ლიკუნა ჩაჩიბაია, 21 წლის, თბილისი

ხელი
——–
„ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი.

3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი ჩემს თანხმობას ვერ მიიღებდნენ, ეს მშობლების თანხმობით მოხდა. თუ ხელის ამპუტაციას არ გამიკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადავრჩებოდი. 3 დღის მერე როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, რომ ამ ამბის გამო არ გავგიჟებულიყავი. ექიმების ფუსფუსი და ჩურჩული მესმოდა: „არ იცის, ვერ ვეტყვით“ და ა.შ. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ფეხები გავამოძრავე – ვგრძნობდი, ამით უკვე ბედნიერი ვიყავი. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და მაგაზე მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე.

სანამ მივხვდებოდი, რომ ხელი არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვლაპარაკობდი და ხმა დავკარგე. ვერ ვიძახდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას – „დედა“. ზუსტად ამან გამაგიჟა, მეგონა, რომ ხმას ვეღარასოდეს ამოვიღებდი. არადა, აპარატი, რომელზეც შეერთებული ვიყავი, ბოლომდე იყო ჩასული და მიზეზიც ეს იყო, რატომაც ხმას ვერ ვიღებდი. აპარატის მოხსნის მერე რომ ვთქვი პირველი სიტყვები – „დედა მინდა“ – უბედნიერესი ვიყავი მართლა.

დედაჩემის შემოსვლა მოვითხოვე და ჩვეულებრივი, ნორმალური ტონით ვკითხე, რატომ არ მითხარი, რომ არ მაქვს ხელი-მეთქი? არანაირი გაგიჟება, დეპრესია და პანიკა არ მქონია, ამას რომ ვეკითხებოდი. დედაჩემს ძალიან გაუხარდა ხელის დაკარგვას ასე მშვიდად რომ შევხვდი.

მერე და მერე უფრო საშინელი რაღაცეები ვიფიქრე, ვიდრე ხელის დაკარგვაა. ვერ გეტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა მივანიჭე, ერთი ხელი მექნებოდა თუ ორი. ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. მეტსაც გეტყვით, ახლა უფრო წარმატებული ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი. ახლა უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე მაშინ. რეაბილიტაციის პერიოდი არ იყო ხანგრძლივი. ეს იყო სულ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი. სახლში ყოფნის პერიოდში, როცა რაღაცეების კეთებას მარჯვენა ხელით ხარ მიჩვეული, მაგრამ უცებ აღარ გაქვს ეს მარჯვენა და მარცხენაზე უნდა გადაერთო, მიუხედავად ყველაფრისა, არ არის ადვილი. მაგალითად, ხელი უნდა მოაწერო რაღაცაზე და ა.შ. მსგავს სიტუაციებში ვფიქრობდი, რატომ მე?

მაგრამ მოვერიე. გადავწყვიტე, რომ ამაზე დიდი დრო არ დამეხარჯა. დიდხნიანი დეპრესიის პერიოდი არ მქონია. უბრალოდ ერთ დღეს ავდექი და როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ძლიერი უნდა ვიყო. რადგან კიდევ მომეცა სიცოცხლის შანსი, უნდა გამეკეთებინა განსხვავებული რაღაც, ვიდრე მანამდე ვაკეთებდი.

ოჯახი და მეგობრები
—————————–
იყო მომენტები, როცა მავიწყდებოდა, რომ მარჯვენა ხელი არ მქონდა. გავწევდი ამ ხელს და მერე ვიფიქრებდი – „უი, ხელი არ მაქვს“. კომპლექსი ოჯახს უფრო ჰქონდა, ვიდრე მე. განა იმას ვამბობ, რომ რცხვენოდათ ჩემი გამოჩენა. უბრალოდ, რთულია, როცა 16 წელი ზრდი შვილს და უცბად ერთი ხელი აღარ აქვს. თავიდან, როცა გარეთ გავდიოდი, მე თვითონ ვმალავდი ხელს. მერე თანდათან ყველანაირი კომპლექსი დავძლიე. მე ის დამეხმარა, რომ ირგვლივ ის ადამიანები მეხვია, ვის გამოც სიცოცხლე მიხაროდა – ჩემი მშობლები და ძმა. აღარ აქვს მნიშვნელობა, ერთი ხელი გექნება თუ ორი, როცა ხვდები, რამდენად გაგიმართლა, რომ კიდევ გაქვს შესაძლებლობა საყვარელ ადამიანებთან იყო. რისი კომპლექსი უნდა გქონდეს, როცა სიყვარული გაქვს.

ეს ამბავი რომ შემემთხვა სკოლიდან, მე-9 კლასიდან გამოსული ვიყავი. გადავწყვიტე სკოლაში დავბრუნებულიყავი და დამემთავრებინა. იმავე კლასში დავბრუნდი, სადაც ვსწავლობდი. ჩვეულებრივად გავაგრძელე სწავლა. თუმცა, კლასში ყოველთვის არის ორი მხარე. ერთი მხარე ყოველთვის შენთან არის, მეორე მხარე კი ყოველთვის ალმაცერად გიყურებს და მქონდა შემთხვევებიც, როცა „ღადაობდნენ“ ჩემზე. მეკითხებოდნენ „თმას როგორ ივარცხნი?“, „მანიკურს როგორ ისვამ?“ და ა.შ. იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს შეკითხვები, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიმიყენებია ამის გამო, ბევრი ცუდი რამე მითქვამს, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ასეთ ხალხს ვერაფერს გავაგებინებდი, დავიკიდე.

ბევრი მეგობარი დავკარგე ამ შემთხვევის გამო. განა იმიტომ, რომ რცხვენოდათ ჩემ გამო, არამედ არ ითვალისწინებდნენ, რა მოხდა, რა მჭირდებოდა. ვხედავდი, რომ ვეცოდებოდი. ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ვინმეს ვეცოდები. თუ მემეგობრები, შენი შეცოდება არ მჭირდება, დარჩი ისეთივე დამოკიდებულებით, როგორითაც იყავი.

ცეკვა
——
სწავლის გარდა, რაღაც სხვაც მინდოდა მეკეთებინა. ძალიან მინდოდა ცეკვა. ერთმა, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ცეკვა დაგვიდგა და როცა მივხვდი, რომ გამომდიოდა, მომინდა „ნიჭიერში“ გავსულიყავი. სიმართლე გითხრათ, პირველი ცეკვა ჩაგვეშალა, რაღაც მიზეზების გამო. მაგრამ ნახევარფინალში მაინც გადავედით და აქედან დაიწყო ყველაფერი. წარმატება ამ დროს მოვიდა. პარაოლიმპიური სპორტის ცენტრიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს მივსულიყავი. მითხრეს, მოდი ცურვაზე, ვიცით, შენ ეს შეგიძლია და ვხედავთ შენში პოტენციალსო.

ცურვა
——–
თავიდან ძალიან სასაცილოდ ვცურავდი. 25 მეტრიან დისტანციაზეც ძალიან ვიღლებოდი და ორჯერ ვისვენებდი. თუმცა, გადავლახე ეს სირთულეები და დაახლოებით ერთ თვეში პორტუგალიაში პირველ შეჯიბრზე წავედი. სტარტზე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ გოგოებთან ერთად ვიდექი და წყალში რომ გადავხტი, მაშინ დავიწყე ბრძოლა, როგორც მოცურავემ. მივხვდი, რომ აუცილებლად მათ დონემდე უნდა მივსულიყავი და აღარ მქონდა უფლება ცურვისთვის თავი დამენებებინა. გაჩნდა ის გამოწვევა ჩემში, რასაც მოცურავეები გრძნობენ. შეჯიბრის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ჩემს დაბადების დღემდე ზუსტად 15 წუთით ადრე მირეკავს გიორგი და მეუბნება „გილოცავ!“ ვიფიქრე, ჯერ არ დამდგარა ჩემი დაბადების დღე და რას მილოცავ-მეთქი და რიოს პარა-ოლიმპიადის ლიცენზია ჩამოგივიდაო! ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიმიღია. მაგ დროს ვიგრძენი, რომ ვარ სრულყოფილი ადამიანი და ყველაფერი შემიძლია! ვერ ვიტყვი, რომ შეზღუდული შესძლებლობები არ არსებობს, რა თქმა უნდა, არსებობს ეს ყველაფერი. არის რაღაც ბარიერები, ძნელიც, ურთულესიც, მაგრამ არ უნდა მივცეთ ამ ბარიერებს იმის საშუალება, რომ ჩვენზე იმოქმედოს. უნდა გადავლახოთ ეს ბარიერები, გადავახტეთ, მითუმეტეს შეგვიძლია, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის გაკეთება არ შეუძლია.“

(ავტორი: ნინო გამისონია)

მსგავსი ისტორიები