ქრისტინე მაღლაკელიძე, 23 წლის, ქუთაისი

(პროფესიით იურისტია და საქართველოს სკაუტების სამუშაო ჯგუფთან ერთად მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშესაწყობად მუშაობს სახელმწიფო პროგრამაზე – “აწარმოე საქართველოში”. ქრისტინე არის დემოკრატიისა და განათლების აქტივისტი)

„გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ჩვენი ყოველდღიურობისთვის იმგვარად ორგანულია, რომ საზოგადოება უთანასწორობას იღებს ბუნებრივად, თანასწორობა კი პირიქით, როგორღაც ეუცნაურებათ. აი მაგალითად, ჩემი ველოსიპედის შემკეთებელი, რომელმაც ველოსიპედის მართვის დაწყებამდე დეტალურად ამიხსნა რელიეფის მიხედვით სიჩქარეების მორგების საჭიროება. ერთ დღესაც კი, როცა მასთან საბურავის შესაკეთებლად მივედი სიჩქარეებს დახედა და კმაყოფილმა მის თანამშრომელს გადაულაპარაკა: “ნახე, გოგოა და რა კარგ სიჩქარეში აქვს ჩაგდებულიო”. ამის შემდგე, როცა მასთან მივდივარ, ყოველთვის ვუყვები დისტანციებზე, რომელსაც ველოსიპედით ვფარავ, ვუზიარებ ახალი ტრასების შესახებ შთაბეჭდილებებს და ვაცნობ მართვასთან დაკავშირებულ ახალ აღმოჩნებს. მგონია, რომ ასე მარტივად გააცნობიერებს, რომ შესაძლებლობებს სქესი არ განსაზღვრავს.

სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დამრიგებელი მყავდა, რომელსაც მათემატიკა ძალიან უყვარდა, რის გამოც ხელოვნების, ფიზკულტურის და ბუნების გაკვეთილების ხარჯზე ლამის ყველა გაკვეთილი მათემატიკის მქონდა. მათემატიკაში გაკვეთილების ამ ინტენსივობის ფონზე რთული არ იყო ამოცანების ამოხსნა, მაგრამ მასწავლებელი მაინც ყველა ჯერზე პასუხგაცემულ ამოცანას დიდი აღფრთოვანებით ხვდებოდა, ნიშანს მიწერდა და ბონუსად, კარგი ბიჭი ხარო დააყოლებდა ხოლმე. მახსოვს, ეს შექებები ცოტა მაშინაც მეუცნაურებოდა, მაგრამ სახლში როცა ვამბობდი, ძალიანაც მოსწონდათ და შევეჩვიე. მოგვიანებით, უკვე სტუდენტმა, როცა მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს სკოლის გამოცდილებას ვუზიარებდით, გავიგე, რომ სხვა სკოლებში სხვა გოგოებიც იღებდნენ მსგავს შეფასებას. ახლა, როცა გენდერული სტერეოტიპების განმტკიცების ადგილებსა და აქტორებზე ვფიქრობ, მგონია რომ ცდას არავინ აკლებს და თითქოს შეთანხმებული მუშაობის შედეგია პატრიარქალური საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელშიდაც მგონია, რომ ვერაფრით იქნება ბედნიერი ქალი – რომელსაც სქესის გამო არასრულფასოვნად აღიქვამენ და ვერც კაცი – რომელსაც სქესის გამო უამრავ პასუხსიმგებლობას აკისრებენ და ახლა იმ ჩემს დამრიგებელზე ვფიქრობ, რომ მათემატიკა კი უყვარდა, მაგრამ თავად მარტივი არითმეტიკისა და შედარებების გააზრებისგან შორის იყო. აი, რას ვგულისხმობ: თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 1=1 ესე იგი 1 ქალი და 1 კაცი თანასწორია, უფრო სწორი თეზისია 2>1, რაც ნიშნავს, რომ ერთად ქალსა და კაცს გაცილებით მაგარი საქმეების კეთება შეუძლიათ, ვიდრე რომელიმე ერთს ცალკე.“

მსგავსი ისტორიები