ნადია ბებო, 94 წლის, ზნაური/წეროვანი

„ომის მერე აქ ვცხოვრობ, ფეხი ვერსად გავადგი. იქიდან ამაბარგეს და გამომაგდეს. არაფერი წამომიღია ქვეყანაზე, ასე ცარიელ-ტარიელი წამოვედი. ძვირფასად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. 30 წელი ფერმაში ვმუშაობდი, მაგრამ არაფერი შემრჩა. ამასთან, ჯერ რაიონის დეპუტატი ვიყავი, მერე ოლქში გადამიყვანეს. მე აქ არ მინდა სულის მიბარება. ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაბრუნება და ფორთხვით წავალ. ჩვენი სახლი გადაწყვეს და ოსებმა მიშველეს იქ. ჩემთვის მათ არაფერი დაუშავებიათ. ღმერთმა ჩემისთანა მდგომარეობაში ნურავინ ჩააგდოს.

ჩემმა მეუღლემ აქ დალია სული. აქ მივაბარეთ მიწას. 18 წლის გავთხოვდი და ხუთი შვილი მყავს. მიყვარდა ჩემი ქმარი და იმიტომ გავყევი. ჩემი და იყო ზნაურში გათხოვილი და მასთან სტუმრად ვიყავი ჩასული და მანდ გავიცანი. 3 წელიწადი ვეპრანჭებოდით ერთმანეთს და ვიცნობდით. კოხტად ჩაცმული გოგო ვიყავი და თავადაც კოხტა ბიჭი იყო. ასეთი დაჯღანული კი არ ვიყავი, დედა, კაი გოგო ვიყავი. სიყვარულით გავთხოვდი, მაგრამ ნეტავ ბედი სხვანაირად დატრიალებულიყო, აქ არ მოვხვდებოდი. რომ გაყვევი ცოლად, 4 წელიწადი და 10 თვე ჯარში იყო, ლენინაკანში. მენატრებოდა ჩემი ქმარი, მაგრამ აქ აბა ვინ მომიყვანდა ჯარიდან. მე თვითონ ჩავაკითხე სამჯერ. ჩემს ახალგაზრდობაში არაფერი დამკლებია, ახლა დამაკლდა სიბერეში. ნეტავი საერთოდ არ გავთხოვილიყავი, ამდენი ჯავრი არ მექნებოდა. 74 წელი ვიცხოვრეთ ერთად მე და ჩემმა მეუღლემ.

იქ ვიწვალეთ, ცხოვრება ავაწყვეთ და არაფერი შეგვრჩა. აქ ამ „ფანერკაში“ ვცხოვრობთ. დიდი სახლი მქონდა და ბევრი მიწა, ვენახები გინდა, ხილის ბაღი გინდა… ჩემი ამ გამხმარი მარჯვენით ვმუშაობდი. კარში არ გავდიოდი არაფრისთვის. იმდენი სიხარული მოგცეთ გამჩენმა, რამდენი მე იქ მიშრომია. ახალ აღარაფერი ვარ.“

მსგავსი ისტორიები