ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში)

“წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს. თბილისიდან ქუთაისში გადამიყვანეს და მერე აქ, გურჯაანში მომიყვანეს.
აქ ყველაზე კარგად ვარ, სადაც კი ვყოფილვარ. საჭმელების გაკეთება ვისწავლე – კვერცხს ვწვავ, ყავას და კაკაოს ვუდუღებ აქაურ მეგობრებს. ჩვენით ვალაგებთ და ვუვლით აქაურობას. მასწავლებელიც გვყავს, რომელიც ქართულს და მათემატიკას გვასწავლის. ცოტა-ცოტა კითხვაც უკვე ვისწავლე „აი ია“ და რაღაცეები. აქაური გართობა? კინოში სიარული კი მიყვარს, რადგან ბავშვობაში ვყოფილვარ და მახსოვს, მაგრამ სახლში მექსიკური სერიალების ყურებით ვერთობი. რა მაინტერესებს და იმ ისტორიების ნახვა, რაც იქ ხდება – როგორ უხარიათ, უყვართ, უკვდებათ და განიცდიან…

ერთხელაც კოსტია გავიცანი, შემიყვარდა და აქ რომ ჩამოვედი, გავთხოვდი. კოსტია სოხუმელი ბერძენია. დედა უკრაინელი ყავდა, რომელიც მერე გათხოვდა. ეს კი ბავშვთა სახლში ჩააბარა ოჯახმა და იქ გაიზარდა. კოსტია როგორია? ის ჩემი ქმარია და კარგი ადამიანია.
ორივე მეორე ჯგუფის ინვალიდები ვართ და 100-100 ლარი გვაქვს პენსია. აქაური დიასახლისი გვეხმარება და ამ ფულით დავყავარათ საყიდლებზე. იმას ვყიდულობთ ხოლმე, რაც ჩვენ გვინდა და გვჭირდება.

მე და კოსტიას ორი შვილი შეგვეძინა – ელენე და მარიამი. ერთი ორი წლისაა, მეორე კი სამის. დღეს ისინი ჩვენთან არ ცხოვრობენ (ავტ. ირინას და კოსტიას შვილები მინდობით აღზრდაში არიან) და თავისი ნათლია ზრდით, მაგრამ აქვე ახლოს, გურჯაანში არიან და ხშირად ვნახულობთ. დაბადების დღეებზეც დავდივართ საჩუქრებით. წინა დაბადების დღეზე ლამაზი კაბა და წინდები ვუყიდეთ. ძალიან კარგი ბავშვები არიან და უყვართ მოფერება. ჩემს შვილებთან ერთად ცხოვრება ძალიან მინდა, მაგრამ აქ, ამ სახლში, ბევრ ხალხთან ერთად ბავშვები ვერ იცხოვრებენ.

ოცნებაც მაქვს. მინდა, რომ ჩემი შვილები და ქმარი კარგად იყვნენ და შევძლოთ ერთად ცხოვრება. საერთოდ, ვოცნებობ, რომ ყველა ადამიანი კარგად იყოს!”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილ