავტ: ნორვეგიელი ჭადრაკის დიდოსტატი და ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი. ფიდეს რეიტინგით ნომერ I მოთამაშე) პარტია ყაიმით დავასრულე. მას ყატარის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდი. მე შავი ფერებით ვიყავი, ის თეთრებით. თეთრებით როცა ხარ, სადებიუტო უპირატესობას ფლობ, უკეთესი სასტარტო პირობები გაქვს. შავებით როცა ხარ, მუდმივად თავის დაცვა გიწევს. მასთან ყაიმის შემდეგ ყველა გაოცებული იყო, თვითონაც შემაქო, ძალიან კარგად ითამაშეო.

ჭადრაკი არის – ცოდნა, გამოცდილება და აგრეთვე, ფიზიკური მომზადება.

კონცენტრაციას სჭირდება ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება. შენ რომ 5-6 საათი კონცენტრაცია დაიცვა დაფაზე და არ მოეშვა, არ მოდუნდე, სწორედ ამას სჭირდება ძალიან დიდი ფიზიკური გამძლეობა. ჭადრაკი ჩვეულებრივი სპორტია. მორბენლები რომ ავიღოთ, კაცები უფრო სწრაფად გაირბენენ მოცემულ დისტანციას, ვიდრე ქალები, განსხვავებული ფიზიკური მონაცემების გამო. იგივეა ჭადრაკშიც, გრძელ დისტანციებზე, სადაც გამძლეობა მნიშვნელოვანია, კაცები ჯობნიან ქალებს და ასევე, დრო, რომელიც მათ შეუძლიათ ჭადრაკს დაუთმონ, ძალიან ბევრ ფაქტორს განსაზღვრავს. ქალს უფრო ნაკლების დროის დათმობა შეუძლია ჭადრაკისთვის, არამარტო საყოფაცხოვრებო პირობების, არამედ ფიზიკური მონაცემების გამოც. როცა ქალი 5-6 საათის მერე იღლება, კაცს შეუძლია კიდევ 5-6 საათი იმუშაოს.

არის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომ კაცებს მათემატიკური ტვინი აქვთ და ამიტომ უფრო ძლიერები არიან ჭადრაკში, თუმცა ამ სპორტში ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკა. ამას გარდა, ტოპ მოთამაშე როცა ხარ, ინტელექტუალური კოეფიციენტიც მაღალი უნდა გქონდეს. თუმცა, ჩვეულებრივი დიდოსტატი რომ გახდე, ამისთვის არ არის განსაკუთრებული მონაცემები საჭირო, თანმიმდევრული შრომითა და ვარჯიშით შეიძლება ამის მიღწევა. შეიძლება ტოპ მოჭადრაკე ვერ გახდე, მაგრამ რაღაც დონეს დაიჭერ და არ ჩამოცდები.

ჭადრაკში სქესობრივი კონკურენციაც მაღალია: მსოფლიოში ჭადრაკზე 10 ბიჭი და 3 გოგო მოდის. ანუ ჭადრაკის სასწავლად 10 ბიჭი და 10 გოგო არასოდეს მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრიზებს რაც შეეხება, ქალთა ტურნირებზე საგრძნობლად დაბალია. სულ რამდენიმე ღია ტურნირი არსებობს, სადაც ქალებისთვისაც მაღალი პრიზებია. დანარჩენ შემთხვევაში განსხვავება საგრძნობლად დიდია. მაგალითად Isle of man-ზე (საერთაშორისო ტურნირი) პირველადგილოსანი კაცისთვის პრიზი იყო 50 ათასი ფუნტი, ხოლო პირველადგილოსანი ქალისთვის – 6 ათასი ფუნტი.

ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ქალთა და კაცთა ტურნირები გაერთიანდეს, მაგრამ ამის შანსები არის. იუდიტ პოლგარი იყო ის მოჭადრაკე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალებსაც შეუძლიათ კაცების დონეზე იასპარეზონ. დღეს კი არის ჰოუ იფანი, ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული მოჭადრაკე, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს – 2670, ისეთ საერთაშორისო ტურნირებს იგებს, სადაც ძალიან ძლიერი კაცები თამაშობენ ხოლმე. ჯერ-ჯერობით ეს ორი ქალია გამონაკლისი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალებსაც შეუძლიათ კაცებს კონკურენცია გაუწიონ. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ამას: საყოფაცხოვრებო პირობები, გარემო, დრო, რომელსაც შენგან ჭადრაკი მოითხოვს და რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება. მე თვითონ ძალიან ბევრჯერ მითამაშია კაცებთან, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ღია ტურნირებში, სადაც ბევრი მოგება, ყაიმიც და წაგებაც მქონია.

გროსმაისტერობის მოსაპოვებლად საჭიროა ნორმატივების შესრულება: სხვადასხვა ტურნირში უნდა მიიღო მონაწილეობა, სულ 3 ნორმაა საჭირო და რეიტინგი 2500-ს უნდა გაცდეს. გროსმაისტერი როცა გავხდი, 6 ტურნირიდან 4.5 ქულა მქონდა დაგროვილი. მეექვსე პარტიის მერე ძალიან დაღლილი ვიყავი, ბოლო სამი პარტიაც წავაგე, მაგრამ საკმარისი ქულები დაგროვილი მქონდა. 9 დღის განმავლობაში გადაბმულად მქონდა თამაშები და „პერფომანს ქულები“ 2813 მქონდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ძალიან ძლიერად ჩავატარე ტურნირი. ჰოუ იფანს მოვუგე, რომელიც ქალთა შორის რეიტინგში პირველი ნომერია და კაცებს უწევს სერიოზულ კონკურენციას. ის ისეთ საერთაშორისო ტურნირებს იგებს, სადაც წამყვანი მოჭადრაკე კაცები იღებენ მონაწილეობას. მასთან მოგება ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო.

ახლა მინდა კარგად მოვემზადო და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. მსოფლიოში ქალების ხუთეულში ან ათეულში რომ გავიდე, ძალიან დიდი წარმატება იქნება. ეს ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები