ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

პარტია – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

„რუსთაველი ვარ, რუსთავში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე და ოჯახიც აქ შევქმენი. ძალიან ადრე დავქორწინდი და უკვე 17 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. კარიერაზე ზრუნვა დაქორწინების შემდეგ დავიწყე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე, ავიღე მაგისტრის დიპლომიც, ვარ დოქტორანტი და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით, სადოქტორო თემაზე ვმუშაობ, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს საკითხი შეჩერებული მაქვს, რადგან აქტიურ ცხოვრებასა და თემაზე მუშაობას ერთად ვერ ვახერხებ და მინდა, როცა დრო მექნება, უფრო მშვიდ გარემოში გავაგრძელო.

მუშაობა 2008 წელს დავიწყე – თბილისის მერიაში იყო შემხვედრი კონსულტანტის ვაკანსია, რაც მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, კართან უნიფორმით დგომას გულისხმობდა, როდესაც მოქალაქე შემოდიოდა, მე უნდა მიმეთითებინა, რომელი სერვისი, სად უნდა მიეღო. დაახლოებით, ერთი წელი ვიმუშავე ამ პოზიციაზე, ხშირად ვიყავი სტაჟიორიც, ამაში ვიყენებდი შესვენების ერთ საათს. სტაჟიორი ვიყავი, მაგალითად, ცხელი ხაზის განყოფილებაში, სადაც ზარებს ვპასუხობდი, კადრების სამსახურში, არქივის სამსახურში. გარდა იმისა, რასაც ვაკეთებდი, ამით ვცდილობდი, დამატებითი ინფორმაცია მქონოდა იმაზე, რას აკეთებდა სხვადასხვა განყოფილება. საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლის შემდეგ, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის – იმ განყოფილების უფროსი გავხდი, სადაც თავიდან დავიწყე მუშაობა. ვიყავი საორგანიზაციო სამსახურის უფროსიც, რომელშიც ყველა ის განყოფილება შედიოდა, სადაც სტაჟირება მქონდა გავლილი, უკვე მქონდა გამოცდილება და როგორც თანამშრომლის, ასევე, მოქალაქის თვალითაც კარგად ვიცოდი, იქ რა მდგომარეობა იყო და რა მინდოდა, რომ გამოსწორებულიყო. საბოლოო ჯამში, 10 წელი ვმუშაობდი თბილისის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე.

10 წელი ვიმუშავე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო – აქ გაქვს კონკრეტული პროექტები და მიმართულებები, თუმცა პოლიტიკის განმსაზღვრელი არ ხარ. 2017 წელს “ქართულმა ოცნებამ” ისნის რაიონის მაჟორიტარად წარმადგინა და დეპუტატი გავხდი. ძალიან მინდოდა, 10 წლის შემდეგ იმ ადგილზე მემუშავა, სადაც პოლიტიკის განმსაზღვრელი და მით უმეტეს, ხალხის წარმომადგენელი ვიქნებოდი. ეს კიდევ სხვა მიმართულება და სხვა პასუხისმგებლობაა, სხვა ინტერესი და ხიბლი აქვს ამ ყველაფერს და ერთია, რომ აღასრულებ კონკრეტულ პროექტებს და მეორეა, იღებდე მონაწილეობას პოლიტიკის განსაზღვრაში. დღეს ადამიანების ინტერესს წარმოვადგენ თბილისის საკრებულოში, ამავე დროს, ვარ საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე.

რაც არ უნდა ვთქვათ, ოჯახისა და კარიერის შეთავსება ძალიან რთულია. მით უმეტეს, მე ადრე შევქმენი ოჯახი და განათლების მიღება და კარიერის აწყობა პარალელურად მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში, დღემდე ასე გრძელდება. ვარ მრავალშვილიანი დედა, ოთხი შვილი მყავს. ეს ყველაფერი ერთად შესაძლებელია, მთავარი მონდომება და იმ ადამიანის თანადგომა და მხარდაჭერაა, ვისთან ერთადაც ოჯახს ქმნი. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ბარიერები. მაგალითად, როდესაც ბავშვს ვაჩენდი და დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, იმაზე ვფიქრობდი, ცუდად ხომ არ აღიქმებოდა ეს სამსახურში. წყდები იმ პროცესებს და შეიძლება, მერე გარკვეული პრობლემები შეგექმნას. არადა, ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი დრო გაატარო ბავშვთან და ამაზე გიწევს ფიქრი. საკრებულოში, რადგან ქალი ვარ, დაბრკოლება არ შემქმნია. სამაჟორიტარო საქმიანობა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და კომუნიკაციას გულისხმობს და ამ დროს, თვითონ მათი მხრიდან იყო გარკვეული ბარიერი, ალბათ, მამაკაცს როცა ხედავენ, ჰგონიათ, რომ პრობლემის მოგვარებაში ის უფრო მტკიცე და მყარი იქნება, გადარწმუნება და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიწევდა, არ იყვნენ მიჩვეული ქალ მაჟორიტარს და ამას ვგრძნობდი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.
ბევრი შეხვედრა მქონია ქალ მეწარმეებთან, მრავალშვილიან დედებთან, მათ ჰგონიათ, რომ მათი პრობლემები ყველაზე კარგად გესმის იმიტომ, რომ ყოველდღიურობაში შენც აწყდები ამ პრობლემებს, ბევრად უფრო გახსნილები არიან და ბევრად პროდუქტიულია ჩვენი ურთიერთობა.

პოლიტიკაში ქალთა გაძლიერების ყველაზე კარგი მაგალითი, ალბათ, პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილებაა კვოტირებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ დღეს, საქართველოში ამ ტიპის მექანიზმი აუცილებელია. არ მგონია, რომ ეს მუდმივად ასე უნდა იყოს, მოვა დრო, როდესაც ასეთი ჩარევები საჭირო აღარ იქნება. ვერ ვიტყვი, რომ დღეს კანონი ვინმეს რამეში ზღუდავს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ის სურათი გვაქვს, რომ პასიურია ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. ეს მექანიზმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააძლიერებს მათ და მერე ამის გარეშეც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში. ჩემთან მიმართებაში არის კითხვა – მიუხედავად კვოტირებისა, მაინც ერთი ქალი რატომ ვარ სიაში. მალე იქნება “ქართული ოცნების” სია და ნახავთ, რომ სწორედ ამ ცვლილების საფუძველზე მოხვდება სიაში არაერთი წარმატებული და ძლიერი ქალი. პარტიაში მაჟორიტარობასთან დაკავშირებული კონსულტაციების დროს, გენდერი არ იყო მთავარი, მთავარი იყო ქალაქი, რომელზეც ლაპარაკი იყო და იმ ქალაქში არსებული გამოწვევები. სხვა უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე გაკეთდა აქცენტი, იმ რესურსებზე, რა რესურსი ჰქონდა კანდიდატს და არა იმაზე, ქალი იყო თუ კაცი.

რაც შეეხება რუსთავსა და რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატობას, ეს ჩემთვის გარკვეულ სენტიმენტებთანაცაა დაკავშირებული. რუსთავი არის ჩემი ქალაქი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, გავატარე საუკეთესო წლები, ოჯახი შევქმენით მე და ჩემმა მეუღლემ, დღემდე ცხოვრობს ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ამ ქალაქთან. ის გამოცდილება, რაც დედაქალაქში მივიღე, როგორც აღმასრულებელ, ასევე წარმომადგენლობით ორგანოში, ვფიქრობ, ჩემს ქალაქს ძალიან გამოადგება და მაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოცდილება მის განვითარებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს მოვახმარო. საკითხები, რომლებზეც ადგილობრივ დონეზე ვმუშაობდი, საჭიროებს უფრო მეტ მხარდაჭერას და სწორედ პარლამენტი იქნება ეს ადგილი. ვიმუშავებ, რომ ნებისმიერი სერვისი და პროგრამა თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორც კაცებს, ასევე ქალებს, ახალგაზრდებს, შშმ პირებს. ვიმუშავებ ბევრი მიმართულებით, მათ შორის, აუცილებლად, პროფესიული განათლების კუთხით, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის და მეტი პერსპექტივისთვის. წინ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: გედა დარჩია

პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.

#პოლიტიკაSHE #მეტიქალიპოლიტიკაში #არჩევნები2020